თავში

რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი გაორმაგდა

რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი გაორმაგდა
რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი გაორმაგდა

ბოლო  9 თვეში ელეტროენერგიის იმპორტი რუსეთიდან გაორმაგებულია. ამის მიზეზად ენერგეტიკოსი გია არაბიძე აზერბაიჯანიდან დენის იმპორტის კლებას მიიჩნევს და არ გამორიცხავს, რომ ამ მხრივ გავლენა რეგიონში მიმდინარე კონფლიქტს მოეხდინა. გარდა ამისა, საქართველოდან ელექტროენერგიის მოხმარება და ექსპორტი შემცირდა. 

გია არაბიძე ვარაუდობს, რომ კლება შესაძლოა მეტი მაჩვენებლითაც ყოფილიყო, თუმცა იმის გამო, რომ აფხაზეთში მოხმარება გაზრდილია, ამან სიტუაცია საგრძნობლად შეცვალა.

,,ელექტროენერგიის გამომუშავება 7%-ით შემცირდა. ეს გარკვეულწილად განაპირობა იმან, რომ წყლის პრობლემის გამო ენგურის გამომუშავებამ იკლო.  აღსანიშნავია, რომ ზაფხულის მოხმარება უშუალოდ ტურიზმთან არის მიბმული, ხოლო რადგან დარგში პრობლემაა, მოხმარება ამ მიმართულებით ფაქტობრივად განულდა. დენის ექსპორტ-იმპორტი წელს გარკვეული თავისებურებითაც ხასიათდება. კერძოდ, აზერბაიჯანიდან შემოტანილი ელექტროენერგია 4%-ით შემცირდა, ხოლო რუსეთიდან იმპორტი 55%-ით გაიზარდა. ცხადია, ამ მხრივ ყარაბაღის კონფიქტმაც იქონია გავლენა. რუსეთის წილი გაზრდილია 450 მლნ კვტ/სთ -მდე, როცა ეს მაჩვენებელი 200 კვტ/სთ იყო", - განმარტავს არაბიძე.

რაც შეეხება აფხაზეთის მოხმარებას, ენერგეტიკოსის თქმით, 16%-ით არის გაზრდილი, როცა თბილისმა მოხმარება 10%-ით შეამცირა.

,,იმპორტთან დაკავშირებით მეტ კლებას ველოდი, მაგრამ აფხაზეთში მოხმარების მაჩვენებლები გაზრდილია, რამაც სტატისტიკა შეცვალა. მოხმარების თვალსაზრისით,  ფაქტობრივად, ნომბერ-დეკემბერი-იანვარი ყველაზე კრიტიკული მაჩვენებელია, მოგვიწევს იმპორტის გაზრდა, ტრადიციულად ასეა და ამ შემთხვევაშიც ველოდები, რომ ტენდენცია არ შეიცვლება. ნოემბრიდან დაწყებული იმპორტი გაიზრდება, იმის მიხედავად, ეკონომიკური სიტუაცია როგორი გვექნება. ჩვენ ენერგიის ყიდვა დაგვჭირდება. ცხადია, კლება ეკონომიკის სტაგნაციას ნიშნავს. მოსახლეობა თვის მოხმარებას მაინც ინარჩუნებს, ყოველ შმთხვევაში, 6 საათზე აანთებს შუქს, ეს სეგმენტი არ არის გადამწყვეტი, მოხმარება ეკონომიკის ხარჯზე მცირდება და ეს არის ცუდი, არ ჩანს, რომ დაზოგვის ხარჯზე ხდებოდეს კლება", - განმარტავს ენერგეტიკოსი. 

ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორის (ესკო) მონაცემით, 2020 წლის 9 თვეში ელექტროენერგიის იმპორტმა შეადგინა 926.86 მლნ კვტ/სთ, აქედან აზერბაიჯანის წილი 450.184 მლნ კვტ/სთია, როცა ეს მაჩვენებელი 2019 წელს 1101.975 მლნ კვტ/სთ-ს შეადგენდა. 

რაც შეეხება ექსპორტს, საქართველოდან დაექსპორტდა 152 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია, რაც 2019 წლის 9 თვის მონაცემთან შედარებით 36%-ით ნაკლებია.

2020 წლის 9 თვეში ქვეყანამ 6.4%-ით ნაკლები ელექტროენერგია მოიხმარა, ვიდრე 2019 წლის 9 თვეში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system