თავში

როგორ რეაგირებს ცენტრალური ბანკი ეკონომიკურ შოკზე

როგორ რეაგირებს ცენტრალური ბანკი ეკონომიკურ შოკზე
როგორ რეაგირებს ცენტრალური ბანკი ეკონომიკურ შოკზე

Global Finance - ის მიერ მსოფლიოს ცენტრალური ბანკების საუკეთესო მმართველთა შორის ზედიზედ მესამედ დასახელება კიდევ ერთი დასტურია, რომ ეროვნული ბანკის პროფესიონალთა გუნდი COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის პირობებშიც სწორ და თანმიმდევრულ ნაბიჯებს დგამს. 

ამის შესახებ საქართველოს პირველი ბანკირი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი განმარტებით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თუ როგორ რეაგირებს ცენტრალური ბანკი შოკზე, ვინაიდან, სწორედ ეს რეაგირება განსაზღვრავს გრძელვადიანი ეკონომიკური პროცესების განვითარებას და ფინანსურ სტაბილურობას. 

გვენეტაძე განმარტავს, რომ ეროვნული ბანკის ქმედებები მიზნად ისახავს ქვეყნის ეკონომიკის მდგრადი ზრდის ხელშეწყობასა და ფასებისა და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფას და ამ მიზნის მიღწევაში სწორედ მცურავი გაცვლითი კურსი აძლევს საშუალებას ქვეყანას შეარბილოს საგარეო შოკიდან მომდინარე ეკონომიკური დანაკარგები.

"ახლა, რაც შეეხება უშუალოდ გაცვლით კურსს. საშუალო და გრძელვადიან პერიოდში გაცვლითი კურსის დინამიკა ეკონომიკის პროდუქტიულობასა და სავაჭრო ბალანსის მდგომარეობასთან არის დაკავშირებული. ის ეკონომიკაში ერთგვარი ავტომატური სტაბილიზატორის (automatic stabilizer) ფუნქციას ასრულებს. მაგალითად, თუ საგარეო შოკის გამო მცირდება საექსპორტო შემოსავლები, მოქნილი გაცვლითი კურსის შემთხვევაში ეს ბუნებრივად აისახება სავალუტო ბაზარზე და კურსი უფასურდება, რის შედეგად იზრდება იმპორტის ფასი და, შესაბამისად, მცირდება მოთხოვნა იმპორტზე. ამავე დროს, კურსის გაუფასურება უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის აიაფებს საქართველოში წარმოებულ საქონელსა თუ მომსახურებას და, შესაბამისად, იზრდება საგარეო მოთხოვნა ადგილობრივ პროდუქციაზე. ეს უკანასკნელი არხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტურისტული მომსახურებისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტისთვის. ამდენად, სავაჭრო ბალანსის აღნიშნული აუცილებელი კორექტირების ეფექტური მექანიზმი სწორედ მოქნილი გაცვლითი კურსია, ვინაიდან ის ქვეყანას საგარეო შოკიდან მომდინარე ეკონომიკური დანაკარგების შერბილების საშუალებას იძლევა," - ამბობს გვენეტაძე და იქვე განმარტავს, რომ საგარეო შოკის დროს, ეროვნული ბანკი სავალუტო ინტერვენციების გამოყენებით გაცვლითი კურსის გაუფასურების შეჩერებას და აღნიშნული კორექტირების არდაშვებას შეეცდება, ფერხდება ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის აღდგენა, ვინაიდან ექსპორტი ზედმეტად ძვირი, ხოლო იმპორტი ზედმეტად გაიაფებული რჩება.

"ეს კი რეალური ეკონომიკის კლებას და, შესაბამისად, უმუშევრობის ზრდას იწვევს. გარდა ამისა, გაუარესებული სავაჭრო ბალანსის შენარჩუნების გამო ასევე ნარჩუნდება გაუფასურების მოლოდინი, რაც სავალუტო ბაზარზე ზეწოლას ზრდის. ამავე დროს, რადგანაც ეროვნული ბანკის შესაძლებლობა, ინტერვენციების გზით გავლენა მოახდინოს კურსის დინამიკაზე, უცხოური ვალუტის რეზერვების მოცულობით არის შეზღუდული, რეზერვების ამოწურვის პერსპექტივა კურსზე ზეწოლას კიდევ უფრო ამძაფრებს. შოკის დროს ვალუტის გაცვლითი კურსის დაცვის საბოლოო შედეგი ეკონომიკის უფრო მეტად შემცირებაა, ვიდრე ეს კურსის კორექტირების შემთხვევაში იქნებოდა, ხოლო გაცვლითი კურსი კი საბოლოოდ მაინც, და, ამავე დროს, უფრო მაღალი მასშტაბით, გაუფასურდება. ამდენად, როდესაც გაუფასურება ფუნდამენტური ფაქტორებიდან მომდინარეობს, არჩევანი დგება ინტერვენციების გამოყენებით კურსის მოკლევადიან სტაბილურობასა - რასაც გრძელვადიანად მაღალ გაუფასურება მოყვება - და საშუალოვადიან პერიოდში უკეთეს ეკონომიკურ ზრდასა და დასაქმებას შორის. სხვანაირად რომ ვთქვათ, გაცვლითი კურსის მოქნილობა გრძელვადიან სარგებელს იძლევა, თუმცა, არაეკონომისტები და, სამწუხაროდ, ბიზნესმენთა ნაწილიც, უფრო მოკლევადიან პერიოდს აქცევენ ყურადღებას, ვიდრე გრძელვადიანს. Global Finance-ს რომ თავი დავანებოთ, ეკონომისტებსა და ფინანსისტებს კარგად მოეხსენებათ, რომ საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების შეფასების მთავარი კრიტერიუმები სტაბილური ეკონომიკური ზრდა და რისკების შემცირებაა, როგორიცაა, მაგალითად, დოლარიზაცია და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. ის, რომ გაცვლითი კურსის მოქნილობა უარყოფითი შოკის გავლენის შერბილებას ახდენს, ინვესტორების მიერ საქართველოს ზოგადი რისკიანობის დონის აღქმითაც დასტურდება. საერთაშორისო საკრედიტო სააგენტოების მიერ საქართველოს კრედიტუნარიანობის შეფასება 2005 წლიდან ხდება და ფაქტია, რომ ის მნიშვნელოვნად 2017-2019 წლებში გაუმჯობესდა, მიუხედავად იმისა, რომ 2015 წლიდან ნომინალურ გაცვლით კურსს გაუფასურების დინამიკისა ჰქონდა. ასევე, იყო პერიოდი (2010-2014), როდესაც კურსი მყარდებოდა, თუმცა ეს საერთაშორისო რეიტინგზე დადებითად არ ასახულა. ამიტომ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კრედიტუნარიანობის შეფასება უფრო გრძელვადიანი ეკონომიკური და ინსტიტუციური ფაქტორების გაუმჯობესებას ეფუძნება. რამდენადაც მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი გრძელვადიან პერიოდში შოკებზე ეკონომიკის უფრო ნაკლებად ხარჯიან რეაგირებას უზრუნველყოფს, არ არის გასაკვირი, რომ კურსის ზოგადი მოქნილობა ქვეყნის საკრედიტო რეიტინგზეც დადებითად აისახება. ზემოხსენებული კარგად ჩანს თანდართულ გრაფიკზე, სადაც საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების მიერ - და არაეკონომისტებისთვის გასაოცრად - საქართველოს კრედიტუნარიანობის შეფასება სწორედ იმ პერიოდში უმჯობესდებოდა, როდესაც ლარი უფასურდებოდა," - წერს გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

ქვეყნის პირველი ბანკირი ამბობს, რომ 2004-2014 წლებში, როდესაც ლარის კურსი სტაბილური იყო, წლიური ინფლაცია საშუალოდ 5.6 პროცენტი იყო მაშინ, როდესაც 2015-2019 წლებში, როდესაც ლარი უფასურდებოდა, იგივე მაჩვნებელი უფრო ნაკლებია - 3.9 პროცენტი. ხოლო, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ 2017 წელს მიზნობრივზე მაღალი ინფლაცია აქციზის ერთჯერადი გაზრდით იყო გამოწვეული, მაშინ ეს მაჩვენებელი 3.4-მდე მცირდება. მისივე ახსნით, მოსახლეობის მსყიდველობით უნარს კი, სხვა თანაბარ პირობებში, არა ეროვნული ვალუტის კურსი, არამედ ინფლაციის დონე განაპირობებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system