თავში

როგორ გახდება უსაფრთხო უძრავი ქონების შეძენა

როგორ გახდება უსაფრთხო უძრავი ქონების შეძენა
როგორ გახდება უსაფრთხო უძრავი ქონების შეძენა

სამშენებლო სფეროს მომხმარებლები, ძირითადად, კომპანიების ცუდი ადმინისტრირების გამო ზარალდებიან. ამ რისკის პრევენციის ერთ-ერთი საშუალება, როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, სავალდებულო დაზღვევის შემოღებაა. სანამ ეს ნაბიჯი არ გადაიდგმევა, ყოველთვის დარჩება მობინადრეების მოტყუების ალბათობა. სხვა შემთხვევაში, სახელმწიფომ რა რეგულაციებიც არ უნდა მიიღოს,  საფრთხე ყოველთვის იარსებებს.

სამშენებლო სამართლის ექსპერტი უჩა ზაქაშვილი ამბობს, რომ ერთ-ერთი გამოსავალი სავალდებულო დაზღვევის შემოღებაა, რომელიც უძრავი ქონების ფასს გააძვირებს, მაგრამ ბაზარს ყველა მოსალოდნელი რისკისგან დაიცავს.

,,ცენტრ-პოინტის", ,,სვეტის" და სხვა კომპანიების შემთხვევაში, პრობლემა ცუდმა ადმინისტრირებამ გამოიწვია. ,,სვეტის" შემთხვევაში, როგორც ვიცით, 2017 წელს მერიამ 17 უნებართვო შენობა აღმოაჩინა, როცა ეს პროცესი წლობით გრძელდებოდა. ამდენად, სწორი ადმინისტრირება მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომ რისკი აღმოიფხვრას. ამით მომხმარებლებიც იქნებიან დაცული. თუმცა ყველაზე სწორი გზა მშენებლობის სავალდებულო დაზღვევაა. ამით მომსახურება გაძვირდება, მაგრამ საბოლოოდ პრობლემა მოგვარდება. ცხადია ხარისხიც გაუმჯობესდება, რადგან ვერც ერთი სადაზღვევო კომპანია ვერ დააზღვევს ობიექტს, სადაც რისკს დაინახავს", - ამბობს ზაქაშვილი.

თუმცა, როგორც იურისტი აღნიშნავს, არსებობს მომხმარებლის ვალდებულებაც, რომელიც კანონით გაწერილი არ არის, მაგრამ ბინის შეძენისას გარკვეული პირობების დაცვას მოითხოვს.

,,სახელმწიფოს ვალდებულებაა, რეგულაციებით დაიცვას ბაზარი და მოქალაქეების უსაფრთხოება უზრუნველყოს. თავის მხრივ, მომხმარებელმაც მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს. ჩვენი პრობლემაა ის, რომ ბაზარზე ყიდვა-გაყიდვის კულტურა არ გვაქვს. ხალხი ბრმად ყიდულობს ბინებს, როცა შესაძლებელია იურისტთან გაიაროს კონსულტაცია ან სულ თუნდაც ხელშეკრულების პირობებს გაეცნოს  და გადამოწმების საფუძველზე გააკეთოს არჩევანი", - აღნიშნავს ზაქაშვილი

ცალკე პრობელმა, როგორც საგადასახადო სფეროს სპეციალისტი, იურისტი აკაკი ჩარგეიშვილი აღნიშნავს, რეგულაციების  ხარვეზია, რაც კანონმდებლობის სისუსტედ შეიძლება ჩაითვალოს.

,,მიწის მესაკუთრის, დეველოპერის და მომხმარებლის უფლებები თანაბრად უნდა იყოს დაცული. მომხმარებლებს პრობლემა ძირითადად იმის გამო შეექმნათ, რომ ბინები დაუსრულებელ ობიექტებში იყიდეს ან სულაც ,,ჰაერი", როცა პროექტები დაწყებულიც არ იყო. თაღლითური სქემები გაჩნდა და ამით ყველამ მოითბო ხელი, საბოლოოდ კლიენტი დარჩა დაზარალებული. უსაფრთხოების ნორმით იწყება ყველაფერი. თუკი ამ თვალსაზრისით უცხოური ქვეყნების გამოცდილებას გავითვალისწინებთ, განსაკუთრებით საინტერესოა ევროპული ქვეყნების მოდელი, ყველა სახელმწიფოს თავისი მიდგომა აქვს. ჩვენთვის  უფრო მაინც სკანდინავიური ქვეყნების გამოცდილებაა გასათვალისწინებელი, სადაც უსაფრთხოების ნორმებს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. გერმანია და საფრანგეთი უფრო რეგულირებაზე აკეთებენ აქცენტს, ამარიკაში - დაზღვევაზე. თუკი ამ ყველაფრის სინთეზს მოვახდენთ, საბოლოოდ გახდება შესაძლებელი მაღალი სტანდარტის დანერგვა, რაც რისკს მინიმუმამდე დაიყვანს", - განუცხადა report.ge-ს აკაკი ჩარგეიშვილმა.  

ბიუროკრატიულ წნეხზე საუბრობს დეველოპერი კიაზო აბესაძე. მისი თქმით, ზედმეტი შეზღუდვა მავნებელია.

,,რეგულაციებმა ცნება ,,თავისუფალი ბაზარი" ხელის ერთი მოსმით მოსპო. ვეთანხმები, რომ სფერო უნდა რეგულირდებოდეს, მაგრამ ზედმეტი შეზღუდვაც მავნებელია. იმისთვის, რომ პროექტი არ ჩავარდეს, საჭიროა კაპიტალი და კეთილსინდისიერი მშენებელი, რომელიც აღებულ ვალდებულებას შეასრულებს. ოლიგოპოლიამაც ავნო ბაზარს, მთელი სფერო ლამის ბანკების ხელში გადავიდა, დეველოპერებში კონკურენტებს ხედავენ და სესხებს არ გასცემენ, ამან ბევრი პროექტი შეაფერხა. რაც შეეხება მომხმარებლის უსაფრთხოებას, განსაკუთრებით დაუსრულებელ მშენებლობებთან დაკავშირებით უნდა იყოს ფრთხილი. სანამ ობიექტი არ აშენდება, ყიდვისგან თავი უნდა შეიკავონ, ეს დაცულობის მთავარი პირობაა", - ამბობს მშენებელი.

მიუხედავად იმისა, რომ მერია პრიორიტეტად მომხმარებლების დაცვას მიიჩნევს და გარკვეული ნაბიჯები ამ მიმართულებით გადაიდგა, ათასობით მობინადრის პრობლემის მოგვარება რეალურად ვერ ხერხდება.

,,ცენტრ-პოინტის" დაზარალებული მაია წულუკიძე არ მალავს, რომ პრობლემა თავის დროზე დაუდევრად მიღებული გადაწყვეტილების გამო შეექმნა და ნახევარი მილიონი ლარით იზარალა.

,,ახალი ბინა 2007 წელს უნდა მიგვეღო, მაგრამ პროექტი გაჩერდა, ხოლო რამდენიმე წლის შემდეგ ,,ცენტრ-პოინტი" გაკოტრებულად გამოცხადდა. უამრავი სასამართლო ჩატარდა, მაგრამ ჩვენთვის ამან ვერაფერი შედეგი ვერ გამოიღო. დამნაშავეების ციხეში ჩასმა ჩვენს პრობლემას ვერ მოაგვარებს, მთავრობამ რამე უნდა იღონოს. თავის დროზე დიდი შეცდომა დავუშვი, რომ ბინის ყიდვა დაუმთავრებელ ობიექტში გადავწყვიტე. ყველაფრის  დაწყება თავიდან რომ შესაძლებელი იყოს, ამ შეცდომას არ გავიმეორებდი. 60 000 დოლარი შევიტანე, ბანკსი პროცენტებიანად ხარჯმა 80 000 დოლარს გადააჭარბა, ჯამში, ნახევარი მილიონი ლარით ვიზარალე და 4 შვილის ამარა ქუჩაში დავრჩი. სამწუხაროდ, გამოსავალიც არ ჩანს", - აღნიშნა დაზარალებულმა ჩვენთან საუბრისას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system