თავში

როგორია covid-19-ის გავლენა ენერგეტიკაზე

როგორია covid-19-ის გავლენა ენერგეტიკაზე
როგორია covid-19-ის გავლენა ენერგეტიკაზე

საშიშმა ვირუსმა თავისი ნეგატიური გავლენა ენერგეტიკის სექტორზეც მოახდინა. ოკუპირებული აფხაზეთის გარდა, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დენის მოხმარება შემცირდა. ენერგეტიკოსები ფიქრობენ, რომ აფხაზეთის მიმართ ენერგოპოლიტიკა უნდა შეიცვალოს. რაც შეეხება ელექტროენერგიის მოხმარების ზრდას, როგორც ენერგეტიკოსი დავით მირცხულავა საუბრობს, პროცესი დაიწყება, როგორც კი კორონავირუსი გადაივლის და შეიძლება დეფიციტის საფრთხეც გაჩნდეს, რის გამოც საქართველოს დენის იმპორტის ზრდა დასჭირდება.

,,ეკონომიკა შესუსტებულია და ელექტროენერგიის მოხმარებაზეც ადეკვატურად იმოქმედა. ეს პროცესი გაგრძელდება, სანამ პანდემიაა. თუმცა, ჩვენგან განსხვავებით, ოკუპირებულ რეგიონში მოხმარება ისევ მაღალ მაჩვენებელზეა და თითქმის გაუტოლდა თბილისში დენის მოხმარების დონეს, რაც საგანგაშო მაჩვენებელია და მთლიანი გაერთიანებული ელექტროსისტემის მუშაობას საფრთხეში აგდებს. აქედან გამომდინარე, როგორც კი ,,ენგურჰესის" რეაბილიტაცია დასრულდება სერიოზული მოლაპარაკება უნდა დავიწყოთ აფხაზეთთან, ასე მუდმივად ვერ გაგრძელდება. რაც შეეხება მოხმარების მაჩვენებელს, ეკონომიკის ვარდნაა და ამან მოთხოვნა შეამცირა, მაგრამ როგორც კი პანდემია დამთავრდება,  სწრაფ ზრდას დაიწყებს და ჩვენ  საკმაოდ დიდი დეფიციტის პირობებში აღმოვჩნდებით. კერძოდ, არ გვექნება საკმარისი მოცულობის ელექტროენერგია და დიდწილად იმპორტზე დამოკიდებული გავხდებით", - აცხადებს მირცხულავა.

ენერგეტიკოსის შეფასებით, ასეთ სიტუაციაში ახალი ჰიდროსადგურების მშენებლობა უალტერნატივოა და ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ეს პროცესი დაჩქარდეს.

,,არაერთხელ მითქვამს, რომ  აუცილებელია საქართველოში გაგრძელდეს ჰიდროსადგურების აშენება, რაც ხელოვნურად იზღუდება. ამ დროს ჰესებს ალტერნატივა არ აქვს. სრულადაც რომ გამოვიყენოთ მზისა და ქარის ენერგია, სიტუაციას ვერ უშველის. 6 მლრდ კვტ/სთ დენი დაგვჭირდება მომდევნო წელს, ამიტომ მიშვნელოვანი დეფიციტი გაჩნდება, რაც იმპორტს მოითხოვს. ამისგან დაცვის ერთადერთი გზა  ჰესების  მშენებლობის გააქტიურებაა, რა თქმა უნდა, ალტერნატიული წყაროების გამოყენებასთან ერთად, ამიტომ ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ", - აცხადებს დავით მირცხულავა.

ცნობისთვის, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკოს) მიერ გამოქვეყნებული ელექტროენერგიის ბალანსიდან ირკვევა, რომ 2020 წელს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 4.8%-ით შემცირდა და 12.17 მილიარდი კილოვატ საათი შეადგინა. მოხმარების კლებას სპეციალისტები ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ კრიზისს უკავშირებენ.

რაც შეეხება აფხაზეთს, როგორც გაირკვა, ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველთვიურად იზრდება. 2020 წლის განმავლობაში რეგიონმა დაახლოებით იმდენივე ელექტროენერგია მოიხმარა, რამდენიც 1.1-მილიონიანმა თბილისმა. 

აფხაზეთის მიერ საქართველოდან მიღებული უფასო ელექტროენერგია 2020 წელს 24%-ით გაიზარდა და 2.55 მილიარდი კილოვატ საათი შეადგინა. აფხაზეთისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის საბაზრო ღირებულება დაახლოებით $102 მილიონი დოლარია (ერთი კილოვატი 4 ცენტი).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system