თავში

სადაზღვევო ინდუსტრია სტატისტიკის მიღმა

სადაზღვევო ინდუსტრია სტატისტიკის მიღმა
სადაზღვევო ინდუსტრია სტატისტიკის მიღმა

სადაზღვევო ასოციაციის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილი სტატისტიკის ეროვნული სამსახურის" კვლევის შედეგს ეხმაურება. როგორც ის report.ge-თან აცხადებს, 9-თვიანი მონაცემი არ იძლევა ზუსტ სურათს და ვერ ასახავს რეალობას, რომელიც სადაზღვევო ინდუსტრიაში ეპიდემიით გამოწვეულ პრობლემას უკავშირდება. ხეჩინაშვილის შეფასებით, საქართველოში სადაზღვევო ინდუსტრიას იმაზე მეტად უჭირს, ვიდრე სტატისტიკურ ციფრებში ჩანს. მისივე ინფორმაციით, 6 კომპანია რეაურად წაგებაშია, რადგან კაპიტალის ბრუნვა მინუსებშია გადასული.

 ,,9 თვის მონაცემის დაანგარიშება რეალურ სურათს არ იძლევა. როგორც წესი, მოგება ჯამდება წლიურ ჭრილში, ამიტომ არსებული მონაცემი შიძლება ბოლოს მკვეთრად შეიცვალოს. თუმცა, მოგება რომც იყოს, 18 კომპანიისთვის 44 მილიონი ლარი, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოა. ამასთან, გასარკვევია ვინ მოიგო და ვინ წააგო. არსებული სტატისტიკის მიუხედავად, სადაზღვევო ბიზნესი რეალურად მძიმე მდგომარეობაშია, რადგან ძალიან მცირეა მარჟები, წლის პირველ კვარტალში დიდი ზრდა იყო, 20-25%-ის ფარგლებში, მაგრამ მეორე კვარტლიდან სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. ტურიზმს თუ შევადარებთ, სადაზღვევო ინდუსტრია საკმაოდ ჯანსაღად შეიძლება გამოიყურებოდეს, მაგრამ ეს მხოლოდ შედარებითია, რეალურად სექტორს ძალიან უჭირს. ჩვენი შეფასებით, საკმაოდ რთულ წელს გავდივართ ისე, რომ ინდუსტრია არ არის სერიოზულ მინუსებში, თუმცა ეს არ არის ყველა სადაზღვევო კომპანიის საქმიანობის შედეგი, რადგან სინამდვილეში 6 კომპანია დიდ ზარალშია. თუმცა, სტრუქტურიდან გამომდინარე და იმის გამოც, რომ კორპორატიული სეგმენტი ჯერჯერობით მყარადაა, ასევე სახელმწიფო ორგანიზაციების დაზღვევის წილი არ შეცვლილა, დარგი სიცოცხლისუნარიანობას ინარჩუნებს. ეკონომიკური დაცემა, რომელიც მიმდინარეობს, სადაზღვევო ბიზნესზე აუცილებლად აისახება, მაგრამ ციფრებში იგი 2021 წლის პირველ კვარტალში აღმოჩნდება", - აცხადებს დევი ხეჩინაშვილი.

მისი ინფორმაციით, სადაზღვევო ინდუსტრიაში ჩატარდა სექტორში არსებული ვითარების სრული ანალიზი, რომელიც მომავალ კვირას გამოქვეყნდება და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებულ მონაცემებში მეტ სიცხადეს შეიტანს.

ცნობისთვის, სადაზღვევო ინდუსტრიამ 9 თვეში 44 მლნ-იანი წმინდა მოგება მიიღო. მონაცემი წლიურ ჭრილში 31%-ითაა გაზრდილი.  სტატისტიკა აჩვენებს, რომ კომპანიებმა საანგარიშო პერიოდში 513,4 მლნ ლარის პრემია მოიზიდეს, ზრდა წლიურ ჭრილში 6,5%-ია.  აღნიშნულ პერიოდში სადაზღვევო კომპანიების ჯამური აქტივები 976,9 მლნ ლარია, კაპიტალი 282,7 მლნ ლარია.

ამ დროისთვის ბაზარზე 18 სადაზღვევო კომპანიაა წარმოდგენილი, მათგან ერთი გარდა, ყველა ფლობს სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.

2020 წლის 9 თვის მონაცემებით, მოზიდული სადაზღვევო პრემიით ბაზარზე „ჯიპიაი ჰოლდინგი“ (104.44 მლნ. ლარი) ლიდერობს, მას მოსდევს “ალდაგი“ (78.59 მლნ.ლარი), „თიბისი“ (66.19 მლნ. ლარი),„იმედი L“ (57.56 მლნ. ლარი).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system