თავში

რომელი სამრეწველო დარგებია კომერციულად მომგებიანი საქართველოში

რომელი სამრეწველო დარგებია კომერციულად მომგებიანი საქართველოში
რომელი სამრეწველო დარგებია კომერციულად მომგებიანი საქართველოში

17 სასაქონლო ჯგუფისა და 46 დარგის ანალიზის შედეგად გამოიკვეთა შემდეგი 5 პერსპექტიული დარგი და 2 ქვედარგი, რომლებსაც განვითარების, ადგილობრივ და საექსპორტო ბაზრებზე ზრდის პოტენციალი აქვს - ეს შედეგები ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) მიერ შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით პროექტის "ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან" (GeClose2EU) ფარგლებში ჩატარებულმა კვლევამ - "საქართველოდან ევროკავშირში მრეწველობის და მომსახურების ცალკეული პროდუქტების ექპორტირების პერსპექტივების შეფასება" გამოავლინა.

"აღნიშნული 46 დარგიდან, კვლევის შედეგად, გამოიკვეთა რამდენიმე (ხუთი) მეტად პერსპექტიული მიმართულება ბიზნესისთვის, რომელიც, სათანადო მხარდაჭერის შემთხვევაში, ექსპორტის პოტენციალს ავლენს, ესენია: 1. ტანსაცმლის წარმოება; 2. ფეხსაცმლის წარმოება; 3. ტყავისა და მასთან დაკავშირებული საქონლის წარმოება; 4. ხის და კორპის წაროება, ნაკეთობების წარმოება ჩაის და წნული მასალებისგან; 5. ავეჯის წარმოება", - ნათვამია EPRC-ის კვლევის შედეგებში.

კვლევითი ცენტრის კვლევით გამოიკვეთა, რომ ჩამოთვლილი დარგები – შესაბამისად ტექსტილთან, სოფლის მეურნეობასთან, ხე-ტყის დამუშავებასთან, ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის ინდუსტრიასთან ერთად ქმნიან კლასტერებს, რაც სამომავლოდ ყველა დარგის მეტ-ნაკლები განვითარების იმედს იძლევა. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრში მიაჩნიათ, რომ საქართველოში ამჟამად ეს კლასტერები ჩანასახოვან მდგომარეობაშია და სწორი განვითარებისაა სახარბიელო ეკონომიკური კონიუნქტურის პირობებში განვითარების კარგი პოტენციალი გააჩნიათ. 

"ტანსაცმლის ინდუსტრია ზოგადად მრეწველობასთან და დამამუშავებელ მრეწველობასთან შედარებით ბოლო დეკადის განმავლობაში ბევრად უფრო დამაიმედებელ დინამიკაშია. მართალია, ამ დარგის წილი მთლიანად მრეწველობაში მაღალი არ არის, მაგრამ ზრდის პოტენციალი იმდენად თვალშისაცემია, რომ მისი გამოყენება, ახალი ბაზრების გამონახვის შემთხვევაში, პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. ასევე ამ დარგს დასაქმების (განსაკუთრებით დაბალი განვითარების მქონე რეგიონებში) პოტენციალი აქვს," - განმარტებულია კვლევაში, ადცა ასევე საუბარია ხის დამამუშავებელი სფეროს პერსპექტივაზეც.

"ხის დამუშავების სფეროში საკმაოდ სწრაფად იზრდება ბრუნვაც და დამატებული ღირებულებაც.  ბრუნვის ზრდით იგი წინ უსწრებს დამამუშავებელ მრეწველობას და მრეწველობას მთლიანად. ამავე დროს, შედარებით ნელა იზრდება დამატებული ღირებულება, რაც მარჟების თანდათანობით შემცირებას მოასწავებს. საქსტატის მონაცემებით, ამ დარგში ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებია ფიქსირებული ინვესტიციები და მათ შორის, ფიქსირებული ინვესტიციები ერთ დასაქმებულზე, რაც მიანიშნებს, რომ დარგის განვითარებისათვის აუცილებელი არ არის დიდი ზომის ინვესტიციების მობილიზება. დარგისათვის ხელსაყრელია ის გარემოება, რომ 2014-2015 წლების მინი კრიზისის შემდეგ ევროკავშირის ბაზარი გამოცოცხლებას განიცდის და იმპორტი წლიურად საშუალოდ 10%-ზე მეტად იზრდება," - აღნიშნულია კვლევაში. 

აქვე ვკითხულობთ, რომ პერსპექტიულია საბავშვო ტანსაცმლისა და სათამაშოების წარმოება.

"აღნიშნული დარგებიდან შესაძლო დანახარჯისა და პოტენციალის ურთიერთმიმართებით პერსპექტიულ ქვედარგებად კვლევაში გამოყოფილია საბავშვო ტანსაცმლის წარმოება (ტანსაცმლის წარმოების ქვადარგი) და სათამაშოების წარმოება (უპირატესად ხის სათამაშოების, როგორც ხის ნაკეთობების ქვედარგის). ამ ქვედარგების შერჩევისას გათვალისწინებული იქნა წარმატებული ქეისების გამოცდილება (მათ შორის საკმაოდ დაბალი ბრუნვის მქონე კომპანიების მიერ ევროკავშირის ბაზარზე განხორციელებული ექსპორტის ფაქტები) და ის ფაქტორი, რომ ამ ქვედარგებში შედარებით მცირე დანახარჯებით შესაძლებელია მეტი ეფექტის მიღწევა.ამასთან, აღნიშნულ დარგებს აქვთ არა მხოლოდ ექსპორტის, არამედ მნიშვნელოვანი ზრდის პოტენციალიც შიდა ბაზარზეც," -განმარტავენ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მკვლევარები. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system