თავში

როგორ შენდება ქვეშეთი-კობის ახალი გზა

როგორ შენდება ​ქვეშეთი-კობის ახალი გზა
როგორ შენდება ქვეშეთი-კობის ახალი გზა

ქვეშეთი-კობის პროექტის განხორციელებისას სამუშაო პროცესებში ასევე ჩართული იქნება საერთაშორისო გარემოსდაცვითი სპეციალისტი, რომლის პასუხისმგებლობებიც მოიცავს:1.ბიომრავალფეროვნების მონიტორინგისა და შეფასების გეგმის შემუშავება; 2.ბიომრავალფეროვნების სამოქმედო გეგმის სათანადოდ განხორციელება; 3.კონტრაქტორის ხელშეწყობით სხვადასხვა კვლევის ჩატარება; 4.კონტრაქტორის მიერ გარემოსდაცვითი შემარბილებელი ღონისძიებების შესრულების მონიტორინგი და ანგარიშგება მშენებლობის ეტაპზე; 5.გარემოს დაცვის საკითხებში ტრენინგის ჩატარება; 6.ინსტრუქტაჟი ADB/EBRD-ისა და მთავრობის გარემოსდაცვითი სტრატეგიების, მოთხოვნებისა და სტანდარტული ოპერაციული პროცედურების შესახებ.

იგი მჭიდროდ ითანამშრომლებს კონტრაქტორის ეკოლოგიურ ექსპერტთან, რომელიც ასევე ორიენტირებულია ბიომრავალფეროვნების ამოცანებზე.

ამის შესახებ report.ge-ს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს. 

უწყების განმარტებით, ქვეშეთი-კობის ახალი გზა იქნება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, ბევრად უფრო უსაფრთხო და კარგი საგზაო ინფრასტრუქტურით აღჭურვილი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს ორ რეგიონს შორის უწყვეტ კავშირს მთელი წლის განმავლობაში. ახალ გზასთან განთავსდება ან განახლდება მიწისზედა და მიწისქვეშა გადასასვლელები (როგორც ქვეითთათვის, ისე პირუტყვისათვის), ასევე ფეხით მოსიარულეთა ბილიკები, რაც, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ადგილობრივების უსაფრთხო გადაადგილებას. გზაზე ტრანსპორტის მოძრაობის გაუმჯობესების შედეგად, შემცირდება დაღუპვისა და უბედური შემთხვევების მაჩვენებელი, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში, როდესაც გუდაურისკენ მიმავალი ტურისტების ნაკადი გაემიჯნება სატრანზიტო სატრანსპორტო საშუალებებს კობის მიმართულებით.

ქვეშეთი-კობის პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ეკოლოგიასა და ბუნებრივ ჰაბიტატებზე ზრუნვა აზიის განვითარების ბანკის, ასევე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის გარემოს დაცვის პოლიტიკის შესაბამისად. სწორედ ამიტომ, პროექტის მიმდინარეობაში ჩართული იქნება ეკოლოგიური ექსპერტი, რომელიც გააკონტროლებს სამუშაოებს, უზრუნველყოფს ბიომრავალფეროვნების მართვასა და ზემოქმედების შერბილებისთვის ყველა ზომის გამოყენებას.რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობითვე, ქვეშეთი-კობის ახალი გზის მშენებლობის პროცესში გაჩენილი დასაქმების შესაძლებლობები დადებით ზემოქმედებას იქონიებს საპროექტო ტერიტორიაზე. პირდაპირი დასაქმება უზრუნველყოფილი იქნება მშენებლობის ეტაპზე პროექტის მონაწილე კონტრაქტორების მიერ. დასაქმებულთა ზუსტი რიცხვი დამოკიდებულია კონტრაქტორების რესურსების სტრუქტურაზე, წინასწარი შეფასების მიხედვით კი საჭირო იქნება: 58% კვალიფიციური პერსონალი, 20% ნახევრად კვალიფიციური პერსონალი, 22% არაკვალიფიციური პერსონალი. უწყების შეფასებით, პროექტი სარგებლის მომტანი იქნება ადგილობრივი და რეგიონული მომწოდებლებისთვისაც, ბიზნესებისა და მომსახურებათა პროვაიდერებისთვის, რაც წაახალისებს გზის მშენებლობასთან დაკავშირებული არაპირდაპირი სამუშაო ადგილების გაჩენასა და შესყიდვებს.ქვეშეთი-კობის პროექტი ახალი გზის მშენებლობის გარდა, ასევე მოიცავს არაერთ დამატებით ღონისძიებას, რომელთა მიზანიცაა რეგიონის განვითარების ხელშეწყობა და ადგილობირივი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. არსებული გეგმის მიხედვით, მოეწყობა შემდეგი ობიექტები:მცირე ზომის აგრარული ბაზარი, სადაც ადგილობრივები გაყიდიან თაფლს, ხილს, მურაბებს, ყველს და სხვ.ვიზიტორთა ცენტრი - სტეფანწმინდაში არსებული ობიექტის სრულყოფა და ტურისტებისთვის ინფორმაციის მიწოდება;რეზერვაციის ცენტრი - საოჯახო ტიპის სასტუმროებისთვის, ოჯახებში გაჩერებისთვის, ლაშქრობებისთვის, კულტურული მემკვიდრეობის ადგილებზე გასვლებისთვის, ცხენოსნობისთვის, სამთო ველორბოლისთვის, თხილამურებით სრიალისთვის და სხვ.კულტურული ცენტრი, სადაც ადგილობრივ მხატვრებს შეეძლებათ გაყიდონ საკუთარი ნამუშევრები და აჩვენონ კულტურული საქმიანობა, მაგალითად, ხალიჩების ქსოვა.კაფე / რესტორანი / შესასვენებელი გაჩერება, სადაც ტურისტებს შეეძლებათ დააგემოვნონ ადგილობრივი კერძები, მიირთვან ყავა და ა.შ.რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, პროექტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სოციო-ეკონომიკური კვლევის მონაცემებით, გამოკითხულთა თითქმის 24% უმუშევარია, 13% დიასახლისია, 19% კი - პენსიონერი. ადგილობრივების 70%-ის საშუალო შემოსავალი თვეში 600 ლარზე ნაკლებია. თვეში 1000 ლარზე მეტი შემოსავალი კი მხოლოდ ქვეშეთსა და არახვეთში მცხოვრებ რესპონდენტებში დაფიქსირდა."შედეგები გვიჩვენებს, რომ ხეობასა და პატარა სოფლებში განსაკუთრებულად მაღალია უმუშევრობისა და სიღარიბის დონე. ბევრი ადგილობრივი ტოვებს ხეობას განათლების მისაღებად, სამსახურის საშოვნელად, უკეთესი ჯანდაცვისა და სხვა საჭირო სერვისებზე წვდომის მისაღებად. ქვეშეთი-კობის ახალი გზა ბევრად მეტ შესაძლებლობას შექმნის ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ხალხის დატრენინგება და სწავლება, რათა ისინი ახალ რეალობასა და შესაძლებლობებს მომზადებულები შეხვდნენ," - განმარტავენ უწყებაში. ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბის ასაშენებლად TBM დანადგარი საქართველოში ჩამოვიდა. რა ეკონომიკური ეფექტი ექნება ქვეშეთი-კობის ახალ გზას, რომლის აშენებას საავტომობილო გზების დეპარტამენტი გეგმავს, ასევე,  ზუსტად რა მარშრუტს გაივლის და როგორი იქნება ქვეშეთი-კობის ახალი გზა, შეიტყობთ ვიდეოდან:

ჩრდილოეთის მიმართულებით გზების მშენებლობაზე "ლელოს" კითხვები აქვს. მათ ეჭვი აქვთ, რომ ამ მიმართულების გზის მშენებლობით ქვეყანაში მთავრობა ოკუპანტი ქვეყნის ინტერესს ატარებს. ცოტა ხნის წინ არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივამაც" განაცხადა, რომ ხადის უნიკალურ ხეობაში რუსეთისკენ მიმავალი ქვეშეთი-კობის გზის წინასამშენებლო სამუშაოების პირველივე ეტაპმა საფრთხე შეუქმნა მთიულეთის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ისტორიულ ძეგლს - ნაღვარევის ეკლესიას და ზაქათკარში არქეოლოგიური თვალსაზრისით მნიშვნელოვან, ჯერ სათანადოდ შეუსწავლელ ტერიტორიას.

არასამთავრობო ორგანიზაციებ და ექსპერტები გზის ამ მონაკვეთის პოლიტიკუ-ეკონომიკურ და სამხედრო რისკებზე საუბრობენ, თუმცა ვიცე-პრემიერი ცქიტიშვილი რისკებს გამორიცხავს და ამბობს, რომ ქვეშეთი-კობის გზა რუსეთთან დაკავშირებული პროექტი არაა, უფრო მეტიც, ეს იმ პროექტების ჩამონათვალშია, რომლითაც მთავრობა მიღწევად თვლის და თავს იწონებს.

ცნობისთვის, რუსეთთან დამაკავშირებელ ახალ გზას EBRD-ი, ანუ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი 60 მილიონი დოლარით აფინანსებს, ამ მონაკვეთში გზისა და გვირაბის მშენებლობისთვის აზიის განვითარების ბანკმა (ADB) უკვე გამოყო 415 მილიონი აშშ დოლარი, სახელმწიფოს თანადაფინანსება კი 83.6 მილიონი აშშ დოლარი იქნება.

ქვეშეთი-კობის გზის ბენეფიტებსა და რისკებს გაეცანით report.ge-ის სტატიაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system