თავში

როგორ იმოქმედებს ბიზნესზე შეზღუდვების შემსუბუქება

როგორ იმოქმედებს ბიზნესზე შეზღუდვების შემსუბუქება
როგორ იმოქმედებს ბიზნესზე შეზღუდვების შემსუბუქება

ეპიდემიური მდგომარეობის გამო დაწესებული შეზღუდვების დიდი ნაწილი უკვე მოხსნილია. ,,კომენდანტის საათის" შემსუბუქებით, როგორც ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელი ლევან ვეფხვაძე report.ge-თან ამბობს, ეკონომიკა გადადის აღდგენის ფაზაში. თავის მხრივ ბიზნესს, ვეფხვაძის შეფასებით, მეტი პასუხისმგებლობა აკისრია, რომ საკუთარი საქმიანობა გააქტიუროს და covid-უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რეგულაციები ზედმიწევნით  დაიცვას.

,,ძალიან ბევრი სექტორი, მათ შორის, საცალო გაყიდვები, რესტორნები და ის სფეროები, სადაც ეს ინდუსტრიები უშუალოდ ახდენენ შესყიდვებს, საქმიანობას საგრძნობლად გაიაქტიურებენ. შესაბამისად, ამ სექტორების გამოცხლება თავისთავად აისახება მთელ ეკონომიკაზე. შეზღუდვების შემ სუბუქებას ბიზნესის გამოცოცხლებისთვის ვთვლი დიდ წინგადადგმულ ნაბიჯად. შეიძლება ვთქვათ, რომ გადავდივართ ეკონომიკის აღდგენის ფაზაში. ახლა ამაზე თამამად შეიძლება ლაპარაკი. ამ მონაპოვარს გაფრთხილება სჭირდება, თუკი არ მოვიქცევიუთ ისე, როგორც ეს შეესაბამება გარემო პირობებს, რაშიც ვცხოვრობთ, ქვეყანა მუდმივად იქნება პანდემიის ფაზაში. ერთის მხრივ, ძალიან კარგი შესაძლებლობაა, მაგრამ დიდი პასუხისმგებლობაც იმ ობიექტების მხრიდან, რომლებსაც შესაძლებლობა ეძლევათ, რომ საკუთარი აქტივობა გააფართოვონ", - აცხადებს ლევან ვეფხვაძე.

ბიზნესის გამოცოცხლების რეალურ შესაძლებლობას ხედავს რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი შოთა ბურჯანაძე, რომლის შეფასებითაც, ბიზნესისთვის ის პერიოდია, როცა საქმიანობას აგრძელებს covid-თან ერთად და დაკარგული პოზიციების აღდგენას იწყებს.

,,გაჩერებულია ბიზნესის დიდი ანწილი, სულს ღაფავს სფერო, ამ შემთხვევაში ნამდვილად აუცილებელი იყო შეზღუდვების შემსუბუქება. სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული, რაც მისასალმებელია. დიდი ხანია, რაც მთავრობა ემზადება ამ შეზღუდვის მოხსნისთვის. ამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობდა კომუნიკაცია ბიზნესთან, რა თქმა უნდა შაბათ-კვირას ღია სივრცეებში მუშაობის დაშვება და ,,კომენდანტის საათის" გადაწევა მხოლოდ და მხოლოდ დადებითად იმოქმედებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბიზნესი ვერ გადაიტანდა! ჩვენ უნდა ვისწავლოთ კოვიდის პირობებში ცხოვრება და არა დამალვა, რაც ვერ მოიტანს შედეგს,“- აცხადებს report.ge-თან შოთა ბურჯანაძე.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა, რომელიც 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე მოქმედებდა, შემსუბუქდა. 

დღეიდან გადაადგილებაზე შეზღუდვა 21:00 საათის ნაცვლად 23:00 საათიდან იმოქმედებს. 

დღესვე ცნობილი გახდა, რომ მიმდინარე კვირიდან, კვების ობიექტებს შესაძლებლობა ექნებათ, სტუმრები შაბათ-კვირას მხოლოდ ღია სივრცეში მიიღონ, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებზე დაკვირვება გრელდება და ვითარების სტაბილიზაციის შემთხვევაში, 1-ლი ივნისიდან, ამ მიმართულებით შესაძლოა შემდგომი შემსუბუქების გადაწყვეტილებაც იქნას მიღებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system