თავში

როგორი სტიმულია საჭირო ეკონომიკის დაკრედიტების გასაზრდელად

როგორი სტიმულია საჭირო ეკონომიკის დაკრედიტების გასაზრდელად
როგორი სტიმულია საჭირო ეკონომიკის დაკრედიტების გასაზრდელად

2020 წელს, ეპიდემიური მდგომარეობის პირობებში, სავაჭრო სექტორი პირველია, სადაც ყველაზე მეტი რაოდენობის სესხია გაცემული. სპეციალისტების რეკომენდაციით, სხვა სექტორებში დაკრედიტების გაზრდის მიზნით, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობასა და მრეწველობაში, მნიშვნელობვანია სპეციალური პროგრამების შემუშავება, რომელიც სტიმულს მისცემს ბანკებს და ამ ტიპის სესხებზე ხელმისაწვდომობას გაამარტივებს. როგორც საბანკო სფეროს სპეციალისტი, პროფესორი ლია ელიავა აღნიშნავს, მიდგომა უნდა იყოს ისეთი, როგორის მთავრობამ უძრავი ქონების ბაზრის მიმართ შეიმუშავა, რითაც დარგს გადარჩენის შანსი მისცა და ამავდროულად საბანკო სექტორიც წაახალისა.

,,ბიზნესისთვის გაცემული სესხების მეტი წილი, რა თქმა უნდა, არის ვაჭრობა. პირველ რიგში, ეს არის იმპორტზე გაცემული სესხი. თუმცა ვიცით, რომ მოთხოვნის კლების გამო იმპორტიც შემცირდა, შესაბამისად - ამ მიმართულებით გაცემული სესხების მოცულობაც. დღევანდელი ეკონომიკის პირობებში ეს ნორმალური მოვლენაა. მართალია, საბანკო სექტორიც განიცდის ზარალს, მაგრამ ეს უმნიშვნელოა, ყველაზე დაზარალებული საბოლოოდ მაინც ქვეყნის ეკონომიკაა. ვიმედოვნებ, რომ ამ მძიმე პანდემიური მდგომარეობის გავლის შემდეგ ბიზნესი ამუშავდება და მასზე გაცემული სესხების რაოდენობაც მოიმატებს.ცხადია, ვაჭრობა ვერასდროს ვერ დაზარალდება, ერთადერთი დარგია, რომელიც საკმაოდ ეფექტიანად მუშაობს საქართველოში, ხოლო სოფლის მეურნეობას და მრეწველობას აუცილებლად სჭირდება სახელმწიფოს ფინანსური და არაფინანსური დახმარებაც, რადგან დამოუკიდებლად ეს დარგები ვერ განვითარდებიან. ამიტომ ბანკებს უნდა შეუქმნან ისეთი სტიმული, რომ მათთვის ხელსაყრელი იყოს ამ სფეროების დაფინანსება, მაგალითად, უძრავი ბაზრის მიმართ გააკეთეს სესხების სუბსიდირების სახით.  მსგავსი პროგრამა მრეწველობისა და სოფლის განვითარების მიმართულებითაც უნდა შემუშავდეს", - აცხადებს ლია ელიავა report.ge-თან. 

ცნობისთვის, 2020 წლის 11 თვეში ქართულმა კომერციულმა ბანკებმა სულ 13.3 მილიარდი ლარის ახალი ბიზნეს სესხები გასცეს, რაც 3 მილიარდი ლარით ნაკლებია, 2019 წელთან შედარებით. ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) იანვრის ფინანსური და მაკროეკონომიკური ინდიკატორების ანალიტიკურ ანგარიშში.

სებ-ის ცნობით, 2020 წლის 11 თვეში უცხოური ვალუტით გაცემული ახალი სესხების მოცულობა 8.4 მილიარდი ლარი იყო, რაც 1.7 მილიარდით ნაკლებია წინა წლის 11 თვის მაჩვენებელთან შედარებით. 2019 წელთან შედარებით, ლარში გაცემული ახალი სესხების მოცულობა 2020 წლის 11 თვეში 1.3 მილიარდი ლარით, 6.6 მილიარდ ლარამდეა შემცირებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system