თავში

სად მიდის ლიფტით მგზავრობისთვის გადახდილი თანხა - Exclusive

სად მიდის ლიფტით მგზავრობისთვის გადახდილი თანხა
სად მიდის ლიფტით მგზავრობისთვის გადახდილი თანხა - Exclusive

მას შემდეგ რაც თბილისში მშენებლობის ბუმი დაიწყო, მრავალსართულიან სახლებში ლიფტების დამონტაჟება გახდა საჭირო. დედაქალაქის ძველ კორპუსებსი ლიფტების პრობლემა ისედაც მწვავედ იდგა და, როგორც Report.ge-ს ადგილობრივები ეუბნებიან, საკითხი მოგვარებული არც ახალ შენობებშია. ინჟინერთა უმეტესობა ამბობს, რომ თბილისში ლიფტების უმეტესობა კომფორტის ელემენტარული მოთხოვნის გარდა, ვერ აკმაყოფილებს უსაფრთხოების მოთხოვნებსაც, ანუ ლიფტით მგზავრობა არაკომფორტული და საფრთხის შემცველია.

"სი ეი ინთერნეიშენალის" დირექტორის სანდრო შელიას განცხადებით, თბილისში ხურდაზე მომუშავე 17 000 ლიფტი ფუნქციონირებს. თითოეულ ლიფტში განთავსებულ რკინის ყუთში თვეში დაახლოებით, 300 ლარის მონეტები იყრება. წლის განმავლობაში დაგროვილი თანხის მოცულობა კი დაახლოებით, 61 200 000 ლარს აჭარბებს. აღნიშნული თანხები გადასახადის სახით არ დეკლარირდება და არ კონტროლდება, რამდენად ხმარდება მოსახლეობის მიერ გადახდილი გადასახადი ლიფტის გამართულად მუშაობას. მისივე თქმით, არ არსებობს კონკრეტული სამსახური, რომელიც ლიფტების ექსპლუატაციის ვადებსა და მის გამართულობას შეამოწმებს.

„სი ეი ინთერნეიშენალის“ დირექტორის სანდრო შელიას განმარტებით, კანონმდებლობის მიხედვით, ლიფტზე პასუხისმგებელია მისი მფლობელი, რომელიც საცხოვრებელი კორპუსების შემთხვევაში არის ამხანაგობა.

„თანხების აკრეფის პროცესის მოდერნიზაცია და ტექნოლოგიების გამოყენება ყოველთვის არის საჭირო იმისთვის, რომ მეტი გამჭვირვალობა იყოს და ჩანდეს, რომ ეს თანხები მართლაც მიზნობრივად იხარჯება. ეს ამხანაგობის თანხებია და მათ აქვთ სრული უფლება, იცოდნენ, როგორ იხარჯება ის. ძალიან ბევრ შემთხვევაში, როცა უბედური შემთხვევა ხდება, საბოლოო ჯამში, გამოძიებას მივყავართ იმ დასკვნამდე, რომ ყველაზე დიდი როლი ამაში ითამაშა არა ტექნიკურმა გაუმართაობამ. უფრო მეტიც, ხშირია შემთხევევები, რომ ადამიანი, რომელიც ლიფტს ემსახურება, არ არის კვალიფიციური“, - განმარტა სანდრო შელიამ.

მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განმარტებით, ექსპლუატაციაში შესული კორპუსის მობინადრეებს ეხებათ ყველაფერი, რაც მათ საცხოვრებელში ხდება და არა თბილისის მერიას. თუ ლიფტი არ მუშაობს, ამხანაგობის თავმჯდომარემ უნდა დარეკოს დაზიანების ბიუროში, საიდანაც აგზავნიან მექანიკოსებს. როგორც მერიაში გვითხრეს, ლიფტების უსაფრთხოებას დედაქალაქში ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ტექნიკური და სამშენებლო უსაფრთხოების სააგენტოც და ერძო აკრედიტებული მაკ­ო­ნტროლებელი ორგანოებიც ამოწმებენ. როგორც ეკონომიკის სამინისტროში Report.ge-ს განუცხადეს, ზედამხე­დველობის სამსახური, მერიის მსგავსად, ამოწმებს იმ ობიექტებს, რომლებზეც შეტყობინება შემოდის, რომ არსებობს საფრთხე, ან მოხდა უბედური­ შემთხვევა. ლიფტით მგზავრობისას მოქალაქეების მიერ შეგროვებული თანხის კონტროლი, ამ სამსახურის იურისდიქციაში არ შედის.

გამოდის, რომ ლიფტებში აკუმულირებული არც თუ  ისე მცირე თანხის მონიტორინგი არც ერთი ორგანოს მიერ არ ტარდება. სანამ ვარკვევთ, სად მიდის და რას ხმარდება ეს ფული, თბილისის მცხოვრებლების ნაწილი ყოველდღიურად მოძველებული, საფრთხის შემცველი და გაუმართავი ლიფტებით მგზავრობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system