თავში

როგორი უნდა იყოს კანონმდებლობა ტურიზმის შესახებ

როგორი უნდა იყოს კანონმდებლობა ტურიზმის შესახებ
როგორი უნდა იყოს  კანონმდებლობა ტურიზმის შესახებ

ტურიზმის შესახებ საქართველო კანონს უკვე მესამედ იღებს. ახალი კანონმდებლობაზე მუშაობა დაიწყო. მართალია, დეტალები, თუ რა ცვლილებები შეიძლება კანონმდებლობის მეშვეობით განხორციელდეს, უცნობია. თუმცა სპეციალისტები საუბრობენ, თუ როგორი უნდა იყოს კანონმდებლობა ტურიზმის შესახებ და როგორ განისაზღვროს ფუნქციები, რა გამოცდილება შეიძლება გაითვალისწინოს ქვეყანამ და რა -ვეღარ. როგორც ტურიზმის სფეროს სპეციალისტი, პროფესორი ნიკა კვარაცხელია report.ge-თან განმარტავს, კარგი იქნება, თუ სპეციალისტების ფართო სპექტრს მიეცემა საკუთარი პოზიციის შეთავაზების საშუალება და საკანონმდებლო ვერსიის განხილვაში მონაწილეობის მიღება, რაზეც ჯერჯერობით საუბარი არ არის.

,,ჩვენთვის ამ ეტაპზე ცნობილია მხოლოდ ფაქტი, რომ მზადდება ახალი კანონი ტურიზმის შესახებ. 2 დღის წინ შედგა გაერთიანებულის ხდომა, რომელშიც დაინტერესებული ორგანიზაციები მონაწილეობდნენ, მაგრამ სპეციალისტების უმეტესობისთვის სხდომა დახურული იყო. განათლების სისტემაში არის დარგობრივი მახასიათებლები, როგორ უნდა ისწავლებოდეს ტურიზმი, კომისიას მივწერე, რომ ჩვენი სწავლება თანხვედრაში უნდა იყოს ახალ კანონთან, რამდენად მოვახდენთ კორექტირებას, არ ვიცი, რადგან საჯარო განხილვა არ გამოქვეყნებულა, ხელმისაწვდომი არ არის. რატომღაც დახურული აღმოჩნდა ტურიზმის სფეროს მუშაკებისთვის. ცხადია, სჯობს, საერთო განხილვა იყოს, გამოითქვას აზრი, თუნდაც ძალიან კარგი ან ძალიან ცუდი, მაგრამ ამის შესაძლებლობა სპეციალისტების დიდ ნაწილს არ მოგვეცა. მიმაჩნია, რომ კანონის პრომოუშენი, მისი განხილვა საზოგადოებასთან კარგი იქნებოდა", - ამბობს კვარაცხელია. 

მისი ინფორმაციით, ტურიზმის შესახებ პირველი კანონი საქართველომ ჯერ კიდევ 1995 წელს მიიღო, ტურიზმის დეპარტამენტის მიერ შემუშავდა. რამდენიმე წლის შემდეგ, უკვე ნაციონალური პარტიის მმართველობის პერიოდში მეორედ იქნა კანონი მიღებული, ახლა უკვე მესამე კანონი მზადდება და, როგორც კვარაცხელია ამბობს, გაცილებით უკეთესი უნდა იყოს. 

,,ჯერჯერობით ვერ მივაღწიეთ, რომ რამდენიმე ძირითადი კანონის საფუძველზე ისწავლებოდეს ტურიზმი. ჩვენ საკანონმდებლო, სერტიფიცირებული კანონი არ გვაქვს, ბენდუქიძის მოთხოვნა იყო, რომ სერტიფიცირება არ გვქონოდა, ფიქრობდა, ბაზარი დაარეგულირებსო და ამ პოზიციას იმხანად მსოფლიო ბანკმაც  მხარი დაუჭირა. მგონია, რომ არასწორი მიდგომა იყო. ახალი ფუნქცია უნდა გაჩნდეს, ამისთვის საქართველო ჯერ არ არის მზად, ალბათ, კიდევ დიდხანს მოუწევთ კანონზე მუშაობა. კანონმდებლობა უნდა შედგებოდეს სამტომეული ან ოთხტომეულისგან, როგორც ეს თურქეთში, ესპანეთში, იტალიასა და სხვა ტურისტულ ქვეყანაშია. უნდა ვიცოდეთ, როგორ იდება ხელშეკრულებები ტურისტულ ორგანიზაციებს ადა მოქალაქეებს შორის, როგორ რეგულირდება საკითხები, ერთი კანონი ამას ვერ მოუვლის, მრავალი ქვეკანონია, რამაც თავისი როლი უნდა შეასრულოს. ჩვენს შემთხვევაში, როცა ტრანსპორტი გადავარდება ხევში, ხანძარი აღმოჩნდება სასტუმროში ან სხვა ტრაგიკული ფაქტების მომსწრე ვხდებით, მაშინ აღმოჩნდება, რომ თურმა შესაბამისი კანონი არ გვაქვს. წინასწარ უნდა იყოს განსაზღვრული ყველა ზომა, მათ შორის უსაფრთხოებასთან მიმართებაში. ბევრი რამ უცხოეთიდან უნდა ავიღოთ, განსაკუთრებით  ვირუსთან დაკავშირებით, კოვიდუსაფრხოების  შესახებ ევროპულმა ქვეყნებმა მაღალ დონეზე მიიღეს ზომები და მათი სტანდარტის გადმოღება სავსებით შესაძლებელია", - განმარტავს ნიკა კვარაცხელია. 

შეგახსენებთ, რომ დღეს ტურიზმის საკანონმდებლო ჩარჩოს მომზადებაზე იმსჯელეს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი და ბიზნეს ომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო კვეტენაძე ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაცით, ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსში 27 ასოციაცია და პარტნიორი ორგანიზაციაა გაერთიანებული და ჯამში 2000-ზე მეტ ბიზნეს სუბიექტს მოიცავს.

შეხვედრაზე ალიანსის წევრებმა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას და ბიზნეს ომბუდსმენს 2021 წლის სამოქმედო გეგმა გააცნეს, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ტურიზმის სფეროში კრიზისის დასაძლევად.

შეხვედრაზე განხილული იყო ტურიზმის ინდუსტრიაში სტანდარტების დანერგვის, საკანონმდებლო ჩარჩოს მომზადების, ერთობლივი საინფორმაციო ბაზის შემუშავების საკითხები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system