თავში

როგორ უნდა ვითარდებოდეს საპენსიო უზრუნველყოფის სისტემა

როგორ უნდა ვითარდებოდეს საპენსიო უზრუნველყოფის სისტემა
როგორ უნდა ვითარდებოდეს საპენსიო უზრუნველყოფის სისტემა

სპეციალისტები დაგროვებითი პენსისს შესახებ მოსალოდნელ ცვლილებას report.ge-ს მეშვეობით ეხმაურებიან. მათი შეფასებით, მართალია, დეტალები ჯერჯერობით გასაჯაროებული არ არის, თუმცა აუცილებელია ამ თემაზე მუშაობისას კონკურენციის  საკითხს განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს და  ქვეყანაში გაჩნდეს ალტერნატიული საპენსიო ფონდები, რომელსაც სახელმწიფო და კერძო წარმომავლობა ექნება. ასე ფიქრობს სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე, რომელსაც მიაჩნია, რომ რამდენიმე ფონდის შექმნით კონკურენციის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგმევა.

,,საპენსიო ფონდთან დაკავშირებით მუშაობა და სრულყოფა შეიძლება აბსოლუტურად განსხვავებული მიმართულებით წავიდეს. არ გამოვრიცხავ, ეს იყოს, ვთქვათ, როგორც საპენსიო ასაკის ცვლილების კუთხით, ისე დაგროვებითი  პენსიის ნორმის, პროცედურების მიხედვითაც, როგორ უნდა მოხდეს თანხის აკუმულირება ფონდში და სხვა, ბევრი საკითხია განსახილველი. საჭიროა მეტი ტრანსფარენტულობა, რამდენიმე საპენსიო ფონდის დაშვება და  პორტირების შესაძლებლობა, ყოველგვარი შეფერხების გარეშე.  გარდა ამისა, საპენსიო ფონდი უნდა იყოს როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო წარმომავლობის და პიროვნებას თვითონ ჰქონდეს არჩევანის საშუალება, რომელ ფონდში მოახდინოს თავისი სახსრების განთავსება. მოკლედ, საჭიროა რაც შეიძლება მეტი დემოკრატიულობა, ტრანსფარენტულობა და დაგროვილი თანხის პორტირების საშუალება, ყოველგვარი დისკრიმინაციული ნიშნის აგარეშე. ამით გაუმჯობესდება საპენსიო ფონდში არა მხოლოდ თანხის მობილიზება, არამედ საზოგადოების წევრთა ნდობა საპენსიო ფონდების (და არა ფონდის) მიმართ", - აცხადებს სოსო არჩვაძე report.ge-თან.

კონკურენციის საკითხი მიაჩნია ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად აკადემიკოს ავთო სილაგაძეს, რომელიც მთავრობას ამ მიმართულებით მუშაობის გააქტიურებისკენ მოუწოდებს. გარდა ამისა, იგი თვლის, რომ საპენსიო ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა პროცესი უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე.

,,საპენსიო ფონდმა უნდა დაგვანახოს თავისი მუშაობის ეფექტიანობა განვლილ პერიოდში. მოსახლეობა უნდა დარწმუნდეს, რომ მათი შენატანები სახელმწიფოს მიერ ეფექტურად გამოიყენება. ინფორმაცია უნდა იყოს საზოგადოებისთვის მიწოდებული და გამჭვირვალე. გარდა ამისა, ისე არ უნდა მოხდეს, რომ შენატანებმა შემცირება გამოიწვიოს მყარ ვალუტაში.  იმედია, ასე არ იქნება, ამიტომ უნდა გვქონდეს ზუსტი ინფორმაცია თუ რა შედეგია მიღწეული. ამასთან ერთად, უნდა ვიცოდეთ, საპენსიო ფონდის მენეჯმენტის ხარჯი რამდენს შეადგენს. ცხადია,  საპენსიო ფონდში ცვლილება  იქნება ხშირად, რასაც ვეთათანხმები, მაგრამ საბოლოო ჯამში პროცესი უნდა წავიდეს ისე, რომ არა ერთი, არამედ რამდენიმე საპენსიო ფონდი არსებობდეს, თუ გვინდა, რომ  ამ მიმართულებით კონკურენციის შესაძლებლობა გაჩნდეს", - აცხადებს ავთო სილაგაძე report.ge-თან. 

შეგახსენებთ, რომ დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში ცვლილება იგეგმება. საპენსიო სააგენტო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებზე მუშაობს, რა პროცესშიც სააგენტო რეკომენდაციების მისაღებად საინვესტიციო საბჭოს მიმართავს. საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს სხდომში არაა დაზუსტებული, რა ცვლილებაზეა საუბარი.

საპენსიო სააგენტოს 12 აპრილის მონაცემებით, საპენსიო აქტივების მოცულობა 1.37 მლრდ ლარია, აქედან დარიცხული სარგებელი 140 მლნ ლარს აღწევს. სულ სქემაში 1,137,380 ადამიანია ჩართული, კერძო ორგანიზაციათა რაოდენობა 74,646. საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 765 -მა ადამიანმა. მოქალაქეთა დაზოგილი თანხის 70% კომერციული ბანკების მიერ გამოშვებულ სადეპოზიტო სერტიფიკატებში არის განთავსებული, 30% კი ქართული ბანკების მიმდინარე დეპოზიტებს წარმოადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system