თავში

რომელი სექტორები გაიზარდა საქართველოში - რას აჩვენებს სტატისტიკა

რომელი სექტორები გაიზარდა საქართველოში - რას აჩვენებს სტატისტიკა
რომელი სექტორები გაიზარდა საქართველოში - რას აჩვენებს სტატისტიკა

"საქსტატის" წინასწარი მონაცემებით, სექტემბერში ეკონომიკურმა ზრდამ 5.2% შეადგინა. ამის შესახებ "საქსტატის" აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ამ მაჩვენებელთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. წინასწარი შეფასებით, 2019 წლის სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 5.2%–ით გაიზარდა, 9 თვის საშუალო მაჩვენებელი კი 5%–ია. სექტემბრის ეკონომიკურ ზრდაში შედარებით მაღალი წვლილი შეიტანა ისეთმა დარგებმა როგორიცაა: ტრანსპორტი, მშენებლობა, ვაჭრობა, სასტუმროები და რესტორნები, ასევე დამამუშავებელი დარგები.

"2019 წლის 9 თვეში საქონლის ექსპორტი 11.1%-ით გაიზარდა და დაახლოებით 2.7 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც შეეხება იმპორტის მაჩვენებელს, ეს შემცირებულია 3.3%-ით და 6.5 მლრდ დოლარის ფარგლებშია.ეკონომიკური ზრდის შეფასებისას გამოყენებულ დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა დაახლოებით 7.4 მლრდ ლარის ფარგლებში იყო და აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაახლოებით 16%-ით არის გაზრდილი", – განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.

მაჩვენებლები გააუმჯობესებულია მშენებლობის სექტორში. თოდრაძის განმარტებით, მშენებლობის დარგში ზრდის ტენდენცია განაპირობა სამშენებლო სამუშაოების გააქტიურებამ, როგორც საცხოვრებელი, ისე არასაცხოვრებელი მშენებლობის მიმართულებით, ასევე გზების ხიდების და ესტაკადების მიმართულებით. მისივე ინფორმაციით, მიმდინარე წლის 9 თვეში მშენებლობაზე გაცემული ნებართვების საერთო ფართობი დაახლოებით 24%-ით გაიზარდა, ასევე 32%-ით არის გაზრდილი ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების საერთო ფართობი. ტრანსპორტის სექტორში ზრდის გამომწვევ მიზეზებს შორის სახელდება ტვირთის სატრანსპორტო დამუშავება და მის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული საქმიანობის გააქტიურება. ვაჭრობის დარგში ზრდა საქსტატმა დააკავშირა 2019 წლის სექტემბერში საცალო ვაჭრობის მიმართულებით ძირითადად საკვები პროდუქტების ვაჭრობასთან, ასევე სასმელების და თამბაქოს ნაწარმის ვაჭრობასთან. რაც შეეხება საბითუმო ვაჭრობის მიმართულებას, გოგიტა თოდრაძის განმარტებით, საბითუმო ვაჭრობა ბუნებრივი აირით, მანქანებით და მოწყობილობებით, კორელაციაშია მშენებლობის დარგთან, ასევე – სამშენებლო მასალებით ვაჭრობის მოცულობის გაფართოვებაათან.

"თითქმის გაორმაგებულია – 96%-ით არის გაზრდილი ცემენტის და კლინკერის იმპორტის მაჩვენებელი. რაც შეეხება სასტუმროების და რესტორნების სექტორს, აღნიშნულ დარგში ბრუნვის მაღალი მაჩვენებელი პირდაპირ არის დაკავშირებული საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობის ზრდასთან, დაახლოებით 2.8%-ით გაიზარდა აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. რუსეთიდან დაახლოებით 21%-ით შემცირების ტენდენცია ფიქსირდება და დაახლოებით 38%-ით შემცირდა ვიზიტების რაოდენობა ირანიდან, თუმცა სომხეთიდან და თურქეთიდან დაახლოებით 8-8%-ით გაიზარდა ვიზიტორების რაოდენობა, ასევე აზერბაიჯანიდან – დაახლოებით 5%-ით, ხოლო ყაზახეთიდან დაახლოებით 71%-იანი ზრდა შეინიშნება, ასევე ისრაელიდან 31%-ით და უკრაინიდან 28%-ით. რაც შეეხება დამამუშავებელ მრეწველობას, ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო ქიმიური მრეწველობის დარგში შექმნილ შედარებით მაღალი მოცულობის დამატებით ღირებულებასთან, ამ მიმართულებით აღსანიშნავია ფარმაცევტული პროდუქციის წარმოების გაფართოვება და აზოტოვანი სასუქების გაფართოვება," - განაცხადა "საქსტატის" აღმასრულებელმა დირექტორმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system