თავში

როგორია ნამახვანჰესის ენერგეტიკული ფასეულობა

​როგორია ნამახვანჰესის ენერგეტიკული ფასეულობა
როგორია ნამახვანჰესის ენერგეტიკული ფასეულობა

კანონმდებლობის და ხელშეკრულების შესაბამისად, ნამახვანჰესი იქნება ქართული კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოში მოქმედი საწარმო, რომელიც ადგილობრივი რესურსით გამოიმუშავებს და საქართველოს ქსელს მიაწვდის ელექტროენერგიას და გადაიხდის გადასახადებს. ამის შესახებ აცხადებს “მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის”, WEG-ის  WEG ენერგეტიკული კვლევების დირექტორი, საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს EU4Energy პროექტის ექსპერტი, ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, მურმან მარგველაშვილი. მისი განმარტებით, ის იმართება ცენტრალური სადისპეტჩეროს მიერ და არა აქვს რაიმე უპირატესობა ექსპორტზე სხვა ჰესებთან შედარებით. 

"უფრო მეტიც, ზოგიერთი ჰესისგან განსხვავებით, არა აქვს გარანტირებული დაშვება საექსპორტო ხაზებზე. გავრცელებული მოსაზრება, თითქოს ნამახვანჰესი არ შეიტანს წვლილს ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, სრულიად უსაფუძვლოა. ნამახვანჰესი არის 433 მეგავატიანი, წყალსაცავიანი კასკადური ჰესი, რომელმაც უნდა იმუშაოს და ელექტროენერგია მიაწოდოს საქართველოს ენერგოსისტემას. მისი წლიური გამომუშავება 1500 გვტსთ საქართველოს 2020 წლის მოხმარების 12%-ია და ოთხჯერ აღემატება ქუთაისის 2020 წლის მოხმარებას. სადგურმა, სავარაუდოდ, უნდა იმუშაოს 100 წლის განმავლობაში და გამოიმუშაოს დღევანდელი 400 ქუთაისის ან 12 საქართველოს წლიური მოხმარების ტოლი ენერგია. წყალსაცავის სწორად გამოყენების შემთხვევაში, ნამახვანჰესს შეუძლია დამატებით დაახლოებით 600მგვტ მზის და ქარის სიმძლავრეების ქსელში ჩართვის უზრუნველყოფა, რამაც ამავე რაოდენობის დამატებითი ენერგია უნდა გამოიმუშაოს. ჯამში საუბარია დღევანდელი საქართველოს მოხმარების დაახლოებით 20-მაგი მოცულობის ელექტროენერგიის საკუთარი, განახლებადი წყაროებით გამომუშავებაზე,რაც საქართველოს განვითარებას და კეთილდღეობას უნდა ემსახუროს საუკუნის განმავლობაში. ნამახვანჰესი,იმპორტდამოკიდებულების და არსებული და მზარდი ელექტროენერგიის დეფიციტის შემცირების საშუალებაა. 15 წლიანი გამოსყიდვის პერიოდის შემდეგ, ის გახდება ადგილობრივი იაფი ენერგიის წყარო. სადგური შექმნის სისტემის ავარიულ რეზერვს და შეინახავს წყლის მნიშვნელოვან რაოდენობას ენერგოდეფიციტის შესავსებად. ნამახვანჰესის დილემა პიკური გამომუშავებით ჩაანაცვლებს ძვირ იმპორტს და გააძლიერებს საქართველოს ენერგოსისტემის რეგიონული ინტეგრაციის შესაძლებლობებს," - განმარტავს მარგველაშვილი და დასძენს, რომ კლიმატის ცვლილების თვალსაზრისით, ის მოგვცემს მოსალოდნელი გაზრდილი წყალმოვარდნების და გვალვების დარეგულირების და წყლის რაციონალურად გამოყენების საშუალებას. 

"ასევე, დიდი რაოდენობით სათბური გაზების გაფრქვევების დაზოგვით, დაგვეხმარება ევროკავშირის და გაეროს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებაში. გაზრდის განახლებადი ელექტროენერგიის წილს და ამით საქართველოში წარმოებულ ენერგოინტენსიურ ნაწარმს კონკურენტულს გახდის ევროკავშირის ბაზრებზე. ეს არის შესაძლებლობები, რასაც სათანადო მუშაობით გამოყენება ესაჭიროება. შეუძლებელია ამ პროექტის სრულფასოვნად ჩანაცვლება მზის, ქარის და მცირე ჰიდროსადგურებით ვინაიდან ისინი ან უფრო ძვირია, ან ტექნიკურად შეუძლებელი და ვერ უზრუნველყოფს ყველა ნახსენებ სარგებლებს. ნამახვანჰესის პროექტი უფრო მომგებიანია ასევე ხუდონის და ნენსკრას წყალსაცავიან პროექტებთან შედარებით. მოყვანილი გარემოებები აჩვენებს რომ ნამხვანჰესი საქართველოს ენერგეტიკის ერთერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია და მისი ფასეულობიდან გამომდინარე, მის აშენება-არაშენების საკითხი სათანადო ყურადღებას და გულისხმიერებას იმსახურებს," - აცხადებს ექსპერტი.

ნამახვანიჰესზე მედიაციაში ევროკავშირი ერთვება. ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის დირექტორი დირკ ბუშლე ნამახვანთან დაკავშირებულ დისკუსიას პირადად შეისწავლის. ამას წინ უძღოდა ერთობლივი წერილი, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით ნათია თურნავამ და ლევან დავითაშვილმა ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის ხელმძღვანელს დირკ ბუშლეს გაუგზავნეს და ნამახვანიჰესის პროექტის პროცესში ჩართვა და მხარეებთან მედიაცია სთხოვეს.

ქვეყანაში ჰესების წინააღმდეგ აქციები ბოლო 5 თვეა გააქტიურდა. რიონის ხეობაში პერმანენტული აქციები მიმდინარეობს. მოქალაქეები ნამახვანიჰესის ტერიტორიაზე შესვლას ცდილობენ, პოლიცია კი ამის ნებას მათ არ აძლევს. ნამახვანიჰესის საწინააღმდეგო აქციებზე, მსხვილი ჰესების მშენებლობის პროტესტების გარდა, ნათია თურნავას გადაყენებასაც ითხოვენ. მთავრობა ნამახვანჰესის მშენებლობის შეჩერებას არც კი განიხილავს.

ნამახვანჰესის კაშხლის მშენებლობა გადაიდო, ანუ, კომპანიასთან შეთანხმებით პროექტის განხორციელება შეჩერებულია უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში, ვიდრე ყველა კითხვას არ გაეცემა პასუხი, თუმცა კომპანია, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საგზაო სამუშაოებს აგრძელებს, რასაც მოსახლეობა აპროტესტებს.

მთავრობის განმარტებით, საქართველოს ეკონომიკური და ენერგეტიკული დამოუკიდებლობა ნამახვანიჰესზე გადის. მათივე მტკიცებით, ქვეყანას მცირე ჰესებთან ერთად, კაშხლიანი და წყალსაცავიანი ჰიდროსადგურებიც სასიცოცხლოდ ესაჭიროება, რადგან ქვეყანა არაა მდიდარი ნავთობითა და გაზით. ის სიმდიდრე, რაც საქართველოშია წყალია და წყლის რესურსის გამოყენება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ზოგადად ადგილობრივი წარმოების განვითარება. მთავრობა ამტკიცებს, რომ საქართველომ წლების წინ გააკეთა ისტორიული არჩევანი და ევროპული ენერგოსისტემის ნაწილი გახდა.

ნამახვანჰესის მშენებლობას პრემიერ-მინისტრიც განმარტავს. ირაკლი ღარიბაშვილის აზრით, ნამახვანჰესის მშენებლობას ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისა და ეკონომიკის სწრაფი ტემპით განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. მთავრობის მეთაურის თქმით, კომპანია პანდემიის დროს შექმნილი კრიზისის პირობებში 840 მილიონ დოლარიან ინვესტიციას ახორციელებს, რისი შეფერხებაც არაგონივრული და გაუმართლებელია.

ენერგეტიკში 10 მილიარდ ლარზე მეტი FDI დაპაუზებულია. 2020 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (FDI) 2019 წელთან შედარებით 52,9%-ით შემცირდა და 15-წლიან მინიმუმზე დაფიქსირდა. ერთ-ერთი სექტორი, სადაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მკვეთრად შემცირდა ენერგეტიკაა. შარშან საქართველოს ენერგეტიკაში $6 მილიონი დოლარი ჩაიდო. ენერგეტიკაში ინვესტიციების კლებას ჰესების საწინააღმდეგო კამპანიას უკავშირებენ.

ნამახვანიჰესის კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობა შეჩერდა. ამ ჰესის კასკადის პროექტი ქართველმა დირექტორმა, მერაბ ლომინაძემ, ჩაიბარა. მანამდე მინისტრები პარლამენტში „რაჭა-ლეჩხუმში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით“ 10 135 მოქალაქის პეტიციის განხილვის ფარგლებში მივიდნენ და ანგარიში წარადგინეს. სხდომას, დეპუტატებთან ერთად ექსპერტები, ენერგეტიკოსები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და „რიონის ხეობის მცველების“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კიდევ უფრო მანამდე კი, 5 მარტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრა გამართა. მათ ცაგერის მოსახლეობას ჰესის მშენებლი კომპანიისთვის, "ენკასთვის," მიწის გადაცემის საკითხები განუმარტეს, ისაუბრეს, რატომ აშენებს ჰესს უცხოელი ინვესტორი და არა - სახელმწიფო, ადგილობრივებს ნამახვანიჰესის უსაფრთხოების დეტალებიც გააცნეს, მოსახლეობის წინაშე მინისტრებმა აიღეს პასუხისმგებლობა, რომ მთავრობა "ენკას" ადგილობრივი მოსახლეობის გადამზადებას მოსთხოვს. მოსახლეობასთან პირისპირ შეხვედრისას, მინისტრები დარწმუდნენ რიონის ხეობის მცველთა პროტესტის გულწრფელობაში და გამოთქვეს მზადყოფნა ერთობლივი მსჯელობით გამოინახოს გზა, რომელიც წაადგებამ როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე სრულიად საქართველოს. მთავრობა ჰესის უსაფრთხოებაში დარწმუნებულია.

ნამახვანის ჰესი $800 მილიონიანი თურქული ინვესტიციით შენდება. ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები ჰესის ასაშენებლად 4 ლოკაციაზე მიმდინარეობს და ნათია თურნავა პოცესს რამდენიმე დღის წინ თავად გაეცნო. ნათია თურნავა ნამახვანი ჰესის პროექტს ენერგეტიკაში საუკუნის პროექტად მიიჩნევს. მისი თქმოით, ნამახვანი ჰესის გაშვების შემდეგ ადგილობრივი ენერგოგენერაცია მოთხოვნის 12%-ის დაკმაყოფილებას შეძლებს.

გეგმის მიხედვით, ნამახვანის ჰესების კასკადი ექსპლუატაციაში 2024 წელს შევა.

იმისთვის, რომ გაიგოთ, რა გზა გაიარა ნამახვანჰესის პროექტმა საბჭოთა პერიოდიდან დღემდე, იკითხეთ report.ge-ს ეკონომიკური ანალიტიკა.

რას კარგავს საქართველო ჰესების არ აშენებით, ნახეთ აქ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system