თავში

როგორ განვავითაროთ აგროტურიზმი საქართველოში

როგორ განვავითაროთ აგროტურიზმი საქართველოში
როგორ განვავითაროთ აგროტურიზმი საქართველოში

აგროტურიზმი ერთ-ერი პირველია ტურიზმის მიმართულებათა შორის, რომლის განვითარების პერსპექტივა პოსტეპიდემიურ პერიოდში ყველაზე საიმედოდ მიიჩნევა. აგროტურიზმში ჩართული მეწარმეები ფიქრობენ, რომ პირველ რიგში, ინფრასტრუქტურა უნდა განვითარდეს, ასევე ტრადიციული დარგების წამოწევას შეეწყოს ხელი, რაც უცხოელი ტურისტებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა. ამის შესახებ report.ge-თან აჭარაში, სოფელ გობრონეთში, საოჯახო სასტუმრო ,,ზებოს" დამფუძნებელი ზებურ ბოლქვაძე საუბრობს.

მისი თქმით, ყველა რეგიონში უნდა განვითარდეს ის კონკრეტული დარგი, რაც თითოეულისთვის ტრადიციულად დამახასიათებელია და გააცნონ მსოფლიოს, რაც ინტერესს ყოველთვის გამოიწვევს.

,,თავიდან, როცა აგროტურიზმზე საუბარიც არ იყო დაწყებული, ამერიკის საელჩოს თანადაფინანსებით დავიწყე საქმიანობა, მადლობა მათ ამ ნდობისთვის! მათი დამსახურებით მოვხვდი მონტენეგროში და აგროტურიზმის განვითარების გეგმა ჩამოვიტანე, რამაც ჩემი საქმიანობის შედეგი განსაზღვრა. როცა სასტუმროს გახსნა ვცადე, ჩემი ოჯახის წევრებიდან დაწყებული, ყველა ეჭვით მიყურებდა, ბათუმი ვერ იზიდავს ტურისტებს, გობრონეთში ვინ ამოვაო, მაგრამ საპირისპირო დავამტკიცე. ეპიდემიამ ძალიან დაგვხია. ახლა სამზადისში ვართ, ყველა რაღაცას ვაკეთებთ, რომ ფეხზე დავდგეთ. ჩვენი შეცდომა იყო ის, რომ აგროტურიზმს გვიან მიექცა ყურადღება. იყო შემთხვევები, როცა ბათუმში დასასვენებლად ჩამოსული უცხოელი თურქეთში გადაჰყავდათ. ბაზრობები უნდა მოეწყოს, რეგიონში ერთი მაინც, სადაც ეროვნული სუვენირები და სხვა საჭირო ნივთები გაიყიდება. ინტერესიც თანდათან გაიზრდება. მაგალითისთვის, ხულოში ძველი ხალიჩების და ფარდაგების ქსოვა დღესაც შესაძლებელია, შენარჩუნებულია დანადგარები, თითო-ოროლა მცოდნეც არის, მაგრამ მიმდევრები არ ჰყავთ, ახალგაზრდები უნდა დაინტერესდნენ, რომ დარგი განვითარდეს", - ამბობს ზებურ ბოლქვაძე.

მისგან განსხვავებით, აგროტურიზმის მიმართ, სკეპტიციზმს ავლენენ ტურიზმის სფეროს ექსპერტები, რომლებიც ფიქრობენ, რომ საქართველოში აგროტურიზმი ჯერჯერობით ვერ განვითარდება. ამის მიზეზად ექსპერტი მარინა მეტრეველი აგრარულ სექტორში არსებულ მდგომარეობას მიიჩნევს და აცხადებენ, რომ აგროტურიზმს წინ უნდა უძღოდეს სოფლის მეურნეობის განვითარება, რა მიმართულებითაც სახელმწიფო აქტიურ ღონისძიებებს, შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ ახლა იწყებს.

ინფრასტრუქტურა, მიკროფერმა და ტურისტის მომსახურების ელემენტარული ცოდნა - სულ სამი ძირითადი ფაქტორია, რაც ტურიზმის ექსპერტის, მარინა მეტრეველის შეფასებით, დარგის წარმატებას უზრუნველყოფს.

,,აგროტურიზმს ფერმერული მეურნეობის განვითარება უძღოდეს წინ. სანამ აგროტურიზმის პრიორიტეტულობას განსაზღვრავენ, უნდა დაიწყოს ძალიან სწრაფი ტემპით სოფლის მეურნეობის განვითარება. პირველი რიგის პრიორიტეტი დღეს აგრარული სექტორია, სადაც კეთილდღეობა არა მხოლოდ პირადი კარ-მიდამოების, არამედ ფერმერული მეურნეობების დონეზე მიიღწევა. ასე განვითარდა აგროტურიზმი სხვა ქვეყნებში. მაგალითისთვის, ესპანეთში მან განვითარების მაღალ დონეს მიაღწია. ტურისტს რომ მოიწვევ, მან აუცილებლად ადგილობრივ ფერმაში მოყვანილი პროდუქტით უნდა იკვებოს. ასევე საჭიროა პატარა გესტჰაუზები, რაც საქართველოში სოფლის დონეზე ჯერჯერობით არ არის. ინფრასტრუქტურის გარეშე კი აგროტურიზმს ვერ განავითარებ, ეს აბსურდია. კვიპროსზე 1991 წლიდან სპეციალური აგროტურისტული პროგრამა მოქმედებს. ადგილობრივი ხელისუფლება აქტიურად ეხმარება იმ ოჯახებს, ვინც სოფლად ტურისტების მიღება გადაწყვიტა. შექმნილია აგროტურისტული ობიექტების მფლობელთა ასოციაცია, რომელიც წევრებს რეკლამის გავრცელებაში, თავისუფალი ადგილების ცენტრალიზებულად დაჯავშნაში და სხვადასხვა ტიპის მარკეტინგული მომსახურების გაწევაში ეხმარება", - აცხადებს მეტრეველი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტურიზმის აღდგენის გეგმა მუშავდება. უკვე მომზადდა ტურიზმის მარკეტინგული სტრატეგია, რომლის ძირითადი ხაზი უსაფრთხოდ მოგზაურობის შეთავაზებაა. “იმოგზაურე უსაფრთხოდ” - ესაა ძირითადი სლოგანი, რითაც პანდემიურ რეალობაში საქართველოს მსოფლიო ტურიზტულ ბაზრებზე პოზიციონირება მოუწევს. საქართველო პოსპანდემიური ტურიზმის სტანდარტების დანერგვაზეც მუშაობს.

აგროტურიზმი ეკონომიკის ის სფეროა, რომელსაც სოფლად მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნის პოტენციალი აქვს“, - ამის შესახებ USAID-ი Facebook-გვერდზე წერს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system