თავში

როგორ უნდა შემცირდეს კლიმატის ცვლილების მავნე გავლენა

როგორ უნდა შემცირდეს კლიმატის ცვლილების მავნე გავლენა
როგორ უნდა შემცირდეს კლიმატის ცვლილების მავნე გავლენა

სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით ერთ-ერთი მთავარი აქცენტი კლიმატგონივრული ღონისძიებები იკავებს. საერთაშორისო მხარდაჭერის დიდი ნაწილი სწორედ კლიმატის ცვლილებასა და მასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს უჭირავს. როგორც სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელი კობა კობალაძე ამბობს, პრობლემა საკმაოდ მასშტაბურია და ქმედით ნაბიჯებს მოითხოვს.

გარდა იმისა, რომ გლობალური დათბობა რეალურად იწვევს სეტყვის სიძლიერეს და ინტენსივობას, რადგან აორთქლება მეტია, მეცნიერის შეფასებით, ისედაც გაუდაბნოების ზონაში მყოფ რეგიონებში მოსავლის მოყვანის პირობები უარესდება.

,,საქართველოში კლიმატის ცვლილებების გამო საკმაოდ რთული მდგომარეობაა, რაც მრავალმხრივ იწვევს პრობლემას და ქვეყანას მასთან გასამკლავებლად რესურსი არ აქვს. ამით არის განპირობებული ის მხარდაჭერა, რასაც საქართველო პარტნიორებისგან იღებს და კლიმატის ცვლილების ნეგატიური გავლენის შემცირებას ემსახურება. კლიმატგონივრულ ღონისძიებებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ბუნებრივი რესურსების ეფექტიანად გამოყენება, მწვანე ეკონომიკაზე გადასვლა, რასაც დღეს ალტერნატივა არ აქვს, რათა ჩვენ ამ გლობალურ გამოწვევას გავუმკლავდეთ.  გარდა ამისა, აუცილებელია წვეთოვან სისტემაზე გადასვლა, რაც არის კლიმატგონივრული მეთოდოლოგია, ასევე ქარის და წყლის ჰიდროელექტროსადგურების განვითარებას. საქართველოსთვის ეს ღონისძიებები ნაცნობია, საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით რამდენიმე პროექტი ხორციელდება, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, რამაც სხვადასხვა დროს დიდი ეკონომიკური ეფექტი მოგვცა. მნიშვნელოვანია, რომ არ გავჩერდეთ და ეფექტურად გამოვიყონოთ რესურსი, რაც ქვეყანას დიდი გლობალური პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება", - ამბობს კობა კობალაძე report.ge-თან.

კლიმატგონივრულ ღონისძიებებში მწვანე ეკონომიკის როლის გაძლიერებაზე საუბრობს ,,მწვანეთა მოძრაობის" წარმომადგენელი რუსიკო სიმონიძე, რომელიც ფიქრობს, რომ ევროპული გამოცდილება ამ მხრივ საუკეთესოა და ამ მეთოდების დანერგვა დიდ სარგებელს მოგვიტანს.

,,ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მწვანე ეკონომიკა წახალისდეს. ეს პროცესი ჯერჯერობით ნელი ტემპით მიმდინარეობს, მაგრამ მეტნაკლებად დაწყებულია სამუშაოები. ბოლო დროს განსაკუთრებით ყურადღება ექცევა ისეთ საკითხებს, როგორიცაა განახლებადი ენერგია, ენერგოეფექტურობა, ნარჩენების გადამუშავების თემები, ასევე სოფლის მეურნეობის საკითხები და სხვა, რა მიმართულებითაც მნიშვნელოვანი ღონისძიებები უნდა განხორციელდეს. ახალს ვერაფერს გავაკეთებთ, როცა არსებობს ევროპული გამოცდილება. ამ მხრივ  მთავარი მწვანე ეკონომიკაზე გადასვლაა, რადგან ვხედავთ, რომ ბუნებაში ყველაფერი უარესობისკენ მიიმართება და ეფექტური ღონისძიებებით ხელი უნდა შეეწყოს გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირებას, მათ შორის იმ ღონისძიებების გამოყენებით, რასაც ევროპული ქვეყნები მიმართავენ, მათ შორის, საკანონმდებლო დონეზეც, რადგან ამის გარეშე პრბლემა რეალურად ვერ მოგვარდება, რაც არ უნდა გავაკეთოთ", - ამბობს რუსიკო სიმონიძე report.ge-თან.

ცნობისთვის, „სოფლის განვითარების პროგრამას“ ახორციელებს სოფლის განვითარების სააგენტო (RDA) ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის” (ENPARD) ფარგლებში.„სოფლის განვითარების პროგრამა” ქედას, ხულოს, ბორჯომის, ახალქალაქის, თეთრიწყაროს, ყაზბეგის, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში ხორციელდება.  „სოფლის განვითარების პროგრამის” ფარგლებში დაფინანსებულია 28 პროექტი, ინვესტიციის ჯამური ღირებულება 4,800,000 ლარს აჭარბებს, თანადაფინანსება 3 მილიონ ლარზე მეტია. ამის შესახებ აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ყოვეთვიური გაზეთის აპრილის გამოშვებაში.

შეგახსენებთ, სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში, შპს „ბიორასმა“, 60 მზის პანელისა და 24 მზის ბატარეის შესაძენად, 30,000 ლარის ოდენობით თანადაფინანსება მიიღო. გამომუშავებული ენერგიით, პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში 12 ჰა-ზე გაშენებული კაკლის ბაღისა და მცირე სასათბურე მეურნების სარწყავი წყლით უზრუნველყოფა ხდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system