თავში

როგორ უნდა ხდებოდეს საძოვრების მდგრადი მართვა

როგორ უნდა ხდებოდეს საძოვრების მდგრადი მართვა
როგორ უნდა ხდებოდეს საძოვრების მდგრადი მართვა

აგრარული სფეროს სპეციალისტი, მეცნიერი ანზორ მესხიშვილი მთავრობას რეკომენდაციას უწევს, თუ როგორ უნდა იმართებოდეს მიწა და რა ღონისძიებებია გასატარებელი საძოვრების მაღალეფექტურად გამოყენების მიზნით. მესხიშვილის ინფორმაციით, სასოფლო-სამეურნეო მიწების 26% საძოვარს უკავია. მათ შორის დმანისის რაიონში 59 583 ჰა, გურჯანის რაიონში 11 900 ჰა. და ყაზბეგის რაიონში 42 265 ჰა. საბჭოთა პერიოდში, როცა მიწის ბალანსი არსებობდა,  საძოვარი ფართობები აღირცხებოდა - ზაფხულის საძოვრები ცალკე და ზამთრის საძოვრები ცალკე, რაიონების მიხედვით, ასევე ცალკე აღირცხებოდა, იყო თუ არა საძოვარი გაწყლოვანებული და დაქვიანებული.

როგორც მეცნიერი განმარტავს, საქართველოს 2010 წლის ივნისის კანონით „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საძოვრები პრივატიზირებას არ ექვემდებარება, გარდა 2005 წლის 30 ივლისმდე იჯარით გაცემული საძოვრებისა და საძოვრებისა, რომლებიც დადგენილი წესით შესაბამისი სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოს მიერ გაცემული აქტით დამაგრებულია მათზე მდებარე, ფიზიკური ან/და იურიდიული პირის კერძო საკუთრებაში არსებულ ან/და სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობებზე. ასევე პრივატიზაციას არ ექვემდბარება პირუტყვის გადასარეკი ტრასები.

,,ზოგიერთი რაიონებიდან პირუტყვის (საქონლის) გადაყვანა ზაფხულის საძოვრებზე და უკან დაბრუნება ხდებოდა ტრანსპორტით, ძირითადად გადასარეკი ტრასებით, საჭიროა შესწავლილი იქნას პირუტყვის გადასარეკი ტრასების მდგომარეობა, რათა ადგილი არ ჰქონდეს გადასარეკი ტრასების უნებართოდ დაკავებას; მნიშვნელოვანია, მოხდეს საძოვრების დეგრადაციის გამომწვევი მიზეზებისა და დეგრადაციის მდგომარეობის შესწავლა, რათა ვიცოდეთ საძოვრების რამდენი პროცენტია დეგრადირებული; ამავე დროს, დასაზუსტებელია რა ღონისძიებებია საჭირო საძოვრების საფარის ეფექტურად გამოყენებისათვის. აღურიცხავი და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრები უნდა გადაეცეს მუნიციპალიტეტებს საკუთრებაში იმ საძოვრების გარდა, რომლებიც განლაგებულია ფაქტობრივად დაცარიელებული სოფლების ირგვლივ; მიმაჩნია, რომ უნდა აიკრძალოს საძოვრების გაყიდვა კერძო საკუთრებაში, გარდა ფაქტობრივად დაცარიელებული სოფლების ირგვლივ არსებული საძოვრებისა; ხოლო დასახლებული სოფლების სიახლოვეს არსებული საძოვრები გადაეცეს სოფლებს საერთო სარგებლობაში; რაც შეეხება გამონაკლისს,  დაცარიელებული სოფლების ირგვლივ არსებული საძოვრები უნდა გაიყიდოს კერძო სამართლის იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე აუქციონის წესით შესაბამისი რაიონის მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით", - განმარტავს ანზორ მესხიშვილი.

რაც შეეხება საძოვრებზე დაწესებულ ტარიფებს, მესხიშვილის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, სახელმწიფო საძოვრების გასაყიდი საწყისი ფასია 60 ლარი. საძოვრებზე გადასახადი არის მინიმალური - 5 ლარი, მაქსიმალური ტარიფი 16 ლარია.

აღსანიშნავია, რომ მიწის დეგრადაციის პრევენციისთვის, საქართველოში საძოვრების მდგრადი მართვის პოლიტიკის შემუშავება იწყება.

ახალი პროექტის გასაცნობად, მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის 45-მდე წარმომადგენლის შეხვედრა ონლაინ რეჟიმში გაიმართა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system