თავში

რუსული ინტერესი საქართველოს რკინიგზაზე? - სპეციალისტები განმარტებას ითხოვენ - Exclusive

რუსული ინტერესი საქართველოს რკინიგზაზე?
რუსული ინტერესი საქართველოს რკინიგზაზე? - სპეციალისტები განმარტებას ითხოვენ - Exclusive

"საქართველოს რკინიგზამ" უნდა განმარტოს, თუ რატომ გამოიტანა დსთ-ს სარკინიგზო ტრანსპორტის საბჭოს სხდომაზე ვაგონების კასეტურ საკისარებზე სავალდებულო გადაყვანის საკითხი, მაშინ როცა თვით რუსეთის მთავრობამ მოხსნა ის დღის წესრიგიდან" - ამის შესახებ ექსპერტი სარკინიგზო საკითხებში დავით გოჩავა აცხადებს. 

ექსპერტს არ უკვირს, რომ რუსეთს სურს, ეს მოწყობილობა შეცვალოს და ყველა სატვირთო ვაგონი მასზე გადაიყვანოს, რადგან გოჩავას განმარტებით, ის მხოლოდ რუსეთში მზადდება.

"ეს მოწყობილობა ხანგამძლეა, ექსპლუატაციაში ნაკლები უჯდება ვაგონების მფლობელს, მაგრამ ის მხოლოდ რუსეთში მზადდება. არც საწარმო, არც საამქრო და არც სპეციალისტები არც ჩვენ და არც ერთ სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყანას არ გვყავს. საინტერესო იქნება, თუ როგორ ახსნიან ისინი ამ საკითხის კვლავ გააქტიურებას და იმას, თუ რამ აიძულა „საქართველოს რკინიგზა“, თხოვნით მიემართა საბჭოსთვის, კასეტურ საკისარებზე ფორსირებული გადასვლის შესახებ პუნქტი შეეტანათ კომისიის შესაბამისი სამუშაო ჯგუფის სხდომის დღის წესრიგში," - ამბობს გოჩავა და იხსენებს ფოტოს, რომელიც რუსეთის ელექტრონულმა გაზეთებმა ინტერნეტით გაავრცელეს და რომელზეც რუსი ოლიგარქი და სახელმწიფო დუმის ყოფილი დეპუტატი ოლეგ სავჩენკო "ქართული შტადლერის" ფონზეა გადაღებული. 

დავით გოჩავა გვიხსნის, რომ სავჩენკო აკონტროლებს საკისარების მწარმოებელი კომპანიების ჯგუფს "Европейская подшипниковая корпорация", რომელიც ფლობს რუსეთის საკისარების ბაზრის 44 %-ს. 

"კომპანიასთან ირიბად დაკავშირებულია თურმე აბრამოვიჩიც, აგრეთვე РЖД-ს ხელმძღვანელი ოლეგ ბელოზეროვი. ჩემი მთავარი კითხვა ასეთია: იქნებ სავჩენკო მოელაპარაკა საქართველოს, ისე როგორც რუსეთის რკინიგზას? იქნებ "საქართველოს რკინიგზის" ინიციატივის უკან სავჩენკო დგას? "საქართველოს რკინიგზამ" აუცილებლად უნდა გასცეს ამ კითხვებს პასუხი," - აცხადებს გოჩავა.

შეგახსენებთ, დღეს მოსკოვში გაიმართება დსთ-ს სარკინიგზო ტრანსპორტის სავაგონო მეურნეობის კომისიის ვაგონების ექსპლუატაციის სფეროში სამუშაო ჯგუფის სხდომა.  „საქართველოს რკინიგზა“ გამოვიდა წინადადებით, აღსდგეს იდეა გორგოლაჭებიანი საკისარებიდან კასეტურ საკისარებზე სავალდებულო გადასვლის შესახებ 2021 წლიდან, როცა საქმე ეხება ვაგონების რემონტს. წინადადება ვრცელდება მხოლოდ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. სარკინიგზო ტრანსპორტის დამოუკიდებელი სპეციალისტი დათო გოჩავა აღნიშნავს, რომ „საქართველოს რკინიგზის“ ინფრასტრუქტურა გათვლილია სწორედ გორგოლაჭებიან საკისარებზე, ხოლო ვაგონების რემონტის საკითხში „საქართველოს რკინიგზა“ 100 %-ით დამოკიდებული გახდება რუსეთზე.

ცნობისთვის, გუშინ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა "საქართველოს რკინიგზის" პრივატიზაციის იდეა გააჟღერა. მოგვიანებით ეკონომიკის მინისტრმა განმარტა, რომ ივანე მაჭავარიანმა პრივატიზაციაში რესტრუქტურიზაცია იგულისხმა და მთავრობა რკინიგზის გაყიდვას არ აპირებს.

სპეციალისტების შეფასებით, "საქართველოს რკინიგზის" გაყიდვა, იმ ფორმით, რა ფორმითაც ის დღეს ოპერირებს, სახელმწიფოს პირდაპირი ღალატია. მათი თქმით, საქართველოს რკინიგზას სჭირდება რეფორმა, დეცენტრალიზაცია და გადაზიდვების კომპონენტში კერძო სექტორის თავისუფალი დაშვება. სპეციალისტების მტკიცებით, ამ ფორმით, საქართველოს რკინიგზის ნებისმიერი შემსყიდველი კომპანიის უკან აუცილებლად იქნება რუსეთის ინტერესები, რომელსაც სურს აკონტროლოს საქართველოსა და აზერბაიჯანის სატრანსპორტო დერეფანი და არ მოგვცეს დამოუკიდებლად განვითარების შესაძლებლობა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system