თავში

როგორ მოახერხა საქართველომ თხილის ექსპორტის ზრდა

როგორ მოახერხა საქართველომ თხილის ექსპორტის ზრდა
როგორ მოახერხა საქართველომ თხილის ექსპორტის ზრდა

ადგილობრივი ნაწარმოს ექსპორტი, ექსპორტი რეექსპორტის გარეშე წელს 9 თვეში 2.8%-ითაა გაზრდილი. ყველაზე მეტად კი 2020 წლის 9 თვეში თხილის რეალიზაცია გაიზარდა. წელს 7 007 ტონა თხილის ექსპორტით საქართველომ 37.6 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. პანდემიის მიუხედავად, ქართული თხილის ექსპორტმა 60.3%-ით მოიმატა.

თხილის ასოციაციაში ქართულ თხილზე მოთხოვნის ზრდას პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებას უკავშირებენ.

ასოციაცია განმარტავს, რომ ბოლო წლებში აზიური ფაროსანას გავლენით საგრძნობლად იყო გაუარესებული. მათი განმარტებით 2016-2018 წლები ქართველი მეთხილეებისთვის ყველაზე მძიმე იყო, რადგან ფაროსანამ მოსავავლის ხარისხი დააგდო და 2018 წელს საქართველოს თხილის წარმოება მინიმალურ ნიშნულს, 17 ათას ტონას გაუტოლდა.

"2019 წელს პირველი ნაბიჯები გადავდგით პროდუქტის გაუმჯობესებისკენ, 2020 წელს კი ეს შედეგი ერთი ორად გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მძიმე და რთული წელია ნებისმიერი საექსპორტო კულტურისთვის, ხარისხის გაუმჯობესება აისახა თხილის ექსპორტის რაოდენობაზე”,- აცხადებს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე მერაბ ჭითანავა და დასძენს, რომ საქართველომ თხილის უმსხვილეს საექსპორტო ქვეყნებს შორის მესამე ადგილი დაიბრუნა და გაუსწორდა აზერბაიჯანს. 

თხილის მწარმოებელთა ასოციაცია გეგმავს, რომ 2023-24 წლისთვის საქართველოდან 100 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდეს, რაც ქვეყანას თხილის უმსხვილეს ექსპორტიორთა შორის მეორე ადგილზე გადაიყვანს. ამჟამად თხილის უმსხვილეს ექსპორტიორებს შორის მეორე ადგილზე იტალიაა, რომელმაც წელს 130 ათასი ტონა მაღალი ხარისხის თხილი აწარმოა.

შეგახსენებთ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 18 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოდან 7 007 ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 37.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მიმდინარე წლის 9 თვეში განხორციელებული თხილის ექსპორტი 2 348 ტონით აღემატება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობას, ხოლო ექსპორტის ღირებულება 13.9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება, კერძოდ, გერმანიაში გავიდა 2 145 ტონა, იტალიაში -1 307 ტონა, ჩეხეთში -404 ტონა, პოლონეთში -254 ტონა, ბულგარეთში -220 ტონა, საფრანგეთში -169 ტონა, ესპანეთში -165 ტონა, ლიეტუვაში -182 ტონა, საბერძნეთში -97 ტონა, ესტონეთში -66 ტონა, ლატვიაში -62 ტონა, ავსტრიაში -22 ტონა, სლოვაკეთში -15 ტონა და ხორვატიაში 10 ტონა თხილი გავიდა.

ქართული თხილი ექსპორტზე გადის, ასევე, ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა რუსეთი (376 ტონა), სომხეთი (356 ტონა), ბელარუსი (175 ტონა), უკრაინა (148 ტონა), ბრაზილია (136 ტონა), ალჟირი (148 ტონა), კანადა (89 ტონა), მექსიკა (53 ტონა), საუდის არაბეთი (60 ტონა), ერაყი (24 ტონა), დიდი ბრიტანეთი (22 ტონა), აშშ (19 ტონა) და სხვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system