თავში

როგორია საარსებო მინიმუმის შესაბამისობა ფასებთან

როგორია საარსებო მინიმუმის შესაბამისობა ფასებთან
როგორია საარსებო მინიმუმის შესაბამისობა ფასებთან

საარსებო მინიმუმი მცირედით გაიზარდა, მაგრამ ვერც ამ პირობებში არის რეალობის ადეკვატური, რაზეც report.ge-თან აკადემიკოსი ავთო სილაგაძე აცხადებს. მისი თქმით, რომ საარსებო მინიმუმის არაადეკვატური მაჩვენებელი ფასების ტენდენციას არათუ არ შეესაბამება, რადიკალურად აცდენილია. აქედან გამომდინარე, როგორც სილაგაძე აღნიშნავს, რეალური ან რეალურთან მიახლოებული საარსებო მინიმუმის დადგენისათვის საჭიროა გატარდეს ისეთი ღონისძიებები, რაც არსებულ მოდელს საერთაშორისო სტანდარტთან დაახლოვებს.

,,საარსებო მინიმუმი არაადეკვატურია, როგორ დავიჯეროთ, რომ შრომისუნარიან ადამიანს საკუთარი თავის რჩენა 192,5 ლარზე მეტი არ უჯდება? ასეთი სტატისტიკა რეალობასთან ახლოსაც არ არის. ალბათ, 2-ჯერ მეტი თუ არა,  დაფიქსირებულ მონაცემს გაცილებით მეტი უნდა იყოს საარსებო მინიმუმი დღევანდელ სიტუაციაში, მაგრამ ეკონომიკა ამის საშუალებას არ იძლევა. ცხადია, ეს არ არის საკმარისი, სულ მცირე, უნდა გვქონდეს სტრატეგია, რა პერიოდში როგორ გავზრდით საარსებო მინიმუმს, როდის რას მივაღწევთ. ეს გათვლა უნდა გაკეთდეს, მაგრამ არც გეგმაა და არც მცდელობა, რომ ვინმეს ქმედითი ნაბიჯების გადადგმა სურდეს ამ მიმართულებით. საარსებო მინიმუმის ზრდა რომ მოხდეს, ეკონომიკა უნდა განვითარდეს. ახლა პანდემიური ეკონომიკაა და სერიოზულ განვითარებაზე საუბარი ძნელია, მაგრამ ასე ვერ გაგრძელდება, პირველ რიგში, ეროვნული ეკონომიკა უნდა განვითარდეს, რადიკალურად შემობრუნებაა საჭირო. პანდემიამ ყველა ქვეყანა ჩაახედა, რომ მოძებნონ საკუთარი რესურსი, რათა ზედმეტად არ იყვნენ  ერთმანეთზე დამოკიდებული. სტრატეგიული გეგმაა შესამუშავებელი, მათ შორის, საარსებო მინიმუმთან დაკავშირებით, რადგან არსებული მაჩვენებელი ის თანხა, რითაც რეალურად სიღარიბის უკიდურეს ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის განმსაზღვრელად იყენებენ ანუ ეს არის არა ჩვეულებრივი, არამედ უკიდურესი სიღარიბის განმსაზღვრელი, რაც ყოვლად წარმოუდგენელია და ჩვენი ქვეყნის სიდუხჭირეზე მეტყველებს", - აცხადებს ავთო სილაგაძე.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის დეკემბერში, ნოემბერთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა გაიზარდა.

დეკემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცთა საარსებო მინიმუმი 3 ლარით გაიზარდა და 192.5 ლარზე დაფიქსირდა.

საქსტატის ინფორმაციით, ნოემბერთან შედარებით, დეკემბერში 2.6 ლარით არის გაზრდილი საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 170.5 ლარს შეადგენს.

როგორც ცნობილია, სტატისტიკის ეროვნული სამსახური საარსებო მინიმუმს მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ადგენს. მინიმალური სასურსათო კალათა კი შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას შეიცავს. საარსებო მინიმუმის სასურსათო კალათა შედგება 40 დასახელების პროდუქტისგან – პური, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული და საკონდიტრო ნაწარმი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system