თავში

როგორ მობრუნდება "გაქცეული" ინვესტორი - მენაშენეთა ასოციაცია მშენებლობის სექტორის სტაგნაციაზე საუბრობს

როგორ მობრუნდება გაქცეული ინვესტორი
როგორ მობრუნდება გაქცეული ინვესტორი - მენაშენეთა ასოციაცია მშენებლობის სექტორის სტაგნაციაზე საუბრობს

"გაქცეული ინვესტორის მობრუნებას წლების მუშაობა და საინტერესო ინიციატივების შეთავაზება დასჭირდება, რაც არც ისე იოლი საქმეა" - ამის შესახებ Report.ge - ს "მენაშენეთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ირაკლი როსტომაშვილმა, განუცხადა. ბიზნესგაერთიანება სექტორში თანხის დაბანდების კლებას პირდაპირ უკავშირებს გაყიდვების კლებას, რომელიც სექტორში ერთბაშად ამოქმედებულმა რამდენიმე რეგულაციამ გამოიწვია.

"ვერ დავასახელებ, თუმცა ვიტყვი, რომ ერთ-ერთ გერმანელ ინვესტორს უკვე ჩარიცხული ჰქონდა ნახევარი მილიონი ევრო ჩვენი წევრი დეველოპერი კომპანიისთვის და ერთობლივ სამშენებლო პროექტის დაწყებას გეგმავდნენ, თუმცა 2 კვირაში ინვესტორმა უკან წაიღო თანხა და ხელშეკრულება ჩაიშალა. ჩემს პრაქტიკაში ასეთი შემთხვევა ამ დრომდე არ ყოფილა. ფაქტია, რომ საქართველოს სამშენებლო ინდუსტრიამ დაკარგა ნდობა და დამაჯერებლობა უცხოელი ინვესტორის თვალში, რაც ძალიან ცუდია. იმიჯის აღდგენას წლები დასჭირდება. ეს არცაა გასაკვირი., რადგან პრობლემაა რეალიზაცია. ბინები აღარ იყიდება, რაც ლარის კურსის არასტაბილურობით, საბანკო განვადებების და სესხების წვდომის შემცირებით აიხსნება. როცა გაყიდვებში პრობლემაა, ინვესტორი ყოველთვის თავს შეიკავებს ჩადოს ფული ამ საქმეში.

სამშენებლო-დეველოპერული კომპანია "ტეტრისი" report.ge - ს უდასტურებს, რომ ბინების რეალიზაცია მას შემდეგ შემცირდა, რაც განვადებებსა და გრძელვადიან სესხებზე მოსახლეობას წვდომა შეეზღუდა. კომპანიის ხელმძღვანელი დავით ფანჯაკიძე ამბობს, რომ 2018-19 წლებში მას რეალიზაცია 40%-ით შეუმცირდა. ფინანსურად ბოლო წელი კომპანიისთვის ყველაზე დაბალშემოსავლიანი აღმოჩნდა არსებობის 8 წლის მანძილზე.

"სამშენებლო მასალები 10-15%- ითაა გაძვირებული . ეროვნული ვალუტა რა მდგომარეობაშია, ყველა ვხედავთ, ჩვენ მასალებს იმპორტიორებისგან დოლარში ვყიდულობთ, ბინას კი ლარში ვყიდით. ტრანსპორტირების ხარჯი საწვავის ფასის ზრდის გამო მნიშვნელოვნად გაგვეზარდა. იძულებული გავხდით სარეალიზაციო ფასი მინიმალურად, თუმცა მაინც გაგვეზარდა. იძულებული გავხდით კვადრატული მეტრის ფასი 50 დოლარით გაგვეძვირებინა. მოსახლეობას საბანკო სესხებზე წვდომა გაურთულდა, შესაბამისად იკლო რეალიზაციამაც. ესაა ერთგვარი ჯაჭვი, რომლის ერთი რგოლის გაუმართაობაც კი სერიოზულად აზარალებს სამშენებლო ბიზნესს. ასე რომ, წელს შემოსავლების მხრივ თავს ვერ მოვიწონებთ, თუმცა ვცდილობთ შიდა განვადებების სისტემა ავამოქმედოთ. სულ რაღაც 4 თვეა შიდა განვადებებზე გადავედი და უკვე დაეტყო გაყიდვებს. აშკარად იმატა რეალიზაციამ და თუ ეს ტრენდი შენარჩუნდა, წლის ბოლომდე მოგებაზეც გავალთ," - განაცხადა დავით ფანჯაკიძემ.

ბიზნესმენის თქმით, სამშენებლო რეგულაციების შემოღება აუციელებლი იყო, თუმცა ეს ასე ერთბაშად არ უნდა მომხდარიყო. მისი აზრით, ჯობდა ნაწილ-ნაწილ, ეტაპობრივად მომხდარიყო სამშენებლო ინდუსტრიის მომზადება და გადაწყობა ახალ სტანდარტზე, რაც, საბოლოოდ, აუცილებელია ამ სფეროს წინსვლისთვის.

შეგახსენებთ, საქსტატის მონაცემებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მშენებლობის სექტორში გასულ წელთან შედარებით 91% - ით შემცირდა, უძრავი ქონების ინდუსტრიაში კი 63%-ითაა შემცირებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system