თავში

რომან გოცირიძე: კორონა ღატაკ ქვეყანაში ორმაგად კლავს

რომან გოცირიძე: ​კორონა ღატაკ ქვეყანაში ორმაგად კლავს
რომან გოცირიძე: კორონა ღატაკ ქვეყანაში ორმაგად კლავს

”გინდ შიმშილს მოვუკლივარ და გინდ კორონას” დემაგოგიაა. ეს ლოზუნგი, ძირითადად, აუცილებელი შეზღუდვების დაწესების საწინააღმდეგოდ გამოიყენება. ამის შესახებ "ერთიანი ნაცმოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს. 

მისი განმარტებით, კორონა ღატაკ ქვეყანაში ორმაგად კლავს. 

"არის ისეთი მდგომარეობა, როცა ე.წ. ჩაკეტვის გარდა სხვა გამოსავალი არ არსებობს. ესეც, როგორც დროებითი ზომა და ჯანდაცვის სისტემის კოლაფსის თავიდან აცილების საშუალება. ახლა ამ ”დროებითმა ზომამ” უფრო ნათელი დროითი კონტურები შეიძინა-უკვე ვიცით, რომ ვაქცინა არსებობს და ჩვენს მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის, თუ რეალისტურად მივუდგებით, მასობრივად იგი ხელმისაწვდომი მომავალი წლის მეორე ნახევრიდან შეიძლება გახდეს. როგორმე უნდა გავუძლოთ-ასე დგას ახლა საკითხი, მივაღწიოთ ამ დრომდე რაც შეიძლება ნაკლები მსხვერპლით, მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის ნაკლები გაუარესებით და ეკონომიკისათვის ნაკლები ზიანის მიყენებით. ამაზე უნდა იყოს ორიენტირებული ქვეყნის რესურსები( ბიუჯეტი). ეს ურთულესია ამოცანაა, რომლის გადაჭრა მდიდარ ქვეყნებსაც კი ძალიან უჭირთ(არ შეუძლიათ), მით უმეტეს, ღარიბებს, რომლებიც ისევ მდიდარი ქვეყნების დახმარებაზე არიან დამოკიდებულები. ჩვენს მაგალითზე ეს იმას ნიშნავს, რომ ამ დახმარებების( ფულის) გარეშე არნახულ სიღატაკეში და გაჭირვებაში აღმოვჩნდებოდით. სხვა საკითხია, რამდენად სწორად იყენებს ხელისუფლება ამ დახმარებას,"  - განმარტავს გოცირიძე. 

მისივე თქმით, მიტაცებული ხელისუფლების საკითხი თავის მხრივ დამატებითი პრობლემაა, რომელიც კიდევ უფრო ამძიმებს ისედაც საგანგაშო ვითარებას და პოლიტიზებულს ხდის კორონავირუსთან ბრძოლას.

"რადგან გლობალური ვაქცინაციის წყალობით ვირუსის დამარცხების იმედები გაჩნდა, ახლა გადარჩენის მოკლევადიანი, (ექვსთვიანი) გეგმა გვჭირდება. ხელისუფლებისადმი ნდობა და მისი კომპეტენცია ასეთი გეგმის წარმატებით რეალიზების აუცილებელი პირობაა. უბედურება ისაა, რომ ამ ხელისუფლებას არც ერთი გააჩნია და არც მეორე. ასეთ ვითარებაში გვიწევს თავის გადარჩენა და მაგალითად, რესტორნების მუშაობის შეზღუდვა ლამის სიცოცხლეზე მაღალ პრიორიტეტად რომ გვაქვს გამოცხადებული, ცოტა არ იყოს უცნაურია," - წერს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი.

შეგახსენებთ, შეზღუდვების შესახებ გადაწყვეტილება დღეს გახდება ცნობილი.

მთავრობა ცდილობს "ლოკდაუნი" აირიდოს, თუმცა, ეპიდვითარების დამძიმების გამო შეზღუდვების გამკაცრებას გეგმავს და ამ საკითხზე ბიზნესთან სექტორალურად კონსულტაციებს გადის. 2 დღის წინ მთავრობის ეკონომიკური გუნდი სავაჭრო ცენტრების და მსხვილი ქსელური მაღაზიების წარმომადგენლებს შეხვდა. გადაწყვეტილება მიღებული არ იქნა, თუმცა მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ ეტაპზე, სრული “ლოქდაუნი” არ იგეგმება, თუმცა გაფართოვდება წერტილოვანი შეზღუდვები, რასთან დაკავშირებითაც სავაჭრო ცენტრებთან და მსხვილ ქსელურ მაღაზიებთან, ისევე როგორც ბიზნესსექტორის სხვა წარმომადგენლებთან შეხვედრები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.

სავაჭრო სფეროს ბიზნესი მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან შეხვედრის კმაყოფილია. ისინი აცნობიერებენ, რომ ეპიდვითარების გამოსასწორებლად სავაჭრო ცენტრებსა და ბაზრობებზე შეზღუდვები მოზომილად უნდა გამკაცრდეს.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობა ფართომასშტაბიანი სისტემური შეზღუდვების დაწესებას არ პირებს.

რაც შეეხება კომპენსაციებს, მთავრობა მოქალაქეებისა და ბიზნესის საკომპენსაციო პაკეტს ამზადებს. მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და კერძო სექტორის მხარდასაჭერ დამატებით ღონისძიებებზე პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკურ გუნდთან მორიგი სამუშაო შეხვედრა დღესაც გამართა.

საქართველოს მთავრობამ, ბიზნესისა და მოქალაქეებისთვის დახმარებების ახალ პაკეტზე მუშაობა ნოემბრის დასაწყისში დაიწყო. საუბარია ანტიკრიზისული გეგმის მე-4 ფაზაზე, რომლითაც გახარიას მთავრობა ბიზნესისა და მოქალაქეების დახმარებას გააგრძელებს.

ამ ეტაპზე ცნობილია მხოლოდ ის, რომ ანტიკრიზისული გეგმის მეოთხე ტალღის ფარგლებში, 1-ელი ნოემბრიდან კომუნალურ გადასახადებს მოქალაქეებს მთავრობა გადაუხდის 4 თვის მანძილზე. როგორც წინა ეტაპზე, ეს შეეხება თითოეულ ოჯახს, რომელსაც ექნება 200 კილოვატამდე მოხმარებული ელექტროენერგია, ასევე 200 კუბურ მეტრამდე გაზის მოხმარება, ასევე წყლისა და დასუფთავების ანაზღაურება.

ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურება შეეხება 1.2 მილიონზე მეტ ოჯახს, ამდენივეს წყლისა და დასუფთავების გადასახადიც აუნაზღაურდება; გაზის საფასურის ანაზღაურება შეეხება 650 ათას ოჯახს.

სურვილის შემთხვევაში, მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, დახმარებაზე უარი თქვას.

კომუნალური გადასახადების სუბსიდირების პროგრამის სავარაუდო ბიუჯეტი 300 მილიონ ლარამდეა. მხოლოდ 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში მოსახლეობისთვის კომუნალური გადასახადების სუბსიდირებისათვის 60 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system