თავში

როგორ უნდა აშენდეს 21-ე საუკუნის ,,საქარავნე გზა"

როგორ უნდა აშენდეს 21-ე საუკუნის ,,საქარავნე გზა"
როგორ უნდა აშენდეს 21-ე საუკუნის ,,საქარავნე გზა

საუკუნეების წინ, საქართველოს ჰქონდა ფუნქცია საერთაშორისო პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში, რა თქმა უნდა, აბრეშუმის გზის საშუალებით, რაც მოგვიანებით თითქმის სრულად დაიკარგა. 

HUB Georgia-ს დამფუძნებელი გიორგი კოდუა ამბობს, რომ 21-ე საუკუნეში ეს როლი და ფუნქცია, რომელიც რუსეთის იმპერიამ წაართვა საქართველოს, უნდა დაიბრუნოს.

კოდუას აზრით, ამისთვის, ერთი ინტერესის და სტრატეგიის ქვეშ უნდა გაერთიანდეს ძველი აბრეშუმის გზის გასწვრივ მდებარე სახელმწიფოები - თურქმენეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი და რა თქმა უნდა, საქართველო, რომელიც ამ ჯაჭვის შემკვრელი რგოლი იქნება. კოდიას თქმით, სწორედ ესაა ,,ჰაბ ჯორჯიას“ იდეა.

კოდუა ამბობს, რომ საქართველოს რეგიონულ და საერთაშორისო ფუნქციას კვეთს საერთაშორისო მილსადენები, TRACECA-ს პროექტი.

"ჩვენი ხედვაა, რომ მთავრობამ 20-50-წლიანი სტრატეგია უნდა დადოს, თუ რა გზით უნდა წავიდეთ. მილსადენი, TRACECA, ანაკლიის პორტი, მატარებელი ჩინეთიდან - ეს ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ ამ ყველაფერს წარმატებით რომ შეესხას ხორცი, აუცილებელია ჰარმონიზაცია რკინიგზასა და ნაოსნობას შორის, ავიაციასა და რკინიგზას შორის. დღეს კი ვხედავთ, რომ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა ქაოტურად ვითარდება და ის ჰარმონიაში არ არის ერთმანეთთან. საქართველო არის ქვეყანა, სადაც პროექტები ხორციელდება სტრატეგიის გარეშე," - ამბობს კოდუა და არ იწონებს წინა ხელისუფლების დროს ტრანსპორტის სამინისტროს გაუქმებას. კოდუას აზრით "ოცნების" ხელისუფლება აგრძელებს მისი წინამორბედების შეცდომებს.

"მე, რა თქმა უნდა, არ ვარ მომხრე, რომ ბევრი სამინისტრო და ბიუროკრატია გვქონდეს, მაგრამ ეს ფაქტი ცხადად წარმოაჩენს, რა ხედვა აქვს სახელმწიფოს. დღევანდელმა მთავრობამაც გააგრძელა ის შეცდომები, რაც მისმა წინამორბედმა დაუშვა. მაგალითად, აეროპორტის ოპერატორად ისევ თურქული კომპანია დატოვა. ეს არ იყო მართებული, იმიტომ არა რომ ,,ტავ ჯორჯია“ ცუდი ოპერატორია. ჩვენ შეიძლება ,,ტავის“ მენეჯმენტთან არ გვქონდეს პრობლემა, მაგრამ ჩვენ გვაქვს პრობლემა მის სტრატეგიასთან. ამ სტრატეგიაში კი საქართველო, როგორც რეგიონული ჰაბი, რა თქმა უნდა, არ მოიაზრება. ამ სტრატეგიით ის მიბმული უნდა იყოს სტამბულის ჰაბთან. აქედან გამომდინარე, ადვილად პროგნოზირებადია, ,,ტავის“ ინტერესში არ შედის მხარი დაუჭიროს ისეთ პროექტებს, რომლებიც საქართველოს სახით ახალ მიზიდულობის კერას წარმოშობს. ჩვენს მეზობლებს - აზერბაიჯანელებს, ყაზახებს, ყირგიზებს, რუსეთის სამხრეთით დასახლებულ ერებს, აღმოსავლეთ თურქებს და ჩრდილოეთ ირანელებს უფრო გაუადვილდებოდათ ლოჯისტიკა, თბილისი რომ ყოფილიყო კავკასიის ცენტრი. უფრო ადვილია მათი თავმოყრა საქართველოს ტერიტორიაზე და ამ ტერიტორიის გამოყენება მათი საჭიროებებისთვის თუკი იარსებებს ხელმისაწვდომი ავიაცია, რკინიგზა, ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურა და სერვისებიც, ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ 40 მილიონამდე მოსახლეობა, რომელიც ჩვენს გარშემო ცხოვრობს, ახალი ბაზარია ჩვენთვის," - განმარტავს კოდუა და დასძენს, რომ საქართველომ უნდა აჩვენოს ევროპელებსაც, რომ ვართ სტაბილური და საიმედო პარტნიორი.

კოდუა ამბობს, რომ საქართველოს ინერტული სატრანსპორტო პოლიტიკით "ხელს ითბობს" რუსეთი, რადგან ის ახერხებს თავად იყოს ევროპისთვის სატრანსპორტო-ლოგისტიკურ-ეკონომიკური პარტნიორი. 

"მათი სტრატეგიაა, რომ რუსეთის კორიდორი იყოს ყველაზე უსაფრთხო და იაფი გზა აზიიდან ევროპაში ტვირთების გადასაზიდად. მათ აქვთ პრეფერენცია - დიდი ტერიტორია, ტვირთის მფლობელს კი ერთ სახელმწიფოსთან - რუსეთთან უწევს ურთიერთობა. ჩვენი კორიდორის შემთხვევაში კი რამდენიმე სახელმწიფოა, ამიტომ საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ამ სახელმწიფოებს შორის კოორდინატორის ფუნქცია იკისროს. ჩვენ თუ გვინდა გავხდეთ ჰაბი, კოორდინაციის შტაბი უნდა იყოს საქართველოში და ამისთვის მჭიდრო ურთიერთობები უნდა გვქონდეს ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან. საქართველოს ფუნქცია არ არის მხოლოდ სატვირთო ნაკადების კოორდინაცია. საქართველო ცენტრი უნდა იყოს სერვისების მიწოდების კუთხითაც. ის უნდა გახდეს განათლების ცენტრი, სამედიცინო მომსახურების ცენტრი, იურიდიული სერვისების ხელმისაწვდომი ცენტრი, ფინანსური ცენტრი, როგორც ამას აკეთებს სინგაპური, თუ შვეიცარია. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ჩვენი პარტნიორი და მეზობელი ქვეყნები, რომ საქართველო, როგორც ჰაბი არ არის მხოლოდ ჩვენი სურვილი ან ჭირვეულობა, მათ უნდა დაინახონ, რომ ეს მომგებიანი იქნება მათთვისაც, ვინაიდან საქართველომ ისტორიულად შეძლო და ახლა შეძლებს იყოს დამაკავშირებელი რგოლი ევროპასა და აზიას შორის. მე ბიზნესმენი ვარ და ამ გადმოსახედიდან ვუყურებ პროცესებს, სადაც ამოსავალი წერტილი ორმხრივი ინტერესების დაცვაა. სწორედ ასეთივე მიდგომა უნდა გვქონდეს ამ შემთხვევაშიც, თუ ჩვენ არ გავითვალისწინეთ ჩვენი კონკურენტის და პარტნიორის ინტერესი, ისე საქართველო ჰაბად ვერ ჩამოყალიბდება. ჩვენ თუ ვერ დავიცავით ევროპის და აზიის ინტერესი, ვერ დავარწმუნეთ, რომ ეს გზა უფრო იაფი, უფრო მობილური და კომფორტულია, ვიდრე ჩრდილოეთის გზა, რა თქმა უნდა, პროექტი წარმატებული ვერ იქნება, ამიტომ საჭიროა მჭიდრო თანამშრომლობა. რუსეთი სწორედ ასე მუშაობს და წარმატებასაც აღწევს, თუმცა ევროპაში ხვდებიან, რომ მხოლოდ ერთი გზის და ერთი სახელმწიფოს ტყვეობაში არ უნდა მოხვდნენ, ფიქრობენ დივერსიფიკაციაზე და ჩვენც გვირჩევენ, რომ ვიყოთ უფრო მობილიზებულები, რათა შევძლოთ ისეთი სერვისების მიწოდება, რასაც კონკურენტი ახერხებს," - ამბობს გიორგი კოდუა და დასძენს, რომ საქართველოს ჰაბად ქცევაში თავისი პასუხისმგებლობა აქვს ხელისუფლებასაც და კერძო სექტორსა.

"უდიდესი წილი აქ, რა თქმა უნდა, მთავრობის ვალდებულებებია. მთავრობამ უნდა გასწიოს დიპლომატიური მუშაობა რეგიონში, უნდა უზრუნველყოს უსაფრთხო გარემო, უნდა შესთავაზოს გამართული სახელმწიფო სერვისები. რაც შეეხება კერძო სექტორს, მათი როლიც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. მათ ბიზნესთვალსაწიერი უნდა გააფართოონ, უნდა იფიქრონ შექმნან პროდუქტები არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ წინ გაიხედონ და ბიზნესგეგმები რეგიონულ ჭრილში განიხილონ. მარტივ მაგალითს გეტყვით, სავაჭრო ცენტრებისა და ბრენდული მაღაზიების არსებობა საქართველოში უმნიშვნელოვანესია, მაგრამ, რეგიონის მრავალმილიონიანმა მოსახლეობამ უნდა იცოდეს, სავაჭროდ საქართველოში თუ წამოვა, ეს მისთვის მომგებიანი იქნება, რადგან აქ ყველაფერი დახვდება, ყველაფერი, რისთვისაც ის, მაგალითად, დღეს ევროპაში მიდის. ამისთვის კი, თავის მხრივ, აუცილებელია გამართული და ხელმისაწვდომი სატრანსპორტო სისტემა. ყველაფერი ერთი დიდი ჯაჭვია, რომლის ყველა რგოლი ერთმანეთთან კავშირშია და ერთმანეთს განაპირობებს," - განმარტავს კოდუა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system