თავში

რომელ უწყებას რამდენი ერგება მომავალი წლის ბიუჯეტიდან

რომელ უწყებას რამდენი ერგება მომავალი წლის ბიუჯეტიდან
რომელ უწყებას რამდენი ერგება მომავალი წლის ბიუჯეტიდან

2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ქვეყნის სამინისტროების დაფინანსება ჯამში 12 მილიარდი ლარს უტოლდება, რაც 2020 წლის ბიუჯეტთან შედარებით 199 მილიონი ლარით ნაკლებია. სხვა სახელმწიფო უწყებების და სსიპ-ების დაფინანსებისთვის კი გათვალისწინებულია 716 მილიონი ლარი, რაც 2020 წლის ბიუჯეტთან შედარებით, 20 მილიონი ლარით მეტია. 

სახელმწიფო უწყებებისთვის გამოყოფილი დაფინანსების ზრდა-კლების დინამიკა ასეთია:

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებებისთვის გამოყოფილია 4.85 მილიარდი ლარი, რაც 2020 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით შემცირებულია 663.0 მლნ ლარით.

მოსახლეობის სოციალური დაცვისთვის 3.58 მილიარდი ლარია გათვალისწინებული, რაც 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში პანდემიასთან დაკავშირებულ ცვლილებების შეტანამდე არსებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია 454 მლნ ლარით. თანხა ასე გადანაწილდება: საპენსიო უზრუნველყოფისთვის მთავრობა 2.6 მილიარდი ლარს ითვალისწინებს (გაზრდილია 370.0 მლნ ლარით), რაც, მთავრობის განმარტებით, გამოწვეულია მათ შორის საპენსიო ასაკის მოსახლეობისათვის „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო პენსიის ზრდის ინდექსაციის წესის შემოღებით, ეკონომიკურ პარამეტრებზე დაყრდნობით. ცნობისთვის, წარმოდგენილი კანონის პროექტით 2021 წლის პირველი იანვრიდან გათვალისწინებულია 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსიის ზრდა 20 ლარით და განისაზღვრება 240 ლარით, ხოლო 70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონერებისთვის პენსია იზრდება 25 ლარით და განისაზღვრება 275 ლარის ოდენობით. მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფების სოციალური დახმარება მომავალი წლის ბიუჯეტს 807.6 მლნ ლარი დაუჯდება. ასიგნებაში გათვალისწინებულია მხოლოდ მოსახლეობისათვის კომუნალური გადასახადების სუბსიდირებისათვის 60.0 მლნ ლარი, რომელიც მიმდინარე წელს გაცხადებული ანტიკრიზისული გეგმის ის ნაწილია, რომლის ანაზღაურებაც მომდევნო წელს გადადის (შეღავათი 200 კვ-მდე მოხმარებულ ელექტროენერგიაზე 4 თვის მანძილზე 2020 წლის ნოემბრიდან). 760 მილიონი ლარით არის განსაზღვრული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მთავრობა გაისად 2.42 მილიარდი ლარს გამოუყოფს, რაც წინა წლის დამტკიცებულ ასიგნებასთან შედარებით გაზრდილია 615.0 მლნ ლარით. საბიუჯეტო სახსრების ნაწილში გათვალისწინებულია 1.311.1 მლნ ლარი (გაზრდილია 206.4 მლნ ლარით), გრანტებში გათვალისწინებულია 14.3 მლნ ლარამდე (გაზრდილია 4.6 მლნ ლარით), კრედიტებში გათვალისწინებულია 1 109.9 მლნ ლარი (გაზრდილია 404.0 მლნ ლარით). ძირითადი პროგრამების მიხედვით ასიგნებები განისაზღვრა შემდეგი ოდენობით: საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებები -1.65 მილიარდი ლარი; რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია - 252.9 მილიონი ლარი; წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაცია - 281.5 მილიონი ლარი.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მომავალი წლის ბიუჯეტი განისაზღვრა 1.38 მილიარდი ლარით, რაც 2020 წლის დამტკიცებულ ასიგნებას აღემატება 199.2 მლნ ლარით. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსება განისაზღვრა 880.0 მლნ ლარით, რაც 2020 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით გაზრდილია 92.0 მლნ ლარით. უმაღლესი განათლების მიმართულება დაფინანსდება 147 მილიონი ლარით.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მომავალი წლის ბიუჯეტი განისაზღვრა 415.8 მლნ ლარით, რაც 2020 წელთან შედარებით 50 მილიონი ლარით ნაკლებია. სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია: სურსათის უვნებლობა, მცენარეთა დაცვა და ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობა - 30.5 მლნ ლარი; მევენახეობა-მეღვინეობის განვითარება - 61.7 მლნ ლარი, მათ შორის რთველის ხელშეწყობისთვის 50,4 მლნ ლარი; ერთიანი აგროპროექტი - 159.0 მლნ ლარზე მეტი სამელიორაციო სისტემების მოდერნიზაცია - 89.0 მლნ ლარი (გაზრდილია 13.3 მლნ ლარით);

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის გათვალისწინებულია 356.5 მლნ ლარი, რაც 2020 წელთან შედარებით 466 მილონი ლარით ნაკლებია. მთავრობის განმარტებით, კლება ძირითადად “მეწარმოების განვითარების” მუხლს უკავშირდება, საიდანაც პროგრამა “აწარმოე საქართველოში” ფინანსდება. მიმდინარე წელს ამ მუხლით გამოყოფილი დაფინანსების მოცულობა 477 მილიონი ლარი იყო, 2021 წელს კი დაფინანსება 72 მილიონი ლარით განისაზღვრა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაფინანსება 81.0 მლნ ლარია, რაც იმდენივეა, რაც 2020 წელს იყო.უცვლელია საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსება და ის კვლავ 156 მილიონ ლარს შეადგენს.

იუსტიციის სამინისტროსთვის მთავრობა მომავალი წლის ბიუჯეტიდან გამოყოფს 251.0 მლნ ლარს, რაც 2020 წელთან შედარებით 26 მილიონი ლარით მეტია. აქედან მიწის რეგისტრაციის ხელშეწყობის მიზნით გათვალისწინებულია 30,0 მლნ ლარზე მეტი, პენიტენციური სისტემის მართვისთვის 161,0 მლნ ლარი, ხოლო იუსტიციის სახლის მომსახურებათა განვითარება და ხელმისაწვდომობის პროგრამის დაფინანსებისათვის - 16.5 მლნ ლარის ოდენობით.

თავდაცვის სამინისტროსთვის მთავრობას გათვლილი აქვს 900.0 მლნ ლარი, რაც 2020 წელთან შედარებით 95 მილიონი ლარით მეტია. აქედან 45 მილიონი ლარით იზრდება თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარების მიმართულების პროგრამა.

შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მთავრობას 790.0 მლნ ლარი აქვს გათვალიწინებული. უწყების მომავალი წლის ბიუჯეტი 30 მილიონი ლარით იზრდება;

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის მთავრობა გაისად გამოყო 137.5 მლნ ლარი. ბიუჯეტი 1 მილიონი ლარითაა გაზრდილი;

საქართველოს პროკურატურისთვის გათვალისწინებულია 41.4 მლნ ლარი. უწყების დაფინანსება, საგარეო საქმეთა და ფინანსთა სამინისტროს მსგავსად, უცვლელია.

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის 60.0 მლნ ლარიანი დაფინანსებაა გათვალიწინებული, რაც 2020 წელთან შედარებით 3 მილიონი ლარით მეტია.

სახალხო დამცველის აპარატისთვის გათვალისწინებულია 8.8 მილიონი ლარის დაფინანსება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system