თავში

როგორი სეზონი ჰქონდათ მსოფლიოს მეღვინეებს

როგორი სეზონი ჰქონდათ მსოფლიოს მეღვინეებს
როგორი სეზონი ჰქონდათ მსოფლიოს მეღვინეებს

2019 წლის სეზონი მსოფლიოს წამყვანი მეღვინეებისთვის ბუნდოვანი აღმოჩნდა. ზოგი მას იდეალურს უწოდებს, ზოგი კი, ამინდს უჩივის და მოსავლიანობით უკმაყოფილოა. ამერიკული ბიზნეს პორტალი Bloomberg მსოფლიოს წამყვან ღვინის რეგიონებში დააკვირდა და სეზონის შეფასება სცადა.

ამერიკაში, კალიფორნია მოსავალს არ უჩივის, თითქმის სრულყოფილი მოსავალია. "კარგი კოლექციაა შესანიშნავი სტრუქტურის მქონე ღვინოების დასამზადებლად’’, - განუცხადა Bloomberg-ს კალიფორნიაში Napa Valley-ეს ვენახების მეპატრონემ დენ პეტროსკიმ. მისივე თქმით, ზაფხულის თბილმა პერიოდმა, რომელიც აგრილებამ და წვიმამ შეცვალა, ვენახისთვის იდეალური პირობები შექმნა. კალიფორნიაში თეთრი ღვინოები უკვე წარმოებაშია, ხოლო კაბერნე სოვინიონის (Cabernet Sauvignon) ყურძენს ახლა იღებენ. როგორც Bloomberg წერს, წელს კალიფორნიაში ყურძნის უხვი მოსავლის გამო, მეღვინეები ოპტიმისტურად არიან განწყობილები და განსაკუთრებულად კარგ მოგებას პროგნოზირებენ.

რაც შეეხება საფრანგეთს, გასულ წელთან შედარებით, რეგიონში მოსავლიანობა 30%-40% -ით შემცირდა, განსაკუთრებით Gewurztraminer-ის ჯიშისთვის.

"ჩვეულებრივ გრილ ელზასის რეგიონში ეს ზაფხული ძალიან ცხელი იყო, რაც მწარმოებლებისთვის გამოწვევად იქცა, რადგან გვალვისა და სიცხის გამო, კარგი ღვინის წარმოება შესაძლებელია სიგრილეში შენახვის პირობებში", - იუწყება სააგენტო.

უფრო ოპტიმისტურად არიან განწყობილები ბორდოში. როგორც შატო Lafite-Rothschild-ის მეღვინეობის ხელმძღვანელი აცხადებს, სიცხე ხელს უშლის ობის განვითარებას, შესაბამისად, წლევანდელი წელი უხვმოსავლიანია. "გასულ კვირას დასრულდა მერლოტის (Merlot) მოკრეფა. უჩვეულოდ კარგი მოსავალი მივიღეთ, ნაყოფიერი და ჯანსაღი მტევნები, რაც ძალიან მახარებს", - ამბობს ის.

"ბურგუნდიაში წითელი ჯიშის კარგი ყურძნის მოსავლიანობაა გაზრდილი, წელს კი, წითელი ღვინოები წინა წლებთან შედარებით ოდნავ უფრო ალკოჰოლური იქნება", - გვაფრთხილებენ Bloomberg–ის რესპოდენტები. აღსანიშნავია ისიც, რომ ზოგადი მოსავალი აპრილის ყინვების გამო შედარებით მცირეა. ზოგიერთ ვენახში - 50-60% -ით ნაკლებ ყურძენს იღებენ, ვიდრე - შარშან. ბიზნეს პორტალის ცნობით, უფრო მცირე მოცულობით წარმოებული ღვინის ღირებულება შეიძლება გაიზარდოს. ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ოლქ შამპანში ყურძნის აღება უკვე დასრულდა. წლევანდელი წელი აქაც რთული იყო, რადგან ზამთარი უჩვეულოდ სველი, ზაფხული კი მშრალი გამოდგა. Bloomberg-ის ცნობით, 1000 ჰექტარზე მეტი ვენახი სიცივემ გაანადგურა, ნაწილი კი - დაისეტყვა.

იტალიაში ღვიბის მწარმოებლები თვლიან, რომ წელი კარგი იყო, თუმცა წარმოება 10%-15% -ით შემცირდება. როგორც Bloomberg აღნიშნავს, მიზეზი არამარტო ამინდი, არამედ Chianti-ის ჯიშზე ამერიკის შეერთებულ შტატებსა და გერმანიაში მოთხოვნის შემცირებაა. ეს ქვეყნები კი, იტალიური ღვინისთვის ორი უდიდესი ბაზარია.

ევროპის ბევრ ქვეყანაში ძლიერ სიცხეს უჩიოდნენ, მაგრამ ესპანეთში ზაფხული ზომიერი იყო. როგორც Bloomberg-ს ადგილობრივი ღვინის მწარმოებლებმა განუცხადა, აქ ზამთარი მშრალი იყო, ხოლო გაზაფხულზე ჩვეულებრივზე მეტად წვიმიანი. მეღვინეები თვლიან, რომ მოსავალი იქნება საუკეთესო, მაგრამ, როგორც დანარჩენ ევროპაში, ესპანეთშიც მოსალოდნელზე ნაკლები წარმოებაა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system