თავში

საბაჟო-გამშვები პუნქტები დამატებითი თერმოსკრინინგის კამერებით აღიჭურვება

საბაჟო-გამშვები პუნქტები თერმოსკრინინგის კამერებით აღიჭურვება
საბაჟო-გამშვები პუნქტები დამატებითი თერმოსკრინინგის კამერებით აღიჭურვება

ყველა განცხადება იმის თაობაზე, რომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოუმზადებელი შეხვდა პროცესს, არის ტყუილი“, -  ასე გამოეხმაურა ფინანსთა სამინისტრო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობას“, რომლის ინფორმაციით, უწყებამ ეპიდემიოლოგებისთვის აღჭურვილობის შეძენის პროცესი გააჭიანურა.

უწყებამ ოპოზიციის ამ განცხადებას უპასუხისმგებლო და ვიწროპარტიული მიზნებისთვის სპეციალურად გავრცელებული დეზინფორმაცია უწოდა. 

"2020 წლის 26 თებერვლის #337 საქართველოს მთავრობის განკარგულებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავალებული აქვს შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისთვის/სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი დაწესებულებებისთვის, დამატებითი ფინანსური რესურსების საჭიროების შემთხვევაში (მათ შორის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან) სათანადო ასიგნებების გამოყოფა. ამასთან ერთად, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებთ, რომ ფინანსთა სამინისტრო, მათ შორის, განსაკუთრებით შემოსავლების სამსახურის მთელი სისტემა, აქტიურადაა ჩართული ახალი კორონავირუსის გავრცელების რისკების მინიმალიზაციის მიმართულებით მიმდინარე ღონისძიებებში. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ამ დროისთვის საბაჟო გამშვები პუნქტები (მათ შორის აეროპორტები/სახმელეთო გადასასვლელები/რკინიგზის სადგურები/საზღვაო პორტები) სრულადაა აღჭურვილი შესაბამისი სამედიცინო სახარჯი მასალებით, მათ შორის, სამედიცინო დოლბანდებით, ბახილებით, სამედიცინო ხსნარებით, კომბინიზონებით, სამედიცინო ხალათებით, ასევე, დისტანციური (უკონტაქტო) თერმომეტრებით," - ნათქვამია ფიონანსთა სამინისტროს განცხადებაში,სადაც ასევე აღნიშნულია, რომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრები და ექიმი ეპიდემიოლოგები დამცავი ნიღბებითა და შესაბამისი აღჭურვილობით, 24-საათიან რეჟიმში ახორცილებენ მგზავრთა ინდივიდუალურ მონიტორინგს.

"საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ აღნიშნული სამედიცინო ინვენტარის დღეს არსებული მარაგები არის სრულიად საკმარისი. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური სამედიცინო აღჭურვილობისა და ინვენტარის შესყიდვას, რომელზედაც დღეს მედიით გავრცელდა ინფორმაცია, ახორციელებს მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ არ ამოიწუროს არსებული მარაგები და არ შეფერხდეს კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მისი მართვის ღონისძიებები. ასევე აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მასშტაბით, სახმელეთო სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებსა და სამივე აეროპორტში, დამონტაჟდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საველე კარვები, სადაც მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან შემოსული მგზავრები თერმოსკრინინგისა თუ სხვა შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, მოსაცდელი დარბაზის ნაცვლად, ნახევრად თერმულ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის კარვებში განთავსდებიან,"  - აღნიშნულია განცხადებაში.

ფინანსთა სამინისტროს ინფოპორმაციით, დღეს დამატებით მოხდება 9 საბაჟო-გამშვები პუნქტის აღჭურვა თერმოსკრინინგის კამერებით.

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 90 932 შეადგინა, გარდაცვლილთა რიცხვი კი 3 119-ს აღწევს, გამოჯანმრთელებულია 48 163 პაციენტი.

ჩინეთში, საიდანაც ვირუსი გავრცელდა, ღამის განმავლობაში ინფიცირების 125 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 38 კი პაციენტი გარდაიცვალა.

ჩინეთის ფარგლებს გარეთ კი COVID-19 76 ქვეყანაშია დადასტურებული. დაავადების პირველი შემთხვევები გამოვლინდა ლატვიაში, პორტუგალიაში, იორდანიაში, საუდის არაბეთში, სენეგალსა და ტუნისში.

სამხრეთი კორეა, იტალია, ირანი და იაპონია - ეს ის ქვეყნებია, სადაც კორონავირუსის გავრცელების მხრივ ყველაზე შემაშფოთებელი ვითარებაა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ყურადღებას იმ ფაქტზე ამახვილებს, რომ გასული 24 საათის განმავლობაში ჩინეთის ფარგლებს გარეთ კორონავირუსის 9-ჯერ მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, ვიდრე თავად ჩინეთში. თუმცა ორგანიზაციაში იმასაც აცხადებენ, რომ სწორი ზომების მიღების შემთხვევაში დაავადებასთან გამკლავება შესაძლებელია.

ამასთან, COVID-19-ის ევროპაში გავრცელების მასშტაბის ზრდის ფონზე, რისკის „საშუალო“ დონე „მაღალით“ შეიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system