თავში

რომელი პროდუქტები იაფდება

რომელი პროდუქტები იაფდება
რომელი პროდუქტები იაფდება

პირველადი მოხმარების პროდუქტებზე, როგორიცაა ზეთი და შაქარი, გაძვირების ტენდენცია გაჩერდა. მომდევნო პერიოდში ფასების კლების დინამიკა შესამჩნევი გახდება, რაც შაქარს უკვე დაეტყო. გასული კვირის დასაწყისში 1 კგ. შაქარი 2,40 ლარზე ნაკლებად თითქმის არ იყიდებოდა, თუმცა ფასი, ორიოდე დღეა, 2,15-2,30 ლარის ფარგლებში მერყეობს. ადგილობრივი პროდუქტიდან მცირედით გაიაფდა კარტოფილი და რძის ნაწარმი.

კომპანია ,,ალფას" დამფუძნებელი, იმპორტიორი გურამ ბროძელი report.ge-თან ამბობს, რომ ზეთის გაძვირების ტენდენცია არ გაგრძელდება და პროდუქტი გაიაფებას ძირითადად ახალი მოსავლის მიღების შემდეგ დაიწყებს.

,,როცა ახალი მოსავლის აღება და მარაგების მართვა დაიწყება, ზეთის ღირებულება დაიკლებს, ჯერჯერობით არსებული ფასები რჩება. გაძვირებას კი ნამდვილად არ ველით. თუმცა შაქარი მცირედით გაიაფდა საქართველოში, უცხოურ ბირჟებზე ჯერჯერობით კვლავ ძვირია წიწიბურა და ბრინჯი. კლების მიმართულებით ფასების ცვლილება, განსაკუთრებით სექტემბრიდან არის მოსალოდნელი", - ამბობს ბროძელი.

ეკონომიკის დოქტორი, ანალიტიკოსი ნიკა შენგელია მთელი რიგი პროდუქტების გაიაფებას ივნისიდან ელოდება, უფრო მეტად კი შემოდგომიდან. მართალია, FAO-ს ინდექსი გარკვეულ პროდუქტებზე შემცირდა, მაგრამ ადგილობრივ სავაჭრო ქსელებში ამ ცვლილებამ ასახვა ჯერჯერობით სათანადოდ ვერ ჰპოვა. ჯერჯერობით კი, როგორც შენგელია ამბობს, საცალო ქსელში შეინიშნება ფასების დაწევა საკონსერვო პროდუქციაზე, ძირითადად იმპორტულზე, რომლის ვადიანობაც ძირითადად მილევის რეჟიმშია.

,,რამდენიმე ფაქტორია, რაც ერთდროულად მოქმედებს ფასებზე. მიუხედავად ამისა, პირველადი მოხმარების პროდუქტს რეალიზაციის მხრივ საფრთხე ნაკლებად ელის, რამდენიც არ უნდა ღირდეს, გაიყიდება, მაგრამ ძვირადღირებული პროდუქტი კი საერთოდ შეიძლება გაქრეს დახლებიდან. რაც შეეხება პირველადი მოხმარების სურსათს, გლობალურ ბაზრებზე მცირდება ზეთისა და შაქრის ფასიც, მაგრამ მაღაზიებში, საცალო ქსელში გაიაფებას ჯერჯერობით ვერ ვატყობთ, ისევ და ისევ ლარის გაუფასურების გამოისობით. საცალო ქსელში გაიაფება ჯერჯერობით არ შეიმჩნევა, პროცესი ივნისიდან შეიძლება დაიწყოს, ჯერჯერობით საიმედო არაფერია. სავარაუდოდ, გაიაფდება ცხიმები, განსაკუთრებით პალმისა და ქოქოსის ზეთი, ასევე სოიო. გაიაფება უფრო სექტემბერ-ოქტომბრიდან დაიწყება, რაც ახალი მოსავლით იქნება განპირობებული. ჯერჯერობით კი საქართველოს მოსახლეობას ისევ ფასების ზრდასთან უწევს გამკლავება", - აცხადებს report.ge-თან ნიკა შენგელია.

აღსანიშნავია, რომ გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მონაცემებით, 2021 წლის მარტში, თებერვალთან შედარებით, შაქრის ფასები 4.0%-ით შემცირდა, ხოლო მარცვლეულის ფასებამა 1.8%-ით იკლო.

რძის პროდუქტების გაიაფების ტენდენცია ჯერ კიდევ თებერვლიდან იყო შესამჩნევი. 2021 წლის თებერვალში, იანვართან შედარებით, საქართველოში რძე და ყველი 2.7 პროცენტითაა გაიაფდა, თუმცა წლიურ ჭრილში ეს პროდუქტები 6.4 პროცენტითაა გაძვირებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system