თავში

როგორია შეზღუდვების გავლენა ჩრდილოვან ეკონომიკაზე

როგორია შეზღუდვების გავლენა ჩრდილოვან ეკონომიკაზე
როგორია შეზღუდვების გავლენა ჩრდილოვან ეკონომიკაზე

სპეციალისტების ინფორმაციით, ნაწილობრივი ლოკდაუნის შემოღებამ, ზოგ შემთხვევაში, ბიზნესის დაკეტვამ, ჩრდილოვანი ეკონომიკა გააქტიურა და ამით ქვეყანა უფრო დაზარალდა. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის წარმომადგენლის, პაატა ბაირახტარის ინფორმაციით, ჩრდილოვანი ეკონომიკის ზუსტი მასშტაბის დადგენა ჯერჯერობით შეუძლებეია, თუმცა აშკარაა, რომ მისი მოცულობა შეზღუდვების ფონზე გაზრდილია.

,,აკრძალვები, სამწუხაროდ,  ჩრდილოვანი ეკონომიკის წახალისებას ემსახურება. ადამიანები ყოველთვის გამონახავენ რესურსს, რომ რაღაცნაირად იპოვონ გამოსავალი, ჩრდილში გადააქვთ საქმიანობა. ეს ეხება როგორც საქალაქთაშორისო გადაადგილებას, ასევე ცალკეული კომპანიების მიერ არალეგალურად გაწეულ მომსახურებას სხვადასხვა სეგმენტში, მათ შორის, სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესშიც. ტენდენცია აშკარაა და საბიუჯეტო დანაკარგებში ეს აუცილებლად გამოჩნდება. ვერ გეტყვით, დაახლოებით რამდენით შეიძლება გაზრდილიყო ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი, ამას სჭირდება გათვლა, ანალიზი, რის საფუძველზეც შეიძლება ვისაუბროთ. თუმცა ასეთი შეიძლება იყოს ყველა ბიზნესი, რომელსაც ოფიციალურად შეზღუდული აქვს საქმიანობა. რაღაც გამოსავალი ინერციით მოძებნა ხალხმა, ჯარიმებსაც არ უშინდებიან და საქმიანობის გაგრძელებას აკრძალვის პირობებშიც ახერხებენ. სავარაუდოდ, ადგილი აქვს სხვადასხვა ტიპის ჩრდილოვან გარიგებებს, რაც ეკონომიკას უდიდეს რისკს უქმნის. მთავრობას ბოლო პერიოდის განმავლობაში  ჩრდილოვანი ეკონომიკის შემცირებაზე ჰქონდა სწორება და საპირისპირო შედეგს იღებენ. ბიუჯეტი კი სარგებელს კარგავს და საბოლოოდ მოსახლეობის კეთილდღეობა კიდევ უფრო უარესდება", - აცხადებს ბაირახტარი.

შეგახსენებთ, რომ ფინანსისტი ეკონომიკის შეზღუდვის წინააღმდეგია და აცხადებს, რომ ნაწილობრივი ლოკდაუნის დაწესებით მთავრობამ ეკონომიკას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა.

ის, რომ ბიზნესი ჩრდილში გადადის, ამას შრომის ინსპექციის მიერ გამოვლენილი ფაქტებიც ადასტურებს. მათ შორის, ცნობილია, რომ 14-17 იანვარს აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისთვის 3 ობიექტი დაჯარიმდა.

როგორც შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 14-17 იანვრის მონაცემებით შემოწმდა 553 ობიექტი, რომელთაგან 485-ის მიმართ ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება განხორციელდა, ცნობიერების ამაღლების მიმართულებით მათ კიდევ ერთხელ მიეწოდათ იფნორმაცია რეგულაციებზე, 65 ობიექტი დეტალურად შემოწმდა პროტოკოლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისობის დადგენის მიზნით და ისინი სრულად აკმაყოფილებდნენ მოთხოვნებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system