თავში

როგორ ფასდება შრომა საქართველოში

როგორ ფასდება შრომა საქართველოში
როგორ ფასდება შრომა საქართველოში

დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი პარალამენტს მოუწოდებს პანდემიის დასრულებისთანავე მხარი დაუჭიროს მინიმალური ხელფასის კანონით განსაზღვრას და ღამისა და ზეგანაკვეთური შრომის საათობრივი ანაზღაურების 1,5 ოდენობით გაზრდას.

დეპუტატმა მშრომელებს შრომის საერთაშორისო დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველოში, გარანტირებული 8 სათიანი სამუშაო დღე ამ დრომდე ოცნებად რჩება. 

"არაფერს ვამბობ მინიმალურ ხელფასზე, უმუშევრობის შემწეობასა და ზეგანაკვეთურ ანაზღაურებაზე. ისტორია გვასწავლის, რომ ღირსეული შრომის პირობები, ღირსეული ანაზღაურება, ღირსეული პენსია, ყველასთვის ხელმისაწვდომი განათლება და ჯანდაცვა არა მმართველი ელიტის კეთილშობილური გადაწყვეტილებების, არამედ მშრომელთა გაერთიანებისა და კლასობრივი ბრძოლის შედეგია. სწორედ მშრომელების და სოციალური სამართლიანობის იდეის ერთგული ადამიანების ბრძოლა არის საყოველთაო კეთილდღეობის როგორც შემოქმედი, ისე მისი შენარჩუნების ერთადერთი გარანტი," - ამბობს დეპუტატი და დასძენს, რომ ვითარებას კიდევ უფრო ამწვავებს ქვეყნის ტოტალური დეინდუტრიალიზაცია და სამუშაო ადგილების შემცირება დამამუშავებელი ინდუსტრიის სექტორში. 

"მათ მაგივრად მხოლოდ მცირე რაოდენობის სამუშაო ადგილები შეიქმნა მომსახურების სექტორში, რომელიც ისედაც არასტაბილურობის მაღალი ხარისხით ხასიათდება. ამან კიდევ უფრო დაქსაქსა მშრომელები და მათი ერთობისთვის დამატებითი წინაღობა გააჩინა. ახალი გაბატონებული ნეოლიბერალური საზოგადოებრივი წესრიგის პირობებში სახელმწიფო და კანონი ეკონომიკური ელიტის მომსახურედ იქცა. საბაზრო ეკონომიკისა და კონკურენციის ბრმა რწმენა ერთგვარ რელიგიურ დოგმად ჩამოყალიბდა. პარალელურად, დაიწყო სოლიდარობის ინსტიტუტების მიზნმიმართული ნგრევა. ახალი წესრიგის შედეგად განათლება, ჯანმრთელობა და ადამიანის შრომაც კი, საბაზრო საქონლად იქცა, რომელიც თავისუფალი ბაზრისა და თავისუფალი არჩევანის პირობებში უნდა გეყიდა, როგორც კბილის ჯაგრისი ან ავეჯი. შესაბამისად, დამკვიდრდა ცნებები: ადამიანის შრომასთან მიმართებით -დამქირავებელი და დაქირავებული, ადამიანის ჯანმრთელობათან კი, სიტყვა პაციენტი სერვისის მომხმარებელმა ჩაანაცვლა. თითქოს, ადამიანის შრომა ისევე უნდა ფასდებოდეს, როგორც რაიმე ნივთი, საქონელი, რომელზეც თუ მოთხოვნა დიდია ძვირი ღირს, და თუ მცირე, მაშინ იაფი“,-აცხადებს ნაცვლიშვილი და დასძენს, რომ პანდემიამ მომსახურების სექტორში დასაქმებული ადამიანების შრომის დაფასება გვასწავლა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system