თავში

როგორ უმკლავდება პანდემიას არასასურსათო პროდუქციის ბაზარი

როგორ უმკლავდება პანდემიას არასასურსათო პროდუქციის ბაზარი
როგორ უმკლავდება პანდემიას არასასურსათო პროდუქციის ბაზარი

ტანსაცმლის სექტორი, სუნამო და სამკაულები - ეს ის სფეროები აღმოჩნდა, სადაც კრიზისს ჯერ კიდევ ღრმად არ შეუღწევია, თუმცა რეალიზაცია ამ მიმართულებითაც შემცირებულია.

ცნობილი დიზაინერი, მოდის სახლის, ,,ავთანდილის“ დამფუძნებელი ავთანდილ ცქვიტინიძემ ამბობს, რომ ტურისტული საზოგადოება მოაკლდა, თუმცა გაყიდვების სტიმულირებას მეტნაკლებად ახერხებს, რამაც მისი თქმით, მოდის სახლს დასაქმებულების შენარჩუნების შესაძლებლობა მისცა.

,,ტანსაცმლის ბიზნესი ბოლო პერიოდის განმავლობაში ხშირი რყევებით ხასიათდება, არაერთგვაროვანია სიტუაცია პერიოდულად, მაგრამ კრიზისში არ ვართ. კორონავირუსმა ჩვენი ბიზნესი მთლიანად გადააწყო. ტურისტული საზოგადოება მოგვაკლდა და ეს დიდი დანაკარგია, მაგრამ ვცდილობთ არ გავჩერდეთ. ყოველ შემთხვევაში, საქმე არ მიულა იქამდე, რომ დასაქმებულები შევამციროთ ან გადასახადებს ვერ ვიხდიდეთ, ამ ყველაფერს ჯერჯერობით ვუმკლავდებით. რეალიზაციას გარკვეულ დონეზე ვახერხებთ, მაგრამ ცხადია, ეს არ არის ის მოცულობა, როგორიც ეპიდემიამდე იყო“, - ამბობს ცქვიტინიძე.

რეალიზაციის მკვეთრი შემცირება, როგორც აღმოჩნდა, არც პარფიუმერულ მაღაზიებში შეიმჩნევა. ,,ისი პარის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ხატია შამუგია report.ge-თან აღნიშნავს, რომ გაყიდვების დაახლოებით 65%  შენარჩუნებულია.

,,ცხადია, ისეთი გაყიდვები, როგორიც ეპიდემიამდე იყო, არ არის, მაგრამ გაყიდვების ნაწილს მაინც ვინარჩუნებთ. ტენდენცია არ შეცვლილა, გარდა იმისა, რომ ონლაინ ვმუშაობთ ძირითადად, ყველა სეგმენტს თავისი მომხმარებელი ჰყავს. როგორც წესი, ჩვენი ბიზნესი ჰიგიენას უკავშირდება, აქ მხოლოდ მარტო სუნამო არ არის, თავის მოვლის საშუალებებია, რომელიც ადამიანს ნებისმიერ პერიოდში, მათ შორის, თვითიზოლაციაშიც სჭირდება. ამდენად, საჭიროებიდან გამომდინარეობს მოთხოვნა, რასაც სტიმულს აძლევს წამახალისებელი აქციები და ფასდაკლებები",  - ამბობს ხატია შამუგია.

მისი თქმით, ეპიდემიის გამო თანამშრომლები არ შეუმცირებიათ და ამ მიმართულებით ცვლილება არც სამომავლოდ იგეგმება.

გარდა ამისა, არის რამდენიმე ბიზნეს-მიმართულება, რომელიც მომხმარებლის მოზიდვას ონლაინ გაყიდვებით ცდილობს. ერთ-ერთი ასეთია სამკაულების ბიზნესი, სადაც ამბობენ, რომ წამახალისებელი აქციებით მეტნაკლებად ახერხებენ რეალიზაციის სტიმულირებას.  Preniti-ს დამფუძნებლის ნანა გრიგოლავას თქმით, შეზღუდვების პერიოდში გაყიდვა საერთოდ შეჩერებული იყო, თუმცა სიტუაცია თანდათან გაუმჯობესდა.

,,ვმუშაობთ ონლაინ, ვყიდით თითქმის ყველა დასახელების ბიჟიუტერიას, სამკაულებს, სხვადასხვა აქსესუარს, რაც ყველა ასაკის მომხმარებელზეა გათვლილი, ვიყენებთ მაღალი ხარისხის ნედლეულს და ქვებს, რაზეც მოთხოვნა მანდილოსნების მხრიდან თითქმის ყველა პერიოდში შეიმჩნევა. ვერ ვიტყვი, რომ ამ მხრივ პანდემია დიდი დაბრკოლებაა, თუმცა ონლაინ აკრძალვების დროს, როგორც ყველა ბიზნესი, ჩვენც გავჩერდით. მოთხოვნა იყო მაშინაც, მაგრამ მიწოდებას ვერ ვახდენდით. ახლა სიტუაცია გამოსწორდა. ეს, ერთი მხრივ, იმანაც განაპირობა, რომ ვაწესებთ გარკვეულ წამახალისებელ აქციებს, საჩუქრებს და გათამაშებებსაც კი ჩვენი მომხმარებლებისთვის, რაც დიდი ინტერესს იწვევს და გაყიდვაზეც აისახება. ვფიქრობთ, რომ პრობლემას თანდათან დავძლევთ და ბიზნესი მეტად მიხედავს თავის თავს, მთავარია, ამ გამოწვევას გავუმკლავდეთ და კოვიდ-19-გან გადაწყობილი ბიზნესის პირობებს მოვერგოთ“, - ამბობს დიზაინერი ნანა გრიგოლავა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system