თავში

როგორია ეროვნული ბანკის დროებითი საზედამხედველო გეგმა პანდემიისას

როგორია ეროვნული ბანკის დროებითი საზედამხედველო გეგმა პანდემიისას
როგორია ეროვნული ბანკის დროებითი საზედამხედველო გეგმა პანდემიისას

პანდემიამ ფინანსურ სექტორს პრობლემები შეუქმნა.  ამ გამოწვევების საპასუხოდ, ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა დროებითი საზედამხედველო გეგმა, რომელმაც ჩაკეტვის პერიოდში კრედიტორებს საგრძნობი მოცულობის სესხის მომსახურების გადავადების და, ამავდროულად, რეალური სექტორის დაკრედიტების გაგრძელების საშუალება მისცა.

ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის ცენტრალური ბანკების მმართველებთან, 29 ქვეყნის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელებთან, ვირტუალურ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

საქართველოს პირველი ბანკირის განმარტებით, პანდემიის პირობებში მონეტარული პოლიტიკის შერბილების პარალელურად, ლიკვიდობის მიწოდების დამატებითი ინსტრუმენტები ამოქმედდა, როგორიცაა სავალუტო სვოპი ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის, ასევე მცირე და საშუალო საწარმოების დაკრედიტების მხარდამჭერი ინსტრუმენტი. 

გვენეტაძის თქმით, შემსუბუქდა ადგილობრივი ვალუტისთვის ლიკვიდურობის გადაფარვის კოეფიციენტიც.

"ცხადია გვესმის, კრიზისი ჯერ არ დასრულებულა. მაგრამ გვჯერა, რომ მონეტარული პოლიტიკის შესაბამისი ქმედებები და მაკროპრუდენციული ინსტრუმენტების დროული გამოყენება ფინანსურ სექტორს საშუალებას მისცემს გაუძლოს პანდემიის ნეგატიურ გავლენას და, უფრო მეტიც, საქართველოს ეკონომიკის აღდგენაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს", - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, 2020 წლის იანვარ-სექტემბერში ქართულმა კომერციულმა ბანკებმა ჯამში 252 მილიონიანი ზარალი ნახეს. წელს ბანკებმა 456 მლნ ღირებულების ქონება დაისაკუთრეს.

როგორც ეროვნულ ბანკის ანგარიშიდან ირკვევა, სექტემბერში ფინანსური ინსტიტუტების საოპერაციო მაჩვენებლები გაუმჯობესდა, შედეგად წმინდა ზარალი, რომელიც 8 თვეში 317 მილიონ ლარს შეადგენდა, სექტემბერში 252 მილიონ ლარამდე შემცირდა.

ეროვნული ბანკის განმარტებით, თუ ბანკების მსგავსი საოპერაციო მაჩვენებლები წლის ბოლომდე შენარჩუნდება, მაშინ შესაძლოა, საფინანსო სექტორმა 2020 წელი კრიზისის მიუხედავად 100 მილიონ ლარზე ნაკლები ზარალით ან სულაც რამდენიმე ათეული მილიონი ლარის წმინდა მოგებით დაასრულოს.

რაც შეეხება, საბანკო სესხების გადავადების მესამე ტალღას, რომელსაც ბიზნესი ითხოვს, მთავრობა ამ საკითხზე ბანკების ხელმძღვანელებთან შეხვედრას გეგმავს. 

შეგახსენებთ, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად, მთავრობის შეამდგომლობით, კომერციულმა ბანკებმა მსესხებლებს სესხები 2-ჯერ სამი თვით გადაუვადა. ცენტრალური ბანკის მონაცემებით, 3 თვიანი გადავადების პირველ ტალღაში, საბანკო სესხების 55% მოექცა - 17 მლრდ ლარამდე პორტფელით, მე-2-ში 7 მლრდ ლარამდე (მთლიანი დაბანდების 20%-მდე).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system