თავში

როგორი საკრედიტო რეიტინგის ისტორია აქვს საქართველოს

როგორი საკრედიტო რეიტინგის ისტორია აქვს საქართველოს
როგორი საკრედიტო რეიტინგის ისტორია აქვს საქართველოს

ქვეყნების საკრედიტო რეიტინგები (სუვერენული რეიტინგები) ძირითადად სუვერენული ევროობლიგაციების (სახელმწიფოს მიერ არა ადგილობრივ ვალუტაში გამოშვებული ობლიგაციები) შესადარებლად გამოიყენება.საერთაშორისო ინვესტორი, რომელიც ნაკლებად იცნობს ადგილობრივ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს, საინვესტიციო გადაწყვეტილების პროცესში შეფასების პირველ კრიტერიუმად დიდი ალბათობით მსგავსს რეიტინგს გამოიყენებს.


საკრედიტო რეიტინგები კრიტიკის საგანიც არაერთხელ გამხდარა. კრიტიკის ძირითადი მიზეზი კრედიტის, როგორც ფინანსური ინსტრუმენტის თვისებებში უნდა ვეძებოთ. საბოლოო ჯამში, კრედიტი ბინარული ინსტრუმენტია; მისი შეფასებისას მთავარი ფაქტორია დგება თუ არა ე.წ. „დეფოლტი“ (მსესხებლის არაკრედიტუნარიანად აღიარება). ისტორიას ახსოვს ფაქტები, როდესაც უმაღლესი საკრედიტო რეიტინგის მქონე ინსტიტუტები/ინსტრუმენტები დამდგარან დეფოლტის წინაშე. ცნობილი მაგალითია ე.წ. CDO-ები 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის დაწყებისას. აღნიშნული ინსტრუმენტები კრიზისის გავრცელებამდე ინარჩუნებდნენ უმაღლეს კატეგორიის (AAA) რეიტინგს, რაც თავის მხრივ, მათ ლიკვიდურობასა (ფულად სახსრებში მარტივად კონვერტირება) და სანდოობას უზრუნველყოფდა, ბანკები მარტივად იგირავებდნენ მათ სხვადასხვა ტიპის გარიგებების უზრუნველსაყოფად, რეგულატორის მიერ მიღებული წესების სრული დაცვით. თუმცა, კრიზისის დაწყებისთანავე, მათი უმრავლესობა „დადეფოლტდა“, რამაც საკრედიტო სააგენტოებისადმი ნდობა მნიშვნელოვნად შეარყია. საკრედიტო სააგენტოებს ასევე აკრიტიკებენ მათი შედარებით ნელი, ბიუროკრატიული პროცესების გამო. აქედან გამომდინარე, მათი შეფასებები შესაძლოა არ ასახავდეს გამომშვების მიმდინარე მდგომარეობას და მოძველებულ მონაცემებს ეყრდნობოდეს. და ბოლოს, აღნიშნული სააგენტოები კომერციული ორგანიზაციები არიან და მათი სერვისის საფასურს გამომშვებები იხდიან, რაც თავის მხრივ კითხვებს აჩენს ინტერესთა კონფლიქტის ირგვლივ.

საქართველომ პირველი სუვერენული საკრედიტო რეიტინგი 2005 წელს S&P-სგან მიიღო და იგი “B+”-ით განისაზღვრა, ამას მოჰყვა Fitch-ის რეიტინგი 2007 წელს „BB-“. საერთაშორისო რეიტინგებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მთავრობის მიერ პირველი ევროობლიგაციის ($500მლნ) წარმატებით გამოშვებაში 2008 წლის გაზაფხულზე. სამივე სააგენტოს მიერ რეიტინგი კი, მხოლოდ 2010 წელს მოვიპოვეთ, როდესაც Moody’s-მა „Ba3” რეიტინგი მოგვანიჭა. 2005 წლიდან დღემდე რეიტინგების ისტორია ასე გამოიყურება:



თუ არ ჩავთვლით 2008 წლის აგვისტოში რეიტინგების შემცირებას, ქვეყნის სუვერენული რეიტინგი სტაბილურად, თუმცა ნელა იზრდება. Moody’s-მა საქართველოს რეიტინგი “BB”-ს ექვივალენტამდე ჯერ კიდევ 2017 წელს გაუზარდა (11 სექტემბერს), ამას მოჰყვა Fitch-ის მიერ რეიტინგის გაზრდა მიმდინარე წლის 22 თებერვალს და სულ ახლახანს (11 ოქტომბერს) იგივე რეიტინგის მინიჭება ამჯერად S&P-ის მიერ.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სხვადასხვა სააგენტოს რეიტინგები უმრავლეს შემთხვევაში ერთმანეთს ემთხვევა, თუმცა რეიტინგების ცვლილება დროში სცდება ხოლმე ერთმანეთს. აქედან გამომდინარე, სპეციალისტების შეფასებით, S&P-ის ეს ნაბიჯი მოსალოდნელი და ცოტა დაგვიანებულიც კი იყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system