თავში

როგორ შეცვლის დღგ-ს რეფორმა ბიზნეს გარემოს საქართველოში

როგორ შეცვლის დღგ-ს რეფორმა ბიზნეს გარემოს საქართველოში
როგორ შეცვლის დღგ-ს რეფორმა ბიზნეს გარემოს საქართველოში

საგადასახადო სფეროს სპეციალისტები დღგ-ს რეფორმას არაერთგვაროვნად აფასებენ. თუკი ნაწილი თვლის, რომ დღგ-ს გადახდის მექანიზმი ევროპულ მოდელს მაქსიმალურად დაუახლოვდება და ბიზნესგარემოს გააუმჯობესებს, ნაწილის შეფასებით, სანამ გადასახადი არ შემცირდება, პერსპექტივაზე საუბარი ნაადრევია.

საგადასახადო სფეროს სპეციალისტი, სამართლის ექსპერტი აკაკი ჩარგეიშვილი report.ge-თან აცხადებს, რომ ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის დღგ-ის წესებთან დაახლოება პრინციპულად მნიშვნელოვანია, რათა ევროკავშირი ერთიანი სავაჭროს სივრცეა და მისი წევრი ქვეყნების ძირეულ კანონმდებლობებს შორის განსხვავებამ ამ ერთიანობის არსებობას ხელი არ უნდა შეუშალოს.

,,რეფორმაზე მუშაობისას  გათვალისწინებულია ძალიან ბევრი საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ჰარმონიზებაში უნდა იყოს ევროპულ სტანდარტებსა და დირექტივებთან. 2020 წლამდე უნდა მიეღოთ დადგენილება, თუმცა საქმეების მოკვლევის და სხვა მიზეზით კანონის მიღება გადავადდა. ახლა ზუსტად ის ეტაპია, როცა დღგ-ს რეფორმა უნდა დასრულდეს. ის, რომ ევროპაში სტანდარტულად ბევრი საკითხი მოწესრიგებულია, ამაში ეჭვის შეტანა რთულია. თუმცა განაკვეთებთან მიმართებაში, ქვეყნების მიხედვით შეიძლება სხვაობა ვნახოთ. გასათვალისწინებელია საკასო დარიცხვის და აღრიცხვის მეთოდები, ძალიან უჭირდა ბიზნესს მისი დაძლევა, რადგან ყველას ფინანსურად არ აქვს იმის საშუალება, რომ მიუღებელი თანხა, დარიცხვის მეთოდიდან გამომდინარე, დღგ-დ გატარდეს. არჩევანის საშუალებას ძველი კოდექსი არ იძლეოდა და კომპანია სავალდებულო წესით ექცეოდა დარიცხვის ქვეშ ისე, როცა შემოსავლები და ნაღდი ფული მიღებული არ ჰქონდა. დღგ-ს გადახდა მაინც უწევდა. მნიშვნელოვანია ასევე ავანსებთან დაკავშირებით იყო საკითხები, საქართველოში გაწეული მომსახურებები, რომელიც პირდაპირ არ ითვალისწინებს დღგ-ს გადახდას და სხვა. რეფორმის ფარგლებში საბუღალტრო დონის ტექნიკური ხასიათის ურთიერთობებიც არის მოწესრიგებული და ზოგ შემთხვევაში მეთოდოლოგიური საკითხებიც, მაგრამ რამდენად გაამართლებს იგი, საბოლოო სიტყვას ბიზნესი იტყვის. ჯერ არის მხოლოდ მცდელობა, რომ დღგ-ს სტანდარტით ევროპის სტანდარტთან შესაბამისობაში ვიყოთ", - განმარტავს ჩარგეიშვილი.

რეფორმის აუცილებლობაზე საუბრობს აუდიტორი ირაკლი შავიშვილიც. მისი თქმით, შედეგი ვერ იქნება სასურველი, თუკი გადასახადი არ შემცირდება და ბიზნესი ამ შეღავათს ვერ იგრძნობს.

,,დღგ-ს მიმართულებით საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანას ადრეც აპირებდნენ, მაგრამ კანონპროექტი გაიწვიეს. ახლა რაზე იმუშავეს, დეტალები ჩემთვის ნაკლებად ცნობილია. ცხადია, გადავადება იმიტომ მოხდა, რომ არ მოსწონდათ. მე რომ მკითხოთ, მთელი საგადასახადო კოდექსი შესაცვლელია, რადგან ბევრი გაუმართლებელი რეგულაცია, რომელიც ბიზნესს დიდ დაბრკოლებას უქმნის. სანამ ეს მდგომარეობა არ შეიცვლება, შედეგამდე ვერ მივალთ. სწრაფი განვითარება თუ გვინდა, აუცილებელია გადასახადების შემცირება და რეგულაციების საერთოდ გაუქმება," - აღნიშნა შავიშვილმა report.ge-თან საუბრისას.

ცნობისთვის, საგადასახადო კოდექსში მომზადებული ცვლილებების საჯარო განხილვების შემდეგ, დოკუმენტი საქართველოს პარლამენტმა მიმდინარე წლის 14 ივლისს დაამტკიცა. დღგ-ის რეფორმასთან დაკავშირებით დღეს გამართულ შეხვედრაზე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ მამუკა ბარათაშვილმა დღგ-ის ახალი რეფორმის შესახებ მომზადებული პრეზენტაცია წარადგინა და კომპანიის წარმომადგენლების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system