თავში

საარსებო მინიმუმის მიმართ კრიტიკა გრძელდება

საარსებო მინიმუმის მიმართ კრიტიკა გრძელდება
საარსებო მინიმუმის მიმართ კრიტიკა გრძელდება

საარსებო მინიმუმი გაიზარდა, თუმცა, ის კიდევ ერთხელ მოექცა კრიტიკის ქარცეცხლში, რადგან, როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, უმნიშვნელო ცვლილება ვერანაირ გავლენას ვერ ახდენს და ვერ უახლოვდება იმ დონეს, როგორიც სინამდვილეში უნდა იყოს. აკადემიკოს ავთო სილაგაძის შეფასებით, სანამ ძირეული ცვლილება არ მოხდება, საარსეობო მინიმუმი იქნება არაადეკვატური. 

,,საარსებო მინიმუმის ზრდა უმნიშვნელოა, მაგრამ ცხადია, ეს უკავშირდება სამომხმარებლო ფასების ზრდას. რეალობისგან იგი კვლავ შორსაა და ასე გაგრძელდება, სანამ დათვლის მეთოდოლოგია არ შეიცვლება. ტენდენცია მნიშვნელოვნად არ შეიცვლება, რადგან საქართველოში რეალური ინფლაციაც, სტატისტიკისგან განსხვავებულია. აქედან გამომდინარე, საარსებო მინიმუმის ზრდის ტენდენციაც არ გვექნება. წესით, ეკონომიკურ ზრდაზე უნდა იყოს მიბმული, მაგრამ ამ მხრივაც პრობლემაა. აქედან გამომდინარე, კიდევ დიდი ხნის განმავლობაში საარსებო მინიმუმი ვერ მიუახლოვდება იმ დონეს, სინამდვილეში როგორიც უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში, მნიშვნელოვნად არ მოიმატებს და არსებულ მოთხოვნებთან შედარებით, ისევ იქნება არაადეკვატური", - ამბობს სილაგაძე.

აკადემიკოსის შეფასებით, არასწორია ეროვნული ბანკის დამოკიდებულება, რომელიც ამბობს, რომ მხოლოდ ინფლაციაზეა პასუხისმგებელი, როცა ეროვნული ვალუტა მუდმივად უფასურდება.  

,,ინფლაცია უნდა კონტროლდებოდეს, მაგრამ ეროვნულ ბანკი კურსს უფრო კომპლექსურად უნდა მიუდგეს. საარსებო მინიმუმი უფრო მნიშვნელოვნად უნდა გაზრდილიყო, მინიმალურ პენსიას თუ გადასცდა, პენსიონერებიც ფაქტობრივად შიმშილის ზღვარზე აღმოჩნდებიან და მათი მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება", - დასძენს სილაგაძე.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის სექტემბერში, აგვისტოსთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა გაიზარდა. მაჩვენებელი 1 ლარითა და 70 თეთრით გაიზარდა და 184.0 ლარზე დაფიქსირდა.

აგვისტოსთან შედარებით, სექტემბერში 1.4 ლარით არის გაზრდილი საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 162.9 ლარს შეადგენს. 2 ლარითა და 80 თეთრით გაიზარდა საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი, რომელიც 308.6 ლარზე დაფიქსირდა.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system