თავში

როგორ გადააწყო პანდემიურმა კრიზისმა ნავთობპროდუქტების ბიზნესსექტორი

როგორ გადააწყო პანდემიურმა კრიზისმა ნავთობპროდუქტების ბიზნესსექტორი
როგორ გადააწყო პანდემიურმა კრიზისმა ნავთობპროდუქტების ბიზნესსექტორი

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2020 წელი ნავთობპროდუქტების ბიზნეს-სექტორისათვის, ისევე როგორც ყველა ბიზნეს-ინდუსტრიისათვის მნიშვნელოვანი გამოწვევებით ხასიათდებოდა. მათივე განმარტებით, უმთავრესი გამოწვევა რა თქმა უნდა, არის პანდემია COVID-19. ბიზნესგაერთიანების შეფასებით, სექტორს პრობლემა შეუქმნა ლარის გაუფასურებემაც. 


„წლის განმავლობაში, საქართველოს მთავრობის მიერ, ქვვეყანაში დაწესებულმა სხვადასხვა სახის შეზღუდვებმა ბუნებრივად გამოიწვია სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის შეზღუდვა, რამაც მოახდინა საწვავის მოხმარების შემცირება და შესაბამისად, საწვავის გაყიდვების მაჩვენებლის კლება.

მეორე მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო საქართველოს ეროვნული ვალუტის - ლარის კურსის გაუფასურება უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში.

მთელი წლის განმავლობაში ნავთობის ფასი ხასიათდებოდა მნიშვნელოვანი ცვლილებებით. კერძოდ, წლის დასაწყისში არსებული ნავთობზე მაღალი ფასები (68,27 დოლარი/ბარელზე) შემდგომ პანდემიიდან გამომდინარე მნიშვნელოვნად მცირდება და ფიქსირდება ისტორიულად ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ფასი. მსოფლიოში კარანტინისა და შეზღუდვების ნაწილობრივი მოხსნის და ოპეკი + მიერ მიღწეული ნავთობის მოპოვების შემცირების შესახებ შეთანხმების შემდგომ ზაფხულის დასაწყისიდან ნავთობის ფასი კვლავ მატებას იწყებს. აღსანიშნავია ასევე ბოლო პერიოდში დამაიმედებელი ინფორმაციები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებით, რამაც გამოიწვია ნავთობის ფასის ზრდის კიდევ ერთი ახალი ტალღა. კერძოდ, დღეისათვის ნავთობის ფასი ლონდონის Inter Continental Exchange Futures Europe სანავთობო ბირჟაზე შეადგენს 50.86 დოლარს/ბარელზე, ყოველივე ამის ფონზე ჩვენთანაც ხდებოდა საწვავის ფასის ცვლილება, რომელიც სამწუხაროდ ბოლო პერიოდში ფასების მატებით ხასიათდება.

პანდემია COVID-19-სა და მისგან გამომდინარე შეზღუდვების მიუხედავად, რომელმაც გამოიწვია ქვეყანაში საწვავის მოხმარების შემცირება, მიმდინარე წლის 11 თვის განმავლობაში საწვავის იმპორტი მაინც გაზრდილია, რაც ძირითადად განპირობებულია დიზელის საწვავის იმპორტის მატებით. კერძოდ, 2020 წლის იანვარ-ნოემბრის თვეების განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 1004,8 ათასი ტონა, რაც 12,3 ათასი ტონით ანუ 1,2%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (992,5 ათასი ტონა) შედარებით,"
 - აცხადებენ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში.

რაც შეეხება დიზელის საწვავის იმპორტის ზრდას, ნავთობიმპორტიორები ამას უკავშირებენ შემდეგს: სახელმწიფოს მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების პროგრამა; საქართველოში ტრანზიტად გამავალი სატვირთო-სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობის მატება (მ/წლის პირველი 11 თვის განმავლობაში გაზრდილია 16,2%-ით გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით); ასევე მიმდინარე ეტაპზე ქვეყანაში მნიშვნელოვნადაა შეზღუდული შესაბამისი სტრუქტურების მიერ აღურიცხავი და კონტრაბანდული დიზელის საწვავის რეალიზება; დაბალი საერთაშორისო ფასის პირობებში რიგი კომპანიების მიერ მარაგების შექმნა.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განმარტებით, პანდემიიდან გამომდინარე, ყველაზე მეტად ნავთობპროდუქტების ბიზნეს-სექტორში დაზარალდა საავიაციო ნავთის სეგმენტი, კერძოდ, მოხდა მისი იმპორტის მნიშვნელოვანი შემცირება, რაც დაკავშირებულია საჰაერო მიმოსვლის მნიშვნელოვან კლებასთან. კავშირში ამბობენ, რომ მიმდინარე წლის 11 თვის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 51,2 ათასი ტონა, რაც 41,0 ათასი ტონით ანუ 44,5%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (92,2 ათასი ტონა) შედარებით.

გარდა ამისა, COVID-19 პანდემიამ ნეგატიური გავლენა მოახდინა ასევე სხვა სახის ნავთობპროდუქტების მოხმარებაზე და შესაბამისად, მათ იმპორტზე. კერძოდ:

მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბრის თვეების განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 119,6 ათასი ტონა, რაც 44 ათასი ტონით ანუ 26,9%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (163,6 ათასი ტონა) შედარებით;

2020 წლის 11 თვის განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 17,12 ათასი ტონა, რაც 1,22 ათასი ტონით ანუ 6,7%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (18,34 ათასი ტონა) შედარებით.

მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბრის თვეების განმავლობაში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა 36,7 ათასი ტონა, რაც 1,1 ათასი ტონით ანუ 3,1%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (35,6 ათასი ტონა).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system