თავში

როგორ გახდა ჩინეთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი საქართველოსთვის

როგორ გახდა ჩინეთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი საქართველოსთვის
როგორ გახდა ჩინეთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი საქართველოსთვის

საქართველოს საგარეო ვაჭრობაში ჩინეთის როლი ძლიერდება. ოფიციალური სტატისტიკით,  ჩინეთში ექსპორტმა წლის პირველ ნახევარში 197.9 მლნ დოლარი, ხოლო იმპორტმა 203,5 მლნ დოლარი შეადგინა. იმ ფონზე, როცა covid-19-თან დაკავშირებული ვითარების გამო ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობები რისკიანი ხდება, საქართველოსთვის იგი ნომერ პირველ სავაჭრო პარტნიორად იქცა. ამის მიზეზი, როგორც აკადემიკოსი ავთო სილაგაძე განმარტავს, ქვეყანასთან სავაჭრო ხელშეკრულების ლოიალური პირობები, იაფი პროდუქტი და საქართველოსთვის დამახასიათებელი დაბალი მსყიდვითი უნარია.

,,ჩინეთი ცდილობს საქართველოში დაიმკვიდროს ნიშა და ამას ახერხებს კიდევაც დაბალხარისხიანი, იაფი პროდუქტის საშუალებით, რომელიც ქართულ ბაზარზე  დაბალი მსყიდვითუნარიანობის გამო მოთხოვნადი გახდა. რაც შეეხება ექსპორტს, არ არის დიდი მოცულობა იმასთან შედარებით, რასაც ჩინეთისგან ვიღებთ. ფაქტია, რომ საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობთ ჩინეთი გაცილებით მეტ სარგებელს იღებს ისევე, როგორც უამრავი სხვა ქვეყანა საქართველოსთან ვაჭრობაში.  ჩვენ არ ვართ კონკურენტუნარიანი საგარეო ვაჭრობაში, ჩვენი საექსპორტო შესაძლებლობები ძალიან მწირია. რადიკალურად თუ არ შეიცვალა საქართველოს ეკონომიკა, უფრო და უფრო გავხდებით იმპორტზე დამოკიდებული. ცხადია, ვაჭრობა ცუდი არ არის, მაგრამ მთავარია, ჩვენი რესურსი გამოვიყენოთ, თორემ ცუდ მდგომარეობაში ჩავვარდებით", - ამბობს სილაგაძე. 

საგარეო ვაჭრობაში ჩინეთის როლის ზრდაზე საუბრობს სტატისტიკოსი სოსო არჩვაძეც. როგორც ის report.ge-თან აღნიშნავს, პანდემიამ ეკონომიკაში ქცევის წესები შეცვალა და ეს ცვლილება საქართველოსაც შეეხო. 

,,ექსპორტის ზრდა ჩვენი ნედლეულის ხარჯზე მოხდა. იმპორტში კი წინა პლანზე საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონელია, რა ტენდენციაც ეპიდემიამდე იყო.  კავშირები, რაც სხვა ქვეყნებმა ჩინეთთან შეწყვიტეს, საქართველოს არ შეხებია ,,უსაფრთხო" სტატუსიდან გამომდინარე. ყველაფერი დამოკიდებულია, როგორ განვითარდება მოვლენები, რადგან მთელი ეკონომიკა არა მარტო ჩინეთში, საქართველოსა და მთელ მსოფლიოში პანდემიის მძევალი აღმოჩნდა. ის კარნახობს ქცევის წესებს ეკონომიკასა და ასევეა ადამიანურ ურთიერთობებშიც. რაც შეეხება ჩინეთს, მაისის მეორე ნახევრიდან მან ეკონომიკის შედარებითი სტაბილიზაცია მოახერხა და მთლიანობაში, წინა კვარტალთან შედარებით, ზრდაც კი აჩვენა. ეს ვარდნა პირველ ნახევარში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 1,6%-ია. შეიძლება ითქვას, რომ კრიზისიდან გამოსვლას ჩინეთი მინიმალური დანაკარგით ახერხებს", - აცხადებს სტატისტიკოსი.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებას ხელი 2017 წლის 13 მაისს მოეწერა. ხოლომ 2018 წლის 1 იანვრიდან ოფიციალურად ამოქმედდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system