თავში

როგორ ეჩვევა ეკონომიკა covid-19-თან თანაცხოვრებას

როგორ ეჩვევა ეკონომიკა covid-19-თან თანაცხოვრებას
როგორ ეჩვევა ეკონომიკა covid-19-თან თანაცხოვრებას

საქართველოს მოსახლეობა, ეკონომიკური სექტორი, ფაქტობრივად, პირველ ნაბიჯებს დგამს, რომ ეპიდემიასთან თანაცხოვრება ისწავლოს და ახალ რეალობას მოერგოს. როგორც მთავრობაში, ასევე ჯანდაცვის სფეროშიც ირწმუნებიან, რომ ეკონომიკა არ ჩაიკეტება, მთავარია, ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონავირუსთან.   

აკადემიკოსი ავთო სილაგაძე ფქირობს, რომ ვირუსთან თანაცხოვრება რეგულაციების გათვალისწინებით მოხდება და საზოგადოება უნდა მიეჩვიოს ამ რეალობას, რომელიც მთელი კაცობრიობის გამოწვევაა.

,,გვიწევს ამ პროცესთან შეჩვევა და სხვა გამოსავალი არც გვაქვს. რეგულაციების მიხედვით უნდა მოხდეს ვირუსთან თანაცხოვრება, რადგან ჯერ არ ჩანს პრეპარატი, რომელიც covid-19-ის დამარცხებაში დაგვეხმარება. გართულების შემთხვევაში, დასაქმების მაჩვენებელია უარესდება, შესაბამისად, ეკონომიკური აქტივობაც შემცირდება. თუმცა ეკონომიკა მკაცრს რეგულაციებს ვერ მოითმენს, როგორიც საწყის ეტაპზე გვქონდა. რთული პერიოდი გველის. მთავარია კრიტიკული სიტუაცია არ დადგეს, როცა უკვე დაინფიცირებულთა მკურნალობის პროცესების მართვა არ შეგვეძლება. რეგულაციები ისე უნდა წარიმართოს, რომ ეკონომიკამაც სული მოითქვას. წითელ ზონაში გადავედით, მაგრამ ჯერჯერობით მართვადია სიტუაცია, რაც ხელიდან არ უნდა გავუშვათ. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებრივი საქმიანობა გაგრძელდეს covid-19-თან ერთად და რეალობას მოვერგოთ, რომელიც საკმაოდ რთულია, სხვანაირად ეკონომიკას გაუჭირდება", - ამბობს აკადემიკოსი.

სამშენებლო სექტორი ერთ-ერთი პირველია, რომლის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეპიდემიასთან ერთად ცხოვრებას სწავლობენ. ერთ-ერთი წამყვანი სამშენებლო კომპანიის გენერალური დირექტორის მალხაზ კუნელაურის თქმით, ეკონომიკას ჩაკეტვა ვერ უშველის, პირიქით, მდგომარეობას დაამძიმებს. 

,,მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური პროცესები მხარდაჭერილი იყოს ჯანდაცვის სექტორის მხრიდან, რომელმაც კარგად უნდა იმუშაოს. გარანტი სჭირდებათ მოქალაქეებს, რომ თუ მათ დაემართებათ covid-19, შესაბამისად იზრუნებს ჯანდაცვა და საფრთხე არ დაემუქრებათ. ეპიდემიას დღეს ვერ ჩავაქრობთ, ვერც სახლში ჯდომით ვუშველით, მაგრამ ეპიდემიასთან ერთად ცხოვრება უნდა ვისწავლოთ. ამაზე უნდა ვიზრუნოთ, რომ სტაბილური ჯანდაცვა შევქმნათ და დავარწმუნოთ მომხმარებელი, რომ ბიზნესი, საბანკო სექტორი და ყველა, ვინც ეკონომიკას ქმნის,  დაცული იქნება. ჯერ ეს რისკი არსებობს, მეტიც, უკვე გამოიკვეთა, რომ საწოლი ადგილების პრობლემა შეიძლება შეიქმნას. საბოლოოდ ეს იწვევს შიშის, პანიკის განცდას და ადამიანები ყოველგვარი აქტივობისგან თავს იკავებენ, რაც ჯაჭვური რეაქციით ვრცელდება დეველოპერულ ბაზარზეც და იწვევს მოთხოვნის კლებას", - აცხადებს report.ge-თან მალხაზ კუნელაური.

როგორც ცნობილია, ეპიდემიამ სამშენებლო ბიზნესს დიდი პრობლემა შეუქმნა და ისე შეარყია, რომ უკვე მთავრობის ინექციაც ვერ შველის. მალხაზ კუნელაური სულ რამდენიმე დღის წინ აცხადებდა, რომ მოთხოვნა განახევრდა, ხოლო ფასი 35-40%-ის ფარგლებში შემცირდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system