თავში

როგორია სამხრეთ კავკასიაში სარკინიზგო მიმოსვლის სქემა

როგორია სამხრეთ კავკასიაში სარკინიზგო მიმოსვლის სქემა
როგორია სამხრეთ კავკასიაში სარკინიზგო მიმოსვლის სქემა

აზერბაიჯანის ეკონომიკური რეფორმების ანალიტიკური ცენტრის შეფასებით, სარკინიგზო ხაზის „ყარსი - გიუმრი - ნახიჩევანი - მეღრი - ბაქო“ გახსნა დაჯდება დაახლოებით 434 მილიონი დოლარი. გზა, წელიწადში 10 მილიონი ტონა ტვირთბრუნვით, მოგების მოტანას ამოქმედებიდან მე-13 წელს შეძლებს.

ამის შესახებ საქართველოს პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბის პრეზიდენტი, დავით გოჩავა, აზერბაიჯანულ მედიაზე დაყრდნობით აცხადებს. სარკინიგზო საკითხების ექსპერტი გვაწოდებს სქემას, სადაც აღნიშნულია სამხრეთ კავკასიაში კომინიკაციებისათვის ბლოკადის მოხსნის შემდეგ სარკინიგზო მიმოსვლის მარშრუტები. შავი ფერით აღნიშნულია მოქმედი სარკინიგზო ხაზები, წითელი ფერით - უმოქმედო, რომელიც აღდგენას ექვემდებარება. ეს უბნებია: გიუმრი (სომხეთი) - თურქეთის საზღვარი, ერასხი (სომხეთი) - შარური (აზერბაიჯანი), იჯევანი (სომხეთი) - ყაზახი (აზერბაიჯანი), უბანი ნახჭევანის ავტონომიური ოლქის დასავლეთ ნაწილიდან, მეღრის რაიონის (სომხეთი) გავლით, ჰორადიზამდე (აზერბაიჯანი).

დავით გოჩავას განმარტებით, წითლად მონიშნული უბნების უმეტესობა ან აშლილია, ან მიგდებული. ე.ი. რეგიონში სარკინიგზო მიმოსვლის სრულფასოვანი აღდგენისათვის აუცილებელია სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების ჩატარება, ხოლო ცალკეულ უბნებზე ლიანდაგის თავიდან დაგება. 

ირანმა 30-წლიანი უმოქმეობის შემდეგ მდინარე არაქსზე, ირანსა და აზერბაიჯანს შორის საზღვარზე, ხუდაფერინის კაშხალი ააგო, რასაც მოჰყვა დაახლოებით 15 კმ სიგრძის აყრილი სარკინიგზო ხაზის დატბორვა. ამან ამ ლოკაციაზე სერიოზულად შეიცვალა რელიეფი. იმისთვის, რომ აქ სარკინიგზო მიმოსვლა აღდგეს, აუცილებელია დერეფნის გაყვანა კლდეში, რაც უზომოდ ძვირი დაჯდება, მიუხედავად იმისა, რომ ამ რთული უბნის სიგრძე სულ რაღაც 8-9 კმ იქნება. 

რაც შეეხება, „იჯევანი - ყახაზის“ უბანს, დავით, გოჩავას თქმით, მისი გახსნა სომხეთს, აზერბაიჯანის გავლით, რუსეთის სარკინიგზო ქსელთან დააკავშირებს. ნახიჩევანის გავლით გამჭოლი მოძრაობა, ერთი მხრივ, ანკლავს აზერბაიჯანის ძირითად ნაწილთან დაკავშირებს და, მეორეს მხრივ, უზრუნველყოფს აზერბაიჯანის კიდევ ერთ კავშირს ირანთან, აგრეთვე უზრუნველყოფილი იქნება სომხეთის სარკინიგზო კავშირი ირანთან და უმოკლესი გზა ერევნიდან მეღრის რაიონამდე.  

რაც შეეხება, გიუმრის ხაზს, გოჩავა ამტკიცებს, რომ გიუმრის თურქეთის საზღვართან მაკავშირებელი სარკინიგზო ხაზის გახსნა არა მხოლოდ სომხეთსა და თურქეთს შორის, აგრეთვე სომხეთის გავლით აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის მიმოსვლას უზრუნველყოფს, არამედ ამიერკავკასიის ქვეყნებს რუსეთის და თურქეთის სარკინიგზო ქსელებთან დააკავშირებს. უფრო მეტიც, სომხეთში და აზერბაიჯანში სარკინიგზო ქსელების სრული აღდგენის შემთხვევაში შეიძლება მისი ინტეგრაცია დერეფანში „ჩრდილოეთი - სამხრეთი“ (ევროპა - რუსეთი - ირანი - ინდოეთი).

"ამიერკავკასიაში მოვლენათა განვითარების წინასწარმეტყველება, გაიხსნება თუ არა სარკინიგზო მიმოსვლა სრული მოცულობით და როდის, მოცემულ მომენტში საკმაოდ რთულია, ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად მხარეებს შორის აქამდე ხომ დიდი უნდობლობაა და წინააღმდეგობათა მთელი წყება," - ამბობს დავით გოჩავა.

ცოტა ხნის წინ ირანი და აზერბაიჯანი რკინიგზით სატვირთო გადაზიდვების ზრდაზე შეთანხმდნენ. შეთანხმება ითვალისწინებს რკინიგზით სატვირთო გადაზიდვების მოცულობის 2 მილიონ ტონამდე გაზრდას წელიწადში (2020 წელს გადაიზიდა 480 000 ტონა) და რკინიგზების განვითარების ხელშეწყობას, აგრეთვე სარკინიგზო სფეროში ცოდნის ერთმიანეთისთვის გაზიარებას. 

შეგახსენებთ, სპეციალისტები საქართველოსთვის რეეგიონისა და კონტინენტთაშორის მთავარი სატრანზიტო ფუნქციის შენარჩუნებას სასიცოცხლოდ აუცილებლად მიიჩნევენ. უფრო მეტიც, აბრეშუმის გზის პროექტში საქართველოს დეოკუპაციის შესაძლებლობასაც კი ხედავენ.

შეგახსენებთ, რეგიონის ლოგისტიკურ რუკაზე ახალი შტრიხები ჩნდება: 2020 წლის დეკემბერში ირანსა და ავღანეთს შორის გაიხსნა 140 კმ სიგრძის სარკინიგზო ხაზი "ხაფი - გურიანი". ეს არის 225 კმ-იანი უმნიშვნელოვანესი სარკინიგზო ხაზის „ხაფი - ჰერათი“ მონაკვეთი. ექსპერტების განმარტებით, სარკინიგზო ხაზი, რომელიც ავღანეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში განლაგებულ ქალაქ ჰერათს ირანის გავლით უკავშირებს სტამბულს ისე, რომ კავკასია საერთოდ გვერდით რჩება.

უნდა აღინიშნოს თურქეთ - სომხეთის (ყარსი - გიუმრი - ნახიჩევანი - ბაქოს) დერეფანიც, რომელიც, ტვირთნაკადების გადანაწილების თვალსაზრისით, რეგიონის ეკონომიკურ და ლოგისტიკურ რუკაზე ახალ რეალობას ქმნის, თუმცა, სპეციალისტების უმეტესობა დარწმუნებულია, რომ ახალი ლოგისტიკური მარშრუტები საქართველოს სატრანზიტო პოტენციალზე, მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს. მათი განმარტებით, ეს მარშრუტი მთაგორიანია, რაც მიმოსვლის დროს ზრდის, ტექნიკურ შესაძლებლობებს ართულებს. ეს კი საბოლოოდ ლოგისტიკის ტარიფს გაზრდის, რის გამოც ამ დერეფანს მის იაფ ალტერნატივასთან (BTK) კონკურენციის გაწევა გაუჭირდება.

ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასა და დანარჩენ აზერბაიჯანს შორის სახმელეთო გზის გახსნაზე აზერბაიჯანი დიდ იმედს ამყარებს. ამ სარკინიგზო დერეფნით ისარგებლებენ: თურქეთი, რუსეთი, სომხეთი და ირანი, ანუ აზერბაიჯანული მხარე ახალ სატრანსპორტო დერეფანში სომხეთის ჩართვას არ გამორიცხავს, თუმცა გარკვეული პირობით.

თურქეთ-აზერბაიჯანის სარკინიგზო გზის მშენებლობა ჯერ კიდევ 12 ნოემბერს დაანონსდა. თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის, ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის გავლით, სარკინიგზო პროექტს სახელიც შეურჩიეს და მას „თურქეთის კარიბჭე“ უწოდეს. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, "თურქეთის კარიბჭის" სარკინიგზო პროექტს თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის ნახჭევანის გავლით დიდი სტრატეგიული უპირატესობები ექნება. თურქეთი და აზერბაიჯანი ამტკიცებს, რომ „თურქეთის კარიბჭე“ ხელს შეუწყობს ცენტრალური აზიის თურქულენოვან ქვეყნებთან მტკიცე კავშირების დამყარებას, აგრეთვე მნიშვნელოვან სავაჭრო დერეფანს შექმნის ჩინეთთან. ორივე მხარის მტკიცებით, ეს პროექტი დიდ წვლილს შეიტანს ორმხრივ ვაჭრობასა და თურქეთისა და აზერბაიჯანის განვითარებაში, რაც უზრუნველყოფს ტრანსპორტირების ტარიფების შემცირებას.

ნახიჩევანის რკინიგზის მშენებლობას მაქსიმუმ 2 წელი დასჭირდება. პროექტის განსახორციელებლად პრაქტიკული სამუშაოების უახლოეს დღეებში დაიწყება. პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება უკვე მზადდება.

ბაქო-ნახიჩევან-თურქეთის რკინიგზის BTK- სთან ინტეგრაცია განიხილება. მას შემდეგ რაც ნახიჩევანის რკინიგზის მშენებლობა დაანონსდა, ექსპერტების ნაწილში გაჩნდა განცდა, რომ საქართველო აღმოჩნდებოდა რკინის აბრეშუმის გზის მიღმა, თუმცა ლოგისტიკის ექსპერტების ნაწილს სჯერა, რომ ჩვენს ქვეყანას იმდენად მომგებიანი გეოპოლიტიკური მდებარეობა აქვს, მისი კონკურენცია და სატრანზიტო ფუნქციის შესუსტება საფუძველს მოკლებულია.

იმისთვის, რომ საქართველო დარჩეს აბრეშუმის გზის რუკაზე ანგარიშგასაწევ მოთამაშედ, სპეციალისტების განმარტებით, უნდა შეიქმნას ერთობლივი საწარმო ყარსის რკინიგზაზე, რასაც ითვალისწინებს აზერბაიჯანთან დადებული ხელშეკრულება, რადგან მათი მტკიცებით, ეს არის სწორედ ის ადგილი, სადაც უნდა განხორციელდეს უცხოური ინვესტიციები. ასევე, ახალქალაქის რკინიგზის სადგური უნდა გახდეს საყრდენი პუნქტი, რომელიც უზრუნველყოფს ევროპული და რუსული სარკინიგზო სისტემების უმაღლეს დონეზე შეპირაპირებას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system