თავში

როგორ გეგმავს სახელმწიფო მესაქონლეობის სტიმულირებას

როგორ გეგმავს სახელმწიფო მესაქონლეობის სტიმულირებას
როგორ გეგმავს სახელმწიფო მესაქონლეობის სტიმულირებას

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გელა ხანიშვილი საქართველოში საქონლის სულადობის კლებას ექსპორტზე გაზრდილ მოთხოვნას უკავშირებს. მისივე თქმით, საქართველო ინდივიდუალური შიდა მეურნეობებიდან უნდა გადავიდეს მსხვილ პროდუქტიულ ფერმებზე, რაც  ხარისხობრივ, საფასო და სხვა სტაბილური ელემენტების გაჩენას და ბაზარზე შესაბამისი პროდუქციის მიწოდებას გამოიწვევს.

report.ge-თან საუბრისას ხანიშვილმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო სოფლის მეურნეობის სფეროში თანმიმდევრულად ახორციელებს  პროექტს, რამაც  მეცხოველეობის განვითარება უნდა უზრუნველყოს.

,,მესაქონლეობაში ჩვენ დიდი პრობლემა არ გვაქვს. თუკი საქონლის სულადობა შემცირდა, ამაზე გავლენა დიდწილად რეალიზაციამ მოახდინა,  კერძოდ, წინა წელს 500 ათას სულზე მეტი საქონელია ექსპორტზე გაყვანილი. გარკვეული შეზღუდვა დაწესდა და ეს მომავალი წლისთვის სულადობის ზრდას შეუწყობს ხელს. დადებითი ტენდენციაა, რომ სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანების წილი იზრდება. მნიშვნელოვნად შეეწყობა ხელი მერძევულ მიმართულებასაც. მარტო შარშან რძის გადამმუშავებელი სხვადასხვა სიმძლავრის 10 კოოპერაციული საწარმო შეიქმნა. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში გაერთიანებულ 210-ზე მეტ მეპაიეს, რომელთა საკუთრებაში არსებული საქონლის რაოდენობა 2000 ფურზე მეტს შეადგენს, შესაძლებლობა აქვს, სტანდარტების დაცვით აწარმოონ რძის პროდუქტები, რაც ხელს უწყობს საწარმოო ციკლის ფარგლებში კოოპერატივების მეპაიეების შემოსავლების ზრდას. პროგრამის მიზანი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ნედლი რძის მიმღებ-გადამამუშავებელი კოოპერაციული საწარმოების შექმნის სტიმულირებაა", - აღნიშნა მან.

გელა ხანიშვილის ინფორმაციით, 2012 წელს საქართველოში მაღალპროდუქტიული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი დაახლოებით 1 ათასი სული იყო, ახლა კი ეს რიცხვი 5 ათასამდე გაიზარდა.

რაც შეეხება მიმდინარე წლის სტატისტიკას, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის  მონაცემების თანახმად, მესამე კვარტლის ბოლოს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობამ 902,1 ათასი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 2,1%-ით ნაკლებია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system