თავში

როგორ უნდა განვითარდეს წყალტუბო - ვიცე-პრემიერის ხედვა

როგორ უნდა განვითარდეს წყალტუბო - ვიცე-პრემიერის ხედვა
როგორ უნდა განვითარდეს წყალტუბო - ვიცე-პრემიერის ხედვა

"აუცილებელია ბალანსის დაცვა წყალტუბოს კულტურულ მემკვიდრეობასა და კურორტის განვითარებას შორის," - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, პირველმა ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა, წყალტუბოს გენგეგმის კონცეფციის საკონკურსო ხედვის პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა.

ცქიტიშვილის განმარტებით, კურორტის განვითარება შეუძლებელია იმ ძველი ობიექტების ამოქმედების გარეშე, რაც წყალტუბოში ასე მრავლად და უფუნქციოდ არის და სწორედ ამას ემსახურება წყალტუბოს გენგეგმის შექმნა.

„ კონკურსში მონაწილე 3 კომპანიის პრეზენტაციებში გენგემის ერთ-ერთი წამყვანი ნაწილია ეკონომიკური განვითარება. 15 საპრივატიზაციო ობიექტიდან თითოეულის ღირებულება უნდა შეფასდეს და ვიმსჯელოთ ერთის მხრივ, როგორც პოტენციურად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე და მეორეს მხრივ, აუცილებლად უნდა დავიცვათ ბალანსი კულტურულ მემკვიდრეობასა და განვითარებას შორის“,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერის თქმით, პირველ ეტაპზე, წყალტუბოს ობიექტების ეკონომიკური განვითარების და საინვესტიციო პოტენციალის შეფასების შემდეგ ეკონომიკის სამინისტრო საინვესტიციო კონკურსს გამოაცხადებს.

„პირველ ეტპზე, საინვესტიციო კონკურსის ფარგლებში შესაძლებელი იქნება ძველი სასტუმროების პრივატიზიება, შემდეგ კი, რა თქმა უნდა, გენგეგმის საფუძველზე, ნებისმიერ სხვა ინვესტორსაც ექნება საშუალება უკვე გეგმაზომიერი გენგეგმის მიხედვოთ განახორციელოს თავისი ინვესტიცია წყალტუბოში”- აღნიშნა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინსიტრმა.

მაია ცქტიშივილის თქმით, წყალტუბოში სხვადასხვა პროექტების განხორციელებამ ხელი უნდა შეუწყოს დასაქმებას, ტურისტული ფუნქციის გაფართოებას და რეგიონის განვითარებას.

„დაახლოებით 20 000-მდე ადამიანი შეიძლება დასაქმდეს წყალტუბოს სასტუმროების და ბიზნესის მომსახურებაში. აუცილებელია ქალაქის ტურისტული ფუნქციის დატვირთვის გაფართოება არა მხოლოდ ბალნეოლოგიური კურორტის მიმართულებით. რა თქმა უნდა, მეტი ინვესტიციის განხორციელება, წყალტუბოსთან ერთად, ხელს შეუწყობს ქუთაისის განავითარებას“- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ცნობისთვის, დღეს წყალტუბოს გენგეგმის კონცეფციები კონკურსანტმა კომპანიებმა წარადგინეს. ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ სექტემბერში გამოცხადებულ კონკურსში სამი კომპანია მონაწილეობს: შპს „ბაუ დიზაინი“, შპს „დისტანციური ზონდირებისა და გეოინფორმაციული სისტემების საკონსულტაციო ცენტრი გეორგაფიკი“ და შპს „არტსტუდიო-პროექტი“. წინადადებების შერჩევა-შეფასების პროცესის დასრულების შემდეგ, კონკურსში გამარჯვებული კომპანია წყალტუბოს გენერალური გეგმის კონცეფციას ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღის განმავლობაში შეიმუშავებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system