თავში

როგორ მოახერხა საქართველოს მთავრობამ 3.5 მილიარდიანი დახმარების მოზიდვა

როგორ მოახერხა საქართველოს მთავრობამ 3.5 მილიარდიანი
როგორ მოახერხა საქართველოს მთავრობამ 3.5 მილიარდიანი დახმარების მოზიდვა

საქართველოს მთავრობას მთლიანობაში უკვე მოზიდული აქვს 3.5 მილიარდის საერთაშორისო დახმარება სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტიდან, მათ შორის მსოფლიო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, სხვადასხვა ქვეყნის მთავრობა და, რა თქმა უნდა, ევროკავშირს ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს ამაში, – ასე უპასუხა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ლიეტუვის ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსს.

ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს მთავრობის მიერ მოზიდული თანხა მთლიანობაში ქართველ ხალხის მიმართ დახმარებაა.

„ეს დახმარება ჩვენ მოვიზიდეთ უკვე და პრაქტიკულად ეს არის დასრულებული საკითხი, სწორედ იმის გამო, რომ საქართველო ბოლო წლების განმავლობაში განუხრელად მიყვებოდა რეფორმების კურსს. იმის გამო, რომ საქართველო ბევრ პოზიციაში არის ნომერ პირველი რეფორმატორი და მუდმივად ლიდერობს სხვადასხვა რეფორმის თვალსაზრისით საერთაშორისო რეიტინგებში, შესაძლებელი გახდა ასეთი მოცულობითი საერთაშორისო დახმარების ასე სწრაფ პერიოდში მოზიდვა. როდესაც ვსაუბრობთ, რომ ვახორციელებთ სხვადასხვა ღონისძიებას ჯანდაცვის სფეროში, ეკონომიკის სფეროში, მოსახლეობას ვეხმარებით, მათ შორის ამ რესურსითაც ვხელმძღვანელობთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, დახმარების მიღების მხრივ არანაირი საფრთხე არ არსებობს და საქართველო ევროპული ღირებულებების ერთგულია.

„არანაირი საფრთხე აქ არ არის და პირიქით, სწორედ იმიტომ გახდა ეს შესაძლებელი, რომ ჩვენ წლების განმავლობაში ვახორციელებდით რეფორმებს, მათ შორის სასამართლო სისტემის რეფორმას. ეს არის ევროპული ღირებულებები, რომელთა ერთგულიც ჩვენ ვართ და ამის გამო განიხილება სწორედ მათ შორის საქართველოს დახმარება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, ლიეტუვის ყოფილი პრემიერ-მინისტრმა და ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ დახმარებების მნიშვნელოვანი კომპონენტი დაკავშირებულია საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებებთან, განსაკუთრებით კანონის უზენაესობის, კორუფციასთან ბრძოლის, საარჩევნო რეფორმის, ეკონომიკური მმართველობისა და გამჭვირვალეობის სფეროებში.

"ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშავოთ ნდობის ატმოსფეროში, რათა დავიცვათ დემოკრატია და მივაღწიოთ ამ მიზნებს. ეს ნდობა შეიძლება დაეფუძნოს აღებული ვალდებულებებისა და დაპირებების შესრულების პროგრესს, მათ შორის 2020 წლის 8 მარტს საქართველოში, ყველა ძირითად პოლიტიკურ პარტიას შორის მიღწეულ შეთანხმებებს“, – განაცხადა კუბილიუსმა, რითაც საქართველოს ხელისფლებას შეთანხმებისამებრ ოპოზიციის წინაშე აღებული საარჩევნო სისტემის შეცვლის ვალდებულება შეახსენა.

ევროპარლამენტარი ვრცელ პოსტში დეტალურად განმარტა, რა ტიპის დახმარებები აღმოუჩინა საქართველოს ევროკავშირმა.

"საერთო ჯამში ევროკავშირი გამოყოფს სამ მილიარდ ევროზე მეტს მთლიანად ევროკავშირის სამეზობლოსთვის, აქედან 962 მილიონი ევრო აღმოსავლეთ ევროპის რეგიონზე მიიმართება, მათ შორის საქართველოზეც. როგორც ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარეს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში, მსურს, ყურადღება გავამახვილო იმ უდიდეს მხარდაჭერაზე, რომელიც აჭარბებს 500 მილიონ ევროს და რომელსაც ევროკავშირი და მისი საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს ადგილზე აძლევენ, რათა განახორციელოს რეფორმები, ებრძოლოს „კოვიდ-19“-ის პანდემიასა და მის სოციალურ და ეკონომიკურ შედეგებს," - წერს ევროდებუტატი და იქვე განმარტავს, რომ 2020 წლის მარტში, კრიზისის დასაწყისიდანვე ევროკავშირი საქართველოს გვერდით იდგა.

ევროკავშირმა დაუყონებლივ დაიწყო გადაუდებელი ჯანდაცვის დახმარება, დაუცველი ჯგუფების მხარდაჭერა და მცირე და საშუალო ზომის საწარმოების ლიკვიდურობის გაზრდა, 90 მილიონი ევროს ოდენობით ჯამურად. საქართველოსთვის გაგზავნილი სამედიცინო აღჭურვილობა მოიცავდა მართვითი სუნთქვის აპარატებს, ლაბორატორიულ ნაკრებს, ნიღბებს, სათვალეებს და დამცავ კოსტუმებს ვირუსის დასამარცხებლად. დახმარება მოიცავდა დამატებით სამედიცინო და ლაბორატორიული პერსონალის მომზადებას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით. მიზნობრივი გრანტები დაეხმარება სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას საქართველოში, სამოქალაქო საზოგადოებას, განსაკუთრებით მათ, ვინც ყველაზე მეტად დაზარალდა კრიზისით, სოციალურ მეწარმეობას, სოციალურ სერვისებსა და ადამიანის უფლებების დაცვას“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

მისივე თქმით, 2020 წლის აპრილში ევროკავშირმა დაიწყო პაკეტი საქართველოს სოციალური და ეკონომიკური აღდგენისა და საჯარო ფინანსების გაძლიერების მხარდასაჭერად, რომლის ფარგლებშიც გამოუყო 183 მილიონი ევროს ოდენობით გრანტი.

„ამ თანხების ნაწილი მიმართულია, გაამარტივოს წვდომა ქართული ბიზნესებისთვის ლარში საკრედიტო ხაზებსა და გრანტებზე, რათა გააძლიერონ და ხელახლა წამოიწყონ ბიზნესები. ეს დახმარება განხორციელებული იქნება ჩვენს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად, რომლებიც იმუშავებენ ადგილობრივ ბანკებთან და საკრედიტო ინსტიტუტებთან. მოლაპარაკებები მიმდინარეობს მსოფლიო ბანკთან, ADB, AFD,KfW და EIB-სთან პოლიტიკაზე დაფუძნებული სესხების გაზრდაზე. აპრილის მიწურულს, ევროკავშირმა ასევე დაამტკიცა 150 მილიონი ევროს ოდენობით დამატებითი მხარდაჭერა სესხის სახით, საქართველოს მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის, რომელიც დაეხმარება მოქალაქეებს და შეამსუბუქებს უარყოფით სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებს. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ საბიუჯეტო მხარდაჭერით გასაცემი სახსრების ნაწილი დაკავშირებული იქნება საქართველოსთვის სპეციალურ პირობებზე, კერძოდ, კანონის უზენაესობის, სასამართლო და საარჩევნო რეფორმის სფეროებში მიმდინარე რეფორმების განხორციელებაზე. გარდა ამისა, საერთაშორისო სავალუტო ფონდი დათანხმდა, გაეზარდა საქართველოსთვის მიმდინარე პროგრამის მოცულობა 345 მილიონი ევროთი, საიდანაც 280 მილიონი გამოყოფილი იქნება 2020 წელს“, – განაცხადა კუბილიუსმა.

კუბილიუსის თქმით, მას იმედი აქვს, რომ საქართველო ერთ დღეს მზად იქნება ევროკავშირის წევრობისთვის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system