თავში

სად დააბანდებს მთავრობა ხალხის საპენსიო დანაზოგებს

სად დააბანდებს მთავრობა ხალხის საპენსიო დანაზოგებს
სად დააბანდებს მთავრობა ხალხის საპენსიო დანაზოგებს

საპენსიო სააგენტოს უფლებამოსილება ექნება, საპენსიო აქტივების ინვესტირება განახორციელოს სპეციალიზებული დეპოზიტარის, მასთან აფილირებული პირის მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდებში, ან ქონებაში საერთო წესების საფუძველზე. შესაბამისი ცვლილებები „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა.

აკრძალულია საპენსიო აქტივების ინვესტირება საპენსიო სააგენტოსათვის მომსახურების გამწევი სპეციალიზებული დეპოზიტარის, მასთან აფილირებული პირის მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდებში ან მათ ქონებაში. აღმასრულებელი ხელისუფლების ცნობით, კანონის მოქმედი რედაქციით, საპენსიო სააგენტო საპენსიო სქემის სახელით ვერ შეიძენს ობლიგაციებს ან აქციებს, თუკი ამ ობლიგაციების ან აქციების ემიტენტი სპეციალიზებული დეპოზიტარი ან მასთან აფილირებული პირია. აგრეთვე, საპენსიო სააგენტო ვერ შეიძენს ფასიან ქაღალდებს ვერც იმ შემთხვევაში, როდესაც მათი მფლობელი სპეციალიზებული დეპოზიტარი ან მასთან აფილირებული პირია, იმის მიუხედავად, თუ ვინ არის აღნიშნული ფასიანი ქაღალდების ემიტენტი. საქართველოს მთავრობის განმარტებით, კანონპროექტის საფუძველზე სწორედ აღნიშნული აკრძალვები გაუქმდება.

ცვლილება ეხება იმ მუხლსაც, რომლითაც ამჟამად აკრძალულია საპენსიო აქტივების გასხვისება საპენსიო სააგენტოსათვის მომსახურების გამწევ სპეციალიზებულ დეპოზიტარზე ან მასთან აფილირებულ პირზე. მთავრობის ცნობით, აღნიშნული ნორმების საფუძველზე, საპენსიო სააგენტოს არ შეუძლია, საპენსიო სქემის სახელით განხორციელებული ინვესტიციის ამოღების მიზნით, გაასხვისოს შეძენილი ობლიგაცია ან აქცია სპეციალიზებულ დეპოზიტარზე ან მასთან აფილირებულ პირზე და ამ გზით დახუროს საინვესტიციო პოზიცია. 

ცვლილებების თანახმად, სპეციალიზებულ დეპოზიტარს აეკრძალება, განახორციელოს დაგროვებით საპენსიო სქემასთან, საპენსიო სააგენტოსთან ან აქტივების მმართველ კომპანიასთან დაკავშირებით იმგვარი საქმიანობა, რომელმაც შეიძლება, წარმოქმნას ინტერესთა კონფლიქტი დაგროვებით საპენსიო სქემას, საპენსიო სააგენტოს, აქტივების მმართველ კომპანიასა და თავად სპეციალიზებულ დეპოზიტარს შორის. ეს წესი არ გავრცელდება, თუკი სპეციალიზებულ დეპოზიტარს ფუნქციურად და იერარქიულად აქვს გამიჯნული დეპოზიტარული მომსახურების გაწევის ფუნქცია პოტენციურად კონფლიქტის წარმომშობი სხვა საქმიანობისგან და ინტერესთა კონფლიქტი სათანადოდ არის იდენტიფიცირებული, მართული და გამჟღავნებული.

აღნიშნული ცვლილებების ინიცირება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მოხდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system