თავში

როგორია თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარება მოზარდებში

როგორია თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარება მოზარდებში
როგორია თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარება მოზარდებში

ლისაბონში ალკოჰოლის და და სხვა ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების შემსწავლელი ევროპის სასკოლო კვლევის (ESPAD) 2019 წლის შედეგების წარდგინეს. კვლევა გამოქვეყნებულია ევროპის ნარკოტიკებისა და ნარკოდამოკიდებულების ევროპის მონიტორინგის ცენტრთან (EMCDDA) თანამშრომლობით და ეფუძნება ევროპის 35 ქვეყანაში, მათ შორის 25 ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, 2019 წელს ჩატარებულ კვლევებს.

ESPAD პროექტი ტარდება 1995 წლიდან და 2019 წელს ჩატარდა მონაცემების შეგროვების მეშვიდე ტალღა. 2019 წელს კვლევაში მონაწილეობა მიიღო 99 647-მა მოსწავლემ და შეავსო ანონიმური კითხვარი. 2019 წლის ESPAD-ის ანგარიშში მოცემულია ინფორმაცია სხვადასხვა ნივთიერებისადმი მოსწავლეების დამოკიდებულებისა და მოხმარების გამოცდილების შესახებ; მათ შორის: თამბაქო, ალკოჰოლი, არალეგალური ნარკოტიკი, ინჰალანტები, ფარმაცევტული პროდუქტები და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები (NPS). ასევე მოცემულია ინფორმაცია სოციალური მედიის, კომპიუტერული თამაშების და აზარტული თამაშების მოხმარების შესახებ.

ESPAD-ის კითხვარი მუდმივად განახლებადია და მას ემატება ახალი საკითხები, რათა მოხდეს ახალგაზრდებში ახლად აღმოცენებული სარისკო ქცევების ასახვა. თუმცა, შენარჩუნებულია ძირითადი შეკითხვების ნაკრები, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია დროში მიმდინარე ტრენდების იდენტიფიცირება. იმისათვის, რომ შესაძლებელი ყოფილიყო თანამედროვე მწეველობის ფორმის აღბეჭდვა, 2019 წელს ყველა მონაწილე ქვეყნისთვის პირველად დაემატა შეკითხვები ელექრონული სიგარეტის შესახებ. ასევე, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების, მარიხუანის სარისკო მოხმარების და სოციალური მედიის გამოყენებასა და კომპიუტერული თამაშების მოხმარებასთან დაკავშირებული თვითაღქმადი პრობლემების შესაფასებლად გამოყენებული იყო სპეციალური ინსტრუმენტები.

ESPAD-2019-ის ახალი შედეგებით: მოზარდებს შორის ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარება შემცირდა, თუმცა ყურადღება უნდა მიექცეს მარიხუანას სარისკო მოხმარებას და სხვა ადიქციურ ქცევებს.

კვლევა აჩვენებს, რომ 15-16 წლის ასაკის მოზარდებში თამბაქოს და ალკოჰოლის მოხმარების სიხშირე მცირდება, თუმცა მნიშვნელოვანია კანაბისის სარისკო მოხმარების და ახალი ადიქციური ქცევების მიერ წარმოქმნილი გამოწვევები. 

მოზარდებს შორის ალკოჰოლისა და სიგარეტის მოხმარების შემცირება და ელექტრონული სიგარეტის მოხმარების ახალი ასპექტები გამოიკვეთა:

ევროპის რეგიონში ალკოჰოლის მოხმარება მოზარდებს შორის ჯერ კიდევ მაღალია. მოსწავლეების სამი მეოთხედს (79%) ალკოჰოლი გაუსინჯავს სიცოცხლის განმავლობაში და თითქმის ნახევარს (47%) მიუღია ალკოჰოლი ბოლო ერთი თვის განმავლობაში (ამჟამინდელი მოხმარება). თუმცა, დინამიკაში ალკოჰოლის მოხმარებას კლებადი ტენდენცია აქვს; 2019 წელს ალკოჰოლის მოხმარების დონე უფრო დაბალია ვიდრე ეს იყო 2003 წელს როდესაც ორივე მაჩვენებელმა პიკს მიაღწია და შეადგინა 91% და 63%, შესაბამისად.

მძიმე ეპიზოდური სმის პრევალენტობა ყველაზე დაბალი იყო 2019 წელს (35%), ხოლო ყველაზე მაღალი 2007 წელს (43%). მონაცემების თანახმად, ალკოჰოლის ასეთი სახით მოხმარების პრევალენტობაში სქესთა შორის სხვაობა დროთა განმავლობაში მნიშვნელოვნად შემცირდა (ბიჭებში 36%; გოგონებში 34%). ახალგაზრდებში ალკოჰოლის მოხმარების შემცირების ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა ეროვნულ დონეზე ალკოჰოლთან დაკავშირებული რეგულაციები იყოს.

ასევე, დადებითი დინამიკაა მწეველობასთან მიმართებაში, რაც დაკავშირებულია ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში თამბაქოს პოლიტიკის ცვლილებასთან. ESPAD-ის თანახმად, 1995 და 2019 წლების განმავლობაში შემცირდა თამბაქოს მოხმარება სიცოცხლის განმავლობაში (68%-დან 42%-მდე); ამჟამინდელი მოხმარება (33%-დან 20%-მდე) და აჟამინდელი ყოველდღიური მოხმარება (20%-დან 10%-მდე). ახალი მონაცემების თანახმად მაღალია ელექტრონული სიგარეტის მოხმარების პრევალენტობა - სიცოცხლის განმავლობაში მოხმარება - 40% და ბოლო ერთი თვის განმავლობაში მოხმარება - 14%. ეს ქცევა უფრო ხშირია იმ ახალგაზრდებში, რომლებსაც არასოდეს მოუწევიათ ტრადიციული სიგარეტი, ვიდრე იმ ახალგაზრდებში, რომლებიც ხანდახან ან რეგულარულად მოიხმარენ თამბაქოს. ამ ეტაპზე კვლევა არ მოიცავდა ელექტრონული სიგარეტების შემადგენლობის დადგენას, თუმცა მაღალია ალბათობა, რომ ეს მოწყობილობები შეიცავენ ნიკოტინს და შესაბამისად, მოზარდებს შორის ნიკოტინის მოხმარება კვლავ იზრდება. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მხრივ პოტენციური საფრთხის გამო ეს საკითხი საჭიროებს დამატებით კვლევას.

არალეგალური ნარკოტიკების მოხმარება მცირდება, მაგრამ მნიშვნელოვანია მარიხუანის, რეცეპტით გამოწერილი მედიკამენტების და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარება

2019 წლის კვლევის თანახმად, საშუალოდ 6-დან ერთ მოსაწავლეს (17%) სიცოცხლის განმავლობაში ერთხელ მაინც გაუსინჯავს არალეგალური ნარკოტიკი. ეს მონაცემები მნიშვნელოვნად ვარირებს ქვეყნებს შორის (4.5%-დან 29%-მდე). 2011 წლის შემდეგ სიცოცხლის განმავლობაში არალეგალური ნარკოტიკების მოხმარების პრევალენტობა მცირედ შემცირებულია; თუმცა, ზოგადად სტაბილურად ერთი მაჩვენებელი აქვს ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში.

არალეგალურ ნარკოტიკებს შორის მარიხუანა რჩება ყველაზე ხშირად მოხმარებად ნივთიერებად. საშუალოდ, ახალგაზრდების 16%-ს (11% 1995 წელს) გაუსინჯავს მარიხუანა ერთხელ მაინც სიცოცხლის განმავლობაში, ხოლო 7.1%-ს (4.1% 1995 წელს) მოუხმარია ბოლო ერთი თვის განმავლობაში. 2011 წლის შემდეგ მარიხუანას სიცოცხლის განმავლობაში მოხმარება ძალიან ნელა მცირდება, თუმცა ბოლო ერთი თვის განმავლობაში მოხმარება სტაბილურია 2007 წლის შემდეგ. მარიხუანას მაღალი რისკის მოხმარება 2019 წელს პირველად შეფასდა და აჩვენა, რომ ამ კატეგორიაში ხვდება გამოკითხულთა 4% და მათ აქვთ პოტენციური რისკი, განუვითარდეთ მარიხუანასთან დაკავშირებული პრობლემები. პრევენციული პოლიტიკის შემიშავებისთვის მნიშვნელოვანია ამ ფენომენის ღრმად გაანალიზება და მასზე შემდგომი დაკვირვება.

ისევ პრობლემად რჩება რეცეპტით გამოწერილი მედიკამენტების არამიზნობრივი გამოყენება. მაგალითად, სიცოცხლის განმავლობაში გამოკითხულთა 6.6%-ს თრობის მიზნით გამოუყენებია ტრანკვილიზატორები ან სედაციური საშუალებები და 4%-ს კი ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები. დაახოლებით 3.4% აღნიშნავს ახალი ფსიქოაქტიური ნივთერებების მოხმარებას სიცოცხლის განმავლობაში. ეს მაჩვენებელი 2015 წელთან შედარებით (4%) მცირედ შემცირებულია; თუმცა, ამ ნივთიერებების მოხმარების დონე მაინც უფრო მაღალია ვიდრე ამფეტამინების, ექსტაზის, კოკაინის ან LSD მოხმარების მაჩვენებელი ცალ-ცალკე. NPS-ის თითქმის ყველა მომხმარებელი ასევე მოიხმარს სხვა ნივთიერებებსაც (ალკოჰოლი, მარიხუანა და სტიმულანტები). NPS-ს განმეორებით მოხმარების მაჩვენებელი და მრავალი ნივთერებების ერთდროულად მოხმარება საჭიროებს დეტალურ მონიტორინგს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system