თავში

როგორ მოწმდება იმპორტი საქართველოს საზღვარზე

როგორ მოწმდება იმპორტი საქართველოს საზღვარზე
როგორ მოწმდება იმპორტი საქართველოს საზღვარზე

ქათმის გაყინული ხორცი, კარტოფილი და ცოცხალი მცენარეები - ეს იმ პროდუქტების ჩამონათვალია, რომელიც 2018-2020 წლებში საქართველოს საზღვარზე ყველაზე ხშირად ნადგურდება ან უკან გაბრუნებას ექვემდებარება. რაც შეეხება ქვეყნებს, საიდანაც ამ პროდუქტების იმპორტი ხორციელდება, შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტიდან report.ge-თვის მოწოდებული ინფორმაციით, პირველ ადგილზე თურქეთია, შემდეგ - ირანის რესპუბლიკა. 

მოცემულ პერიოდში საქართველოს საბაჟო საზღვარზე განადგურებას დაექვემდებარა შემდეგი პროდუქტი: გაყინული ხორცის 8 პარტია თურქეთიდან და ნიდერლანდებიდან. 7 პარტია კარტოფილი თურქეთის რესპუბლიკიდან იქნა შემოტანილი, ამდენივე მოცულობის ცოცხალი მცენარეები ირანიდან და თურქეთიდან, მცენარეებისა და ბოსტნეული თესლის 3 პარტია აშშ-დან, ასევე 3 პარტია ბროწეული - აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან, 7 პარტია წითელი წიწაკა - ინდოეთიდან, ხოლო 6 პარტია ცხოველთა საკვები საფრანგეთიდან შემოვიდა.

როგორც წესი, საქართველოში იმპორტირებული საკვები პროდუქტი, ვიდრე ბაზრებისა თუ სუპერმარკეტების დახლებზე დაიკავებს ადგილს, საზღვარზევე მოწმდება. იმ შემთხვევაში თუკი პროდუქცია შემოწმებას ვერ გაივლის, ადგილზევე განადგურდება ან უკან დაბრუნდება.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საზღვარზე ხორციელდება სამი ტიპის კონტროლი - ფიტო სანიტარული, ვეტერინარული და ჰიგიენურ-სანიტარული კონტროლი. რაც შეეხება საკვებ პროდუქტს, მათ შემოწმების სამი ეტაპი უნდა გაიარონ, პირველ რიგში ხდება დოკუმენტური კონტროლი, ანუ დოკუმენტების შემოწმება, საიდანაც ირკვევა თუ რა კონტროლს ექვემდებარება საქონელი. თუ საქონელმა დოკუმენტური კონტროლი ვერ გაიარა, ის უნდა განადგურდეს თუ უკან გაბრუნდეს. შესამოწმებელ სურსათს თან უნდა ახლდეს სერთიფიკატი, ეს შეიძლება იყოს ფიტოსანიტარული ან ვეტერინარული სერთიფიკატი, სადაც ნათქვამია, რომ სურსათი შემოწმებულია შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ.

მესამე ვარიანტია გადამუშავება, ოღონდ აქ დოკუმენტები აუცილებელია. საქონლის განადგურება თანხმდება შემოსავლების სამსახურთან და ეს შეიძლება იყოს დაწვა, დამარხვა ან სხვა მეთოდი. სურსათი იმ შემთხვევაში ნადგურდება, როდესაც ლაბორატორიის დასკვნა არის უარყოფითი, ან როდესაც არანაირი დოკუმენტები არ არის ან დოკუმენტების და საქონლის თანხვედრა არ ხდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system