თავში

რომელ სასტუმროებთან თანამშრომლებს მთავრობა კარანტინის პროექტით - VIDEO

რომელ სასტუმროებთან თანამშრომლებს მთავრობა კარანტინის პროექტით
რომელ სასტუმროებთან თანამშრომლებს მთავრობა კარანტინის პროექტით - VIDEO

სახელმწიფო მზად არის ყველა სასტუმროსთან, რომელიც აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, ითანამშრომლოს კარანტინის პროექტით. ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრიშვილმა განაცხადა. 

მისი ინფორმაციით, კარანტინის პროექტში ჩართული იყო 144-მდე სასტუმრო და დასაქმებული იყო 3300-ზე მეტი ადამიანი, 10 მარტიდან დღემდე კი კარანტინი გავლილი აქვს დაახლოებით 50 000-მდე ადამიანს.

„ხაზს გავუსვამდი, რომ არსებული 144 სასტუმროდან აბსოლუტური უმრავლესობა არის მცირე და საშუალო სასტუმროები. ეს მნიშვნელოვანია, რადგან განსაკუთრებით რეგიონებში, სასტუმროებს კვლავ სჭირდებათ დახმარება. კარანტინის პროექტს, თავისი შინაარსით, რა თქმა უნდა, უმთავრესი ღირებულება ჰქონდა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლა და ვირუსის გავრცელების პრევენცია, მაგრამ ამავდროულად, ძალიან ამაყები ვართ, რომ კერძო სექტორთან ძალიან აქტიური თანამშრომლობით შევძელით და ამდენი სასტუმრო და ამდენი ადამიანი არის დღემდე ჩართული. ეს პროექტი გრძელდება, ჩვენ ღია ვართ. დღესაც მიმდინარეობს ახალ სასტუმროებთან თანამშრომლობის დაწყების პროცესი. მოვუწოდებ ყველა სასტუმროს დედაქალაქში და რეგიონებში, რომელთაც დღეს შეიძლება სასტუმრო აქვთ დაკეტილი, სახელმწიფო მზად არის ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე კარანტინის პროექტით ითანამშრომლოს ყველა სასტუმროსთან, რომელიც აკმაყოფილებს იმ მინიმალურ კრიტერიუმებს, რომელიც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ვირუსის პრევენცია მოხდეს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ერთიანი თანამშრომლობით შევძლებთ დავასაქმოთ კიდევ უფრო მეტი ადამიანი“, - განაცხადა მარიამ ქვრიშვილმა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მსოფლიოში COVID-19-ის გავრცელების ფონზე, კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით, საქართველოს მთავრობამ საკარანტინო ზონების უპრეცედენტო პროექტის განხორციელება შეძლო. 4 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განთავსებული 143 სასტუმროს სპეციალურად გადამზადებული პერსონალი, კარანტინში მყოფ 48 696 ადამიანს საერთაშორისო სტანდარტების დაცვით მოემსახურა. საქართველოში COVID-19-ის გავრცელების პრევენციის ღონისძიებებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უმაღლესი შეფასება მისცა, ხოლო მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ საუკეთესო მაგალითად დაასახელა საქართველოს მიერ განხორციელებული საკარანტინო ზონების პროექტი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system