თავში

როგორ ფასდება ივანიშვილის გადაწყვეტილება ექსპერტულ წრეში

როგორ ფასდება ივანიშვილის გადაწყვეტილება ექსპერტულ წრეში
როგორ ფასდება ივანიშვილის გადაწყვეტილება ექსპერტულ წრეში

პოლიტიკოსების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტიებას, ,,ქართუ ფონდისთვის" აქტივების გადაცემასთან დაკავშირებით, ექსპერტულ წრეშიც აფასებენ. ფინანსური ბაზრის მკვლევარი, პროფესორი ვახტანგ ხომიზურაშვილი ვარაუდობს, რომ ამით ოლიგარქმა გადაწყვიტა, საქართველოს იურისდიქციის სივრცეში ნაკლებად ჰქონდეს აქტივებთან პირდაპირი შეხება. თუმცა ის ამავე დროს ამ თემის აქტუალურობის საფუძველს ნაკლებად ხედავს და ამბობს, რომ არასწორი მიდგომაა და ნაკლებად უნდა ინტერესდებოდეს საზოგადოება, ვის ხელში გადავა აქტივები, როცა ქვეყანაში ბევრი, უფრო მტკივნეული და კრიზისული მდგომარეობაა, რის მოგვარებაზეც მთელი ეკონომიკური და პოლიტიკური სპექტრი უნდა იყოს ორიენტირებული.

,,ბიძინა ივანიშვილის აქტივების ,,ქართუ ფონდში" გადასვლა რეალურად ნიშნავს ამ აქციების კონცენტრაციას გარკვეულ სივრცეში, სადაც შეიძლება ეს აქტივები ,,ქართუ ფონდის" მმართველის მიერ იქნას მერე განკარგული. შეიძლება, ბიზნესმენის  გადაწყვეტილება განპირობებულია სხვადასხვა მიზნით, თუმცა ჩემი აზრით, ივანიშვილი ფიქრობს, საქართველოს იურისდიქციის სივრცეში ნაკლებად ჰქონდეს აქტივებთან პირდაპირი შეხება. საქმე იმაშია, რომ ,,ქართუ ფონდიც" მასთან კავშირშია, რეალურად არაფერი იცვლება, მოხდა ფულადი რესურსის  გადაადგილება, აქციებია და არ იკარგება, შეიძლება, ხვალვე იქნას გაყიდული რომელიმე აქტივი, არც ეს არის გამორიცხული. ასევე შეიძლება, მართვის პრინციპიდან გამომდინარე, მართული იყოს გარკვეული მენეჯმენტის მიერ, ჩვეულებრივი ამბავია, ამ აქციების გადაადგილებას განსაკუთრებული მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, ვის მფლობელობაში იქნება იგი, საზოგადოებას ნაკლებად უნდა აინტერესებდეს, ვფიქრობ, ამდენი ყურადღება არც უნდა მიექციათ ამ საკითხისთვის, თუმცა რატომღაც სენსიტიურ თემად იქცა, ამ დროს ბევრად საჭირბოროტო საკითხებია, რაზეც მთელი საზოგადოება უნდა იყოს კონცენტრირებული - პოლიტიკური მდგომარეობა, პანდემიასთან დაკავშირებული ბიზნესის შეზღუდვები, ბიზნესის გასაჭირი, რომელიც ეკონომიკურ აქტივობას მინიმუმამდე ამცირებს და ეს სიტუაცია შეიძლება ვერც გამოსწორდეს დიდი ხნის განმავლობაში", - აცხადებს ვახტანგ ხომიზურაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას, რომელიც საქველმოქმდეო ფონდ "ქართუსთვის" საკუთარი ბიზნესაქტივების, ჯამში 28 ობიექტის, გადაცემას გულისხმობს, საზოგადოებაში არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. ,,არავის არავისთვის არაფერი უჩუქნია, ფონდიც და არაფონდიც ერთი შარვლის ორი ჯიბეა და რომელში რამდენს ჩადებ, ეს შარვლის მფლობელზეა დამოკიდებული," - ასე ხსნის "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე ივანიშვილის გადაწყვეტილებას. 

ცხადია, ასე არ ფიქრობენ მთავრობის წარმომადგენლები. „მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ არ არსებობდა საბიუჯეტო სახსრები, ბიძინა ივანიშვილისგან უპრეცედენტოდ დიდი დახმარება მიიღო სახელმწიფომ, ეს იყო, დაახლოებით, 300 მლნ ლარი პირადი ინვესტიცია” - ასე აფასებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობი მინისტრი ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას, აქტივობასა და ღვაწლს საქართველოს პოლიტიკასა და ეკონომიკაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system