თავში

როგორ ხედავენ დასაქმების პრობლემას დიდი ჯიხაიშის კოლეჯში

როგორ ხედავენ დასაქმების პრობლემას დიდი ჯიხაიშის კოლეჯში
როგორ ხედავენ დასაქმების პრობლემას დიდი ჯიხაიშის კოლეჯში

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 61% თავს დასაქმებულად არ თვლის, 38%-ს კი თავი დასაქმებულად მიაჩნია. კვლევის მიხედვითვე, ვინც თავს დაუსაქმებლად თვლის, მათი 34% თავს უმუშევრად მიიჩნევს და ეძებს სამსახურს. "ენ-დი-აი" მიუთითებს, რომ ეს მთლიანი მოსახლეობის 21%-ს შეადგენს. უმუშევრობის მიზეზებს შორის 22% ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებს, 19% ამბობს, რომ სხვა მოვალეობები უშლის ხელს მუშაობაში. 23% მთლიანი მოსახლეობისა, ამბობს, რომ ვერ პოულობს სამსახურს და ამის მიზეზი სხვადასხვაა, მათ შორის: კავშირების უქონლობა, ასაკი და სხვა.

Report.ge ამ საკითხზე სასაუბროდ სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენელს დაუკავშირდა. კომპანიების უმეტესობა დასაქმების შეფერხების მთავარ მიზეზად შრომის ბაზარზე დაბალ კვალიფიკაციას ასახელებს. მათივე თქმით, პროფესიონალი კადრების განსაკუთრებული დეფიციტია აგრობიზნესში. 

როგორ წარმოუდგენიათ დასაქმების ზრდა პროფესიულ სასწავლებლებს, რომლებმაც ბიზნესს კვალიფიციური კადრები უნდა "გაუზარდონ", ამაზე სასაუბროდ Report.ge  დიდი ჯიხაიშის მრავალწლიანი ისტორიის მქონე კოლეჯის ადმინისტრაციას დაუკავშირდა. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დიდი ჯიხაიშის ნ. ნიკოლაძის სახელობის აგროინჟინერიისა და სასურსათო ტექნოლოგიების პროფესიულ კოლეჯში ბიზნესის პრეტენზიას ნაწილობრივ იზიარებენ, თუმცა ჩვენთან საუბრისას იმასაც უსვამენ ხაზს, რომ ბიზნესი ხშირად ახალგაზრდა და კვალიფიციური კადრისთვის საინტერესო და სასურველ სამსახურეობრივ პირობებს ვერ უზრუნველყოფს.

"პრობლემაა კურსდამთავრებულთა დასაქმების საკითხი. ვერ ვხედავ დიდ განსხვავებას უმაღლესი და პროფესიული განათლების მქონე პირთა დასაქმების დროს არსებულ პრობლემებს შორის, თუმცა მიმაჩნია, რომ წარმატებული სტუდენტის დასაქმების შანსი მაღალია, მაგრამ აქაც არის სხვადასხვა მიზეზები კურსდამთავრებულთა მიერ სამუშაოს დაწყებაზე უარის თქმისა, კერძოდ: დაბალი ხელფასების, ხანგრძლივი სამუშაო დროის, მძიმე სამუშაო პირობების, შრომის უსაფრთხო პირობების, მგზავრობის დროის, ტრანსპორტის ხარჯების, სოციალური პირობების და სხვათა არსებობის გამო," - განუცხადა Report.ge - ს დიდი ჯიხაიშის ნ. ნიკოლაძის სახელობის აგროინჟინერიისა და სასურსათო ტექნოლოგიების პროფესიულ კოლეჯის დირექტორმა, ნუგზარ მიქაძემ.

მისივე თქმით, აუცილებელია, ყველა რესურსი მიმართული იყოს იმისკენ, რომ ამაღლდეს განათლების დარგში დასაქმებულთა, როგორც ავტორიტეტი, ასევე შრომის ანაზღაურება და რანგობრივად გაუტოლდეს სხვა დარგებში დასაქმებულთა კრიტერიუმებს. 

კოლეჯის დირექტორი გვიხსნის, რომ მხოლოდ ასე შევძლებთ, სასწავლო პროცესში ჩაერთოს მაღალკვალიფიციური პედაგოგები, რომლებიც უნდა გახდნენ გარანტი, შრომის ბაზარზე რეგულარულად გამოუშვან კვალიფიური და კონკურენტუნარიანი კადრები.

"ამ პრობლემის აღმოფხვრა დაწყებულია ჯერჯერობით მხოლოდ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში და ეს, უდავოდ სასიამოვნოა. დარწმუნებული ვართ ეს პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება სხვა საფეხურის სასწავლებლებზეც," - აღნიშნა მიქაძემ და ისიც დასძინა, რომ ბევრად უფრო შედეგის მომცემი იქნება, თუ ბიზნესი სასწავლო პროცესში უშუალოდ იქნება ჩართული.

"ბიზნესმენები კი არ უნდა „ჩიოდნენ“ კადრების დეფიციტზე, არამედ ეხმარებოდნენ პროფესიულ კოლეჯებს.მათი ინტერესიდან გამომდინარე უნდა გამონახონ დრო და ითანამშრომლონ პროგრამების შემქმნელ საავტორო ჯგუფებთან, ასევე საწარმოო პრაქტიკის ობიექტებთან, რაც გამორიცხავს შემდეგში პრეტენზიებს ერთმანეთის მიმართ. სასურველია დამსაქმებელთა წარმომადგენლები დაესწრონ სტუდენტთა კვალიფიკაციის მინიჭების დასკვნით გამოცდებს და შეარჩიონ წარმატებული სტუდენტები," - აცხადებს ნუგზარ მიქაძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system