თავში

საბიუჯეტო დეფიციტი მშპ-ს 2,5%-დან 8,5%-მდე იზრდება

საბიუჯეტო დეფიციტი მშპ-ს 2,5%-დან 8,5%-მდე იზრდება
საბიუჯეტო დეფიციტი მშპ-ს 2,5%-დან 8,5%-მდე იზრდება

2020 წლის სახელმწიფო კორექტირებული ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ს 2,5%-დან 8,5%-მდე იზრდება.

როგორც დოკუმენტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, დეფიციტის ზრდა, პირდაპირ კავშირშია მთავრობის ვალის მოცულობის ზრდასთან. 

"არსებული პროგნოზის მიხედვით მიმდინარე წლის ბოლოსთვის ვალის მოცულობა მიუახლოვდება მშპ-ს 55%-ს. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან მოლაპარაკებების პროცესში განიხილებოდა ეკონომიკური ზრდის სხვადასხვა პროგნოზები და მიუხედავად იმისა, რომ საბაზისო სცენარად ჩამოყალიბდა რეალური ეკონომიკის შემცირება 4%-ის ოდენობით, თანხების მობილიზება განხორციელდა იმ მოცულობით, რომ რესურსების დეფიციტი არ შექმნილიყო არც პესიმისტური სცენარის განვითარების შემთხვევაში და არც პანდემიის გამო უფრო ხანგრძლივი ეკონომიკური შეზღუდვების შემთხვევაში. შედეგად მოვლენების მიმდინარე განვითარებიდან გამომდინარე ხდება ვალის აღება საბაზისო სცენარში ბიუჯეტის საჭიროზე მეტი ოდენობით,“ - აღნიშნულია 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათში.

2020 წელს მთავრობა საგარეო ვალს 6.1 მილიარდი ლარით, ხოლო საშინაო ვალს 1.8 მილიარდი ლარით ზრდის. ბიუჯეტის პროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, საშინაო ვალის ზრდა - 1 850,0 მლნ ლარია, მათ შორის 600,0 მლნ ლარი კომერციული ბანკების გრძელვადიანი ლარის ლიკვიდურობის მიზნით გამოშვებული და ბანკების სადეპოზიტო სერთიფიკატებში განთავსებული თანხაა. ხოლო საგარეო ვალის ზრდა საერთაშორისო პარტნიორებიდან დამატებით მოზიდული თანხების ჩათვლით, 6 187,6 მლნ ლარს შეადგენს.

დოკუმენტის თანახმად, აუცილებელია მომდევნო წლებში მთავრობის ვალის ეტაპობრივი შემცირება და მაქსიმალურად მოკლე ვადებში კრიზისამდე არსებულ პარამეტრზე დაბრუნება. მომდევნო წლებში საბიუჯეტო დეფიციტის კონტროლის და მისი შემცირების ხარჯზე ყოველწლიურად გაგრძელდება ვალის მოცულობის შემცირება.

„საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონის პროექტი საკანონმდებლო ორგანოში დღეს დარეგისტრირდა და მის განხილვას კანონდებლები ხვალიდან შეუდგებიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system