თავში

სად მიდის ვადაგასული საკვები

სად მიდის ვადაგასული საკვები
სად მიდის ვადაგასული საკვები

სპეციალისტები აცხადებენ, რომ მაღაზიებიდად და კვების სხვა ობიექტებიდან სურსათი ნაგავსაყრელზე მიდის. მომხმარებელთა უფლებადამცველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ამირან შენგელია აღნიშნავს, რომ ამ მხრივ სარესტორნო ბიზნესი ერთადერთი სფეროა, სადაც სიტუაცია მეტნაკლებად მოგვარებულია.

,,მთავარია, რომ ვადაგსულ პროდუქტს შეფუთული სახე არ მიეცეს. უფრო მეტად მაღაზიებს და კვების სხვა ობიექტებს აქვთ ეს პრობლემა, რესტორნები ძირითადად უდანაკარგოდ მუშაობენ. მორჩენილ საკვებს თანამშრომლებს ურიგებენ ან ძაღლებს აპურებენ, ზოგ შემთხვევაში კი, ფერმებს ამარაგებენ. ამ მხრივ ბაზრებში არის მძიმე სიტუაცია, განსაკუთრებით ხორცთან დაკავშირებით. ვადაგასული ხორცი ბაზრიდან არც კი უნდა გავიდეს, ადგილზეა გასანადგურებელი. მაღაზიებს ამ პრობლემასთან გამკლავება უჭირთ იმის გამო, რომ ვადაგასული პროდუქტის აღმოჩენის გამო ჯარიმდებიან და იძულებული არიან, ასეთი საკვები გადაყარონ. კარგი იქნება, შემუშავდეს ისეთი მექანიზმი, რომელიც კომპანიას საშუალებას მისცემს დარჩენილი პროდუქტი ადამიანებს დაურიგდეს, ჯერჯერობით ეს რეგულაციების გამო ვერ ხერხდება", - განუცხადა შენგელიამ report.ge-ს.

სარესტორნო ბიზნესში report.ge-ს განუცხადეს, რომ ნარჩენის მხრივ არსებული პრობლემა ბოლო პერიოდში მოგვარდა და მორჩენილ პროდუქტს მომსახურე პერსონალს ურიგებენ ან ფერმებში მიაქვთ, ზოგიც ქველმოქმედებას ეწევა.

,,ჩვენი საკვები ნაგავსაყრელზე არ ხვდება. რამდენიმე წელია, მორჩენილი სურსათით ღორების ფერმას ვამარაგებთ. როგორც წესი, მომხმარებლებს თავიანთი სუფრიდან მორჩენილი პროდუქტი თვითონვე მიაქვთ. საბედნიეროდ, ჩვენთან არ გვაქვს ნარჩენის მართვის პრობლემა, კარგია, თუ მენეჯმენტის წარმომადგენლები ამ საკითხზე სათანადოდ იზრუნებენ. თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია, კომპანიას საშუალება ჰქონდეს, დარჩენილი პროდუქტი ისე დარიგდეს, რომ არ დაიბეგროს", - ამბობს რესტორან ,,კალანდას" დირექტორი კოტე შარაშიძე. 

 სურსათის უვნებლობის სამსახურის ცნობით, თუ სურსათი ვადაგასულად ითვლება, ის უნდა განადგურდეს.

„ჩვენ თუ ასეთ ფაქტს შევესწარით, სააგენტო აჯარიმებს საზოგადოებრივი კვების ობიექტი იქნება თუ სარეალიზაციო. ცხადია, ყველას შეუძლია მორჩენილი საკვები ძაღლს აჭამოს, ზოოპარკში წაიღოს, მაგრამ როგორც ვიცით, ამასაც ცალკე ლაბორატორიული კვლევები სჭირდება და საბოლოოდ ლოჯისტიკაა დასალაგებელი“, – აცხადებენ სააგენტოში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system