თავში

როგორ შეიძლება აისახოს წარმოებაზე სამუშაო ძალის გერმანიაში გადინება

როგორ შეიძლება აისახოს წარმოებაზე სამუშაო ძალის გერმანიაში გადინება
როგორ შეიძლება აისახოს წარმოებაზე სამუშაო ძალის გერმანიაში გადინება

გერმანიაში, სეზონურ სამუშაოებზე წამსვლელთა მსურველი ათასობით ქართველია, რაც პროგრამის გამოცხადებიდან მეორე დღესვე დადასტურდა. ცხადია, რომ მოქალაქეების უმეტესობა შრომის ანაზღაურებით არის დაინტერესებული. იმის გარკვევას, სამუშაო ძალის გადინება ხომ არ გამოიწვევს საქართველოში აგროწარმოების შემცირებას, report.ge აგრარული სფეროს ექსპერტ, პროფესორ პაატა აროშიძესთან შეეცადა. როგორც აღმოჩნდა, მეცნიერი დარწმუნებულია, რომ  გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე ქართველთა გამგზავრება სამამულო წარმოების მასშტაბს ვერ შეამცირებს.

,,როგორც ჩანს, პანდემიის შემდეგ გერმანიამ დაიწყო ეროვნული ეკონომიკის წინ წამოწევა, მაგრამ მუშა ხელის ნაკლებობას განიცდის. როგორც ვხედავთ, ბევრი ქართველი გამოთქვამს სურვილს, სამუსაოდ წავიდეს გერმანიაში. შესაძლოა, არა მხოლოდ იმიტომ, რომ სამუშაო უნდა, არამედ იქაური გამოცდილების წამოსარებად, რაც ძალიან კარგია. ზოგი ფიქრობს, რომ აქვს მიწა, მაგრამ აქ მუშაობას ურჩევნია, სხვა ქვეყანაში გაისარჯოს, რათა მეტი ხელფასი მიიღოს. თუმცა შრომის პირობები იმდენად მკაცრია, რომ შეიძლება ბევრმა ვერც გაძლოს. საბოლოო ჯამში, ვერ ვიტყვი, რომ ამით აგრარული წარმოება იზარალებს.  ჯერ ერთი, ამ 53 000 მოქალაქიდან საქართველოს სოფლის მეურნეობაში ბევრი, სავარაუდოდ, არ მუშაობს.  უბრალოდ, ,,განძის მაძიებელია" უცხოეთში, რომელსაც მეტი შემოსავლის მიღება სურს ნაკლები გარჯით.  ფაქტობრივად იგივეა, როცა უვიზო რეჟიმი გამოცხადდა, საქმე ჰქონდა თუ არა, სჭირდებოდა თუ არა, ყველა წავიდა უცხოეთში, ვისაც მცირე შესაძლებლობა მაინც ჰქონდა. ამ შემთხვევაში, ვინც სოფლად არის დასაქმებული, არ წავა გერმანიაში სამუშაოდ. ეს ლოგიკურია, როცა ადამიანი ჩართულია ფერმერული მეურნეობის წარმოებაში, ნამდვილად არ შეუძლია, რომ უცხოეთში წავიდეს, თუნდაც მაღალანაზღაურებად სამუშაოზე, რომანტიკულად რომ ვთქვათ, თავისი მიწა არ გაუშვებს, ვაზს და ყანას არ მიატოვებს, მაგრამ ვინც თვეების და წლების განმავლობაში წასულია სოფლიდან, დასაკარგი არაფერი აქვს და შეეცდება გამგზავრებას", - აცხადებს პაატა აროშიძე.

ასეთი მოსაზრების მიუხედავად, მეცნიერის აზრით, სახელმწიფოს მიერ სამუშაო ძალის ქვეყნიდან გაყვანის სტიმულირება არასწორია, რადგან მოსახლეობის გადინება ნეგატიური პროცესია ქვეყნისთვის. თუმცა, მისივე თქმით, გერმანიის შემთხვევაში, ამ გადაწყვეტილებას ახლავს დადებითი ეფექტიც, თუნდაც ის, რომ ამით საქართველო გზას იკვლევს ევროკავშირისკენ.

,,მძიმე რეალობაა, რომ ადამიანებს ნებისმიერ ფასად სურთ წასვლა ქვეყნიდან არსებული გაჭირვების გამო. ამ შემთხვევაში მათ სურვილს მთავრობაც ასტიმულირებს. ცხადია, სჯობს, რომ ადგილობრივ მიწას მიეჯაჭვო, შეიძლება დღეს სოფლიდან შემოსავლის მიღება ისე, რომ მშიერი არ იყო. მით უმეტეს, არავინ იცის, რამდენად შესრულებადი იქნება სამუშაო პროცესთან დაკავშირებით პირობები. მთავარია, რომ გერმანიის მხარე ენდობა საქართველოს და მიჰყავს სამუშაოდ მისი მოსახლეობა, გლობალიზაციის პირობებში ეს სავსებით მისაღებია. გარკვეული ნეგატიური ფაქტორის მიუხედავად, შრომითი ძალის მიგრაცია ჩვეულებრივი ამბავია და წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოს, როგორც ღია ეკონომიკის მქონე სახელმწიფოს აღიარებისთვის. საბოლოო ჯამში, მთავრობის ეს გადაწყვეტილება იმდენს არ დაგვიშავებს, რამდენსაც გვარგფებს, რადგან რეალურად ევროკავშირისკენ გვიხსნის გზას. ნებისმიერ შემთხვევაში, გადინება ცუდია, მაგრამ რეალურად შევხედოთ სიტუაციას, თუ არ მუშაობს რეალურად ეს ადამიანი, მაშინ სოციალური ხარჯის გაღება მოუწევს სახელმწიფოს.  საბოლოოდ შედეგს როცა ვნახავთ, შევძლებთ მსჯელობას, რამდენად გაამართლა. რაც მნიშვნელოვანია, სოფლის წარმოებაზე ეს ვერ იმოქმედებს. დარჩებიან ისინი, რომლებიც რეალურად სოფელში არიან და წარმოების ზრდით არიან დაინტერესებული", - აცხადებს პაატა აროშიძე.

შეგახსენებთ, რომ გერმანიაში სეზონური დასაქმების პროგრამაში რეგისტრაცია გუშინ, 15 თებერვალს, დაიწყო. დღეს, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით,16 თებერვლის 2:31 საათის მონაცემებით, „დროებითი დასაქმების მსურველი შრომითი მიგრანტის სარეგისტრაციო პორტალზე“ უკვე 53 274 პირია დარეგისტრირებული, მათგან სააპლიკაციო ფორმა „დროებითი დასაქმება გერმანიაში“ შეავსო 35 121-მა პირმა.

შეგახსენებთ, რეგისტრაცია შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში პორტალზე: https://workabroad.moh.gov.ge/

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system